ავტორი:

"ეს საშინელი ირონიაა, ძვლებში ვიგრძენი რა შეიძლებოდა მომხდარიყო... კომპანიას დიდი ხანია აფრთხილებდნენ" - "ტიტანიკის" რეჟისორი ჯეიმს კამერონი "ტიტანის" შესახებ

"ეს საშინელი ირონიაა, ძვლებში ვიგრძენი რა შეიძლებოდა მომხდარიყო... კომპანიას დიდი ხანია აფრთხილებდნენ" - "ტიტანიკის" რეჟისორი ჯეიმს კამერონი "ტიტანის" შესახებ

აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურმა 22 ივნისს დაადასტურა, რომ წყალქვეშა ნავმა "ტიტანმა" კატასტროფა განიცადა და ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა. ადმირალ ჯონ მაუგერის განცხადებით, შესაძლოა, ცხედრები ვერ იპოვონ, რადგან ოკეანეში, კატასტროფის ადგილას, "წარმოუდგენლად მკაცრი გარემოა".

ბრიფინგისას აშშ-ის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საძიებო არეალში “ტიტანის” ხუთი ნაწილი აღმოაჩინეს და ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, თუ როდის მოხდა აფეთქება. მათი თქმით, ჯერ კიდევ ბევრი კითხვა არსებობს იმაზე, თუ როგორ, რატომ და როდის მოხდა ეს კატასტროფა.

მედია ამ თემაზე კინორეჟისორ ჯეიმს კამერონის კომენტარით დაინტერესდა (კამერონმა 1997 წელს ლეგენდარული ფილმი "ტიტანიკი" გადაიღო).

როგორც რეჟისორმა BBC-სთან თქვა, როცა შეიტყო, რომ ნავმა ნავიგაციაც და კომუნიკაციაც ერთდროულად დაკარგა, მაშინვე ეჭვი გაუჩნდა, რომ კატასტროფა მოხდა.

"ძვლებში ვიგრძენი, რაც მოხდა. მისი ელექტრონიკის და კომუნიკაციის მწყობრიდან გამოსვლის და GPS-ის სისტემის ჩავარდნის შემდეგ, წყალქვეშა ნავი გაქრა. ეგრევე ტელეფონი ავიღე და ზოგიერთ ჩემს ნაცნობს დავურეკე, ისეთებს, ვინც წყალქვეშა ნავების საკითხში გარკვეულია.

დაახლოებით ერთ საათში შემდეგი ფაქტები გავიგე: ისინი სიღრმეში ეშვებოდნენ, 3800 მეტრის სიღრმის ფსკერზე. კომუნიკაცია და ნავიგაცია, რაიმე კატასტროფა რომ არ მომხდარიყო, ისე არ დაიკარგებოდა. პირველი, რაც გავიფიქრე, აფეთქება იყო", - ამბობს კამერონი.

რეჟისორმა ასევე თქვა, რომ საშინელი ირონიაა "ტიტანის" და მისი ეკიპაჟის ასეთი განადგურება და მას ტიტანიკის ისტორიას ადარებს: "კიდევ ერთი კატასტროფა გვაქვს, რომელიც იმავე გაუფრთხილებლობის პრინციპზეა დაფუძნებული. OceanGate გაფრთხილებული იყო საფრთხეების შესახებ", - თქვა კამერონმა.

კამერონმა ისიც დასძინა, რომ მისი ინფორმაციით, წყალქვეშა მოგზაურობით დაინტერესებული საზოგადოებისგან კომპანიამ წერილიც მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ ის "კატასტროფისკენ მიმავალ გზას ადგა".

კამერონი პირველი არაა, ვინც კომპანიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. აშშ-ის სასამართლოს დოკუმენტები აჩვენებს, რომ Oceangate-ის საზღვაო ოპერაციების ყოფილმა დირექტორმა წყალქვეშა ნავის უსაფრთხოების პოტენციური პრობლემების შესახებ ჯერ კიდევ 2018 წელს გამოთქვა პრეტენზია.

ცნობისთვის, 19 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია წყალქვეშა ნავის, "ტიტანის" გაუჩინარების შესახებ. ბორტზე ხუთი ადამიანი იმყოფებოდა - ბრიტანელი მილიარდერი ჰამიშ ჰარდინგი, პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი და მისი ვაჟი, OceanGate Expeditions-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სტოკტონ რაში და წყალქვეშა ნავების პილოტი, მეცნიერი პოლ-ანრი ნარგეოლე. ისინი 1912 წელს ატლანტის ოკეანეში ჩაძირული გემის, "ტიტანიკის" ნამსხვრევების სანახავად, ექსპედიციაში მიდიოდნენ. ექსპედიციისთვის ბორტზე მყოფმა თითოეულმა ადამიანმა 250 000 დოლარი გადაიხადა.

22 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის სამსახურმა დაადასტურა, რომ "ტიტანმა" კატასტროფა განიცადა და ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა.

ნახეთ ასევე:

წყარო: BBC

მოამზადა: ანა სიბოშვილმა