ავტორი:

ხელმოწერა სიკვდილზე და ექსპერიმენტული წყალქვეშა ნავი? - რაზე აწერინებდნენ ხელს ექსპედიციის მსურველებს: OceanGate-ის ყოფილი თანამშრომლის აღიარება და გაუჩინარების ვერსიები

ხელმოწერა სიკვდილზე და ექსპერიმენტული წყალქვეშა ნავი? - რაზე აწერინებდნენ ხელს ექსპედიციის მსურველებს: OceanGate-ის ყოფილი თანამშრომლის აღიარება და გაუჩინარების ვერსიები

წყალქვეშა ნავი “ტიტანი“, რომელსაც ატლანტის ოკეანის ფსკერზე, "ტიტანიკის" ნამსხვრევების სანახავად, ხუთი ადამიანი გადაჰყავდა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა. აშშ-ს სანაპირო დაცვის შეფასებით, ნავში ამ დროისთვის ამოწურული უნდა იყოს ჟანგბადის მარაგი.

სამძებრო და სამაშველო ჯგუფები კვლავ ეძებენ დაკარგულებს.

დაკარგული ეკიპაჟის შემადგენლობაშია ბრიტანელი მილიარდერი ჰამიშ ჰარდინგი, პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი და მისი ვაჟი, OceanGate Expeditions-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სტოკტონ რაში, და ფრანგი წყალქვეშა პილოტი პოლ-ანრი ნარგეოლე.

  • რა არის "ტიტანი"?

"ტიტანი“წყალქვეშა კვლევითი მოწყობილობაა, რომელსაც ფლობს და მართავს OceanGate - ის კერძო კომპანია. ის განკუთვნილია ხუთამდე ადამიანის გადასაყვანად, რომელიც როგორც წესი, შედგება პილოტისა და ეკიპაჟის ოთხი წევრისაგან. შექმნილია 13,123 ფუტის (4,000 მეტრის) სიღრმეში ჩასასვლელად. ხომალდი 22 ფუტის (6,7 მ) სიგრძისაა და დაახლოებით, 10 400 კილოგრამს იწონის.

იმისათვის, რომ გაუმკლავდეს ოკეანის სიღრმეში ჩაძირვის ძლიერ წნევას, "ტიტანს" აქვს რეალურ დროში Hull Health Monitoring (RTM) სისტემები, რომელიც OceanGate-ის განცხადებით, აანალიზებს „გემზე წნევის ცვლილების ეფექტებს".

წყალქვეშა მოწყობილობა გარედან დახურულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკიპაჟის წევრებს მისი შიგნიდან გახსნის საშუალება არ ექნებათ. განათების მასივის, ლაზერის და სონარის სკანერებით, ასევე გარედან დამონტაჟებული კამერების წყალობით მგზავრებს ოკეანის ფსკერის დათვალიერება შეეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ ექსპედიცია პირველად 2021 წელს, ხოლო მეორედ 2022 წელს ჩატარდა.

  • რა შეიძლება მომხდარიყო?

ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო, თუმცა ექსპერტები "ტიტანის" გაუჩინარების რამდენიმე ვარიანტზე საუბრობენ. ეს მოიცავს ელექტროენერგიის გათიშვას, ელექტრულ გაუმართაობას, კორპუსის გახეთქვას, ან არახელსაყრელი ამინდის გამო მის დაზიანებას.

სტეფან უილიამსი, სიდნეის უნივერსიტეტის საველე რობოტიკის ავსტრალიური ცენტრის პროფესორი ვარაუდობს, რომ "ყველაზე ცუდი სცენარი არის ის, რომ მან წყლის წნევას ვერ გაუძლო. მიუხედავად იმისა, რომ "ტიტანის" კომპოზიტური კორპუსი აგებულია იმისთვის, რომ გაუძლოს ინტენსიურ ღრმა ზღვის წნევას, მისი კონსტრუქციის ნებისმიერმა დეფექტმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მის მთლიანობას - ამ შემთხვევაში არსებობს აფეთქების რისკი“, უილიამსი ასევე ამბობს, რომ პოტენციურად, ელექტრული მოკლე ჩართვის გამო, შესაძლოა, ბორტზე ხანძარი გაჩენილიყო.

დამხმარე გემებმა ნავთან კონტაქტი დაახლოებით 1 საათისა და 45 წუთის შემდეგ დაკარგეს.

აღსანიშნავია, რომ ხომალდს მხოლოდ ერთი, ჩართვის/გამორთვის ღილაკი აქვს, რომელსაც ზედაპირზე მასთან დაკავშირებული ხომალდის, Polar Prince-ის პილოტი კონტროლიორის, ე.წ. ჯოისტიკის გამოყენებით მართავს.

  • კონტაქტის დაკარგვის ადრეული შემთხვევები

CBS News Sunday Morning-ის კორესპონდენტი დევიდ პოგი, რომელმაც ტიტანით ადრე იმოგზაურა, ამბობს, რომ ნავს კონტაქტის დაკარგვის ინციდენტი ადრეც ჰქონდა - ბოლო მოგზაურობის დროს კონტაქტი 2,5 საათის განმავლობაში დაიკარგა. იმავეს ამბობს სატელევიზიო კომედიების სცენარისტი, მაიკ რეისი, რომელმაც ექსპედიციაში მონაწილეობა გასულ წელს მიიღო.

წყალქვეშა ნავი ამგვარი პულტით იმართებოდა

ექსპედიციაში გასაწევრიანებლად პოგს ხელი უნდა მოეწერა დოკუმენტზე, რომელშიც ნათქვამი იყო: "ეს ექსპერიმენტული ხომალდი არ არის დამტკიცებული ან დამოწმებული რომელიმე მარეგულირებელი ორგანოს მიერ და შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური დაზიანება, ემოციური ტრავმა, ან სიკვდილი“.

OceanGate-ის ვებსაიტის მტკიცებით კი ექსპედიციები ოკეანისა და ატმოსფერული ადმინისტრაციის (NOAA) სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად, RMS Titanic-ის კვლევისა და გადარჩენისთვის ჩატარდა და ყველაფერი შეესაბამებოდა იუნესკოს სახელმძღვანელო მითითებებს წყალქვეშა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების შესანარჩუნებლად.

  • გათავისუფლებული თანამშრომელი

2018 წელს, OceanGate-მა თანამშრომლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. კომპანია დეივიდ ლოჩრიჯს Titan-ის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებაში ადანაშაულებდა. თანამშრომელი ამტკიცებდა, რომ ის სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ "ტიტანის“ უსაფრთხოებას და ხარისხს ეჭვქვეშ აყენებდა.

მისივე თქმით, ხომალდი 4000 მეტრის სიღრმეში ჩასასვლელად მზად არ იყო.

ლოჩრიჯი ამტკიცებდა, რომ მგზავრები, რომლებმაც ექსპედიციაში თანხა გადაიხადეს, უსაფრთხოების ნორმების შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ.

განახლებული ინფორმაცია: ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის სამსახურის განცხადებით, "ტიტანის" ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა. წაიკითხეთ ვრცლად....

ნახეთ ასევე: