მსახიობ გია ფერაძის შვილი, მარიკუნა მიქატაძე გარდაიცვალა. ამ დროისთვის უცნობია კონკრეტულად როგორ, რა ვითარებაში გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, თუმცა ცნობილია ის, რომ მარიკუნა საბერძნეთში იმყოფებოდა.
მსახიობ გია ფერაძეს ოთხი შვილი ჰყავდა. მარიკუნა მიქატაძე მას მესამე მეუღლისგან, ირინა მიქატაძისგან შეეძინა.
"გიას ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა: ერთია ზეიმის, გასტროლებისა და ბედნიერების პერიოდი და მეორე - ტრაგედიის შემდგომი ცხოვრება" - ჰყვებოდა წლების წინ "ფანტაიმთან" მიცემულ ინტერვიუში.
"ეს უბედური შემთხვევა იყო. ერთ-ერთ გასტროლზე გიას ვიღაცამ კალმისტარი აჩუქა, რომელიც ტყვიას ისროდა. პატარა იყო, მაგრამ საშინლად დიდი ხმა ჰქონდა. გეკოს 5-მილიმეტრიანი ტყვია კაცს არ კლავს, მაგრამ ირინას ისეთ ადგილას მოხვდა, რომ ვერ გადარჩა. იმ დღეს ჩემი ძმა სახლში ძალიან გვიან, დაახლოებით, ღამის სამ საათზე მივიდა. ირინამ გვიან მოსვლის გამო უსაყვედურა და გია, როგორც სჩვეოდა, ჩაეხუტა, მოეფერა და გაბრაზება გაუქარწყლა. მერე ორივე სამზარეულოში გავიდა ყავის დასალევად. ირინამ ყავა დაასხა და გიას წინ დაჯდა. ამ დროს ჩემმა ძმამ პიჯაკის მარჯვენა ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო. სიგარეტთან ერთად ედო ის კალმისტარიც და მოხდა მოულოდნელი გასროლა. ტყვიამ აორტაში გაიარა და ცოლი ხელში ჩააკვდა. საუბედუროდ, კალმისტარი შეყენებული იყო...ჩემი ძმა სახლისკენ რომ მოდიოდა, რაღაც მთვრალ კამპანიას გადაყრია ეზოსთან და ყოველი შემთხვევისთვის, შეუყენებია - რამე რომ ყოფილიყო, ჰაერში ვისროდი და თავს დამანებებდნენო. ეს გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, საბედისწერო გამოდგა..." - ჰყვებოდა ილია ფერაძე.
მარიკუნა მცირეწლოვანი იყო, როდესაც დედის გარეშე დარჩა. მარიკუნა ამ ტრაგედიის მოხდენისთანავე ჯუნა მიქატაძემ და მისმა მეუღლემ მარიკა საყვარელიძემ შვილად აიყვანეს და გაზარდეს.
"11 წლის ვიქნებოდი, ციხიდან რომ გამოვიდა, რომ არ ვენახე და არ მომკარებოდა, ყოველდღე ძიძა დამყვებოდა სკოლაში. 12-13 წლის ვიყავი, შევედი ოთახში, ბებია ტიროდა, ვკითხე, რა გატირებს-მეთქი. მამაშენი გარდაიცვალაო. ძალა უნდა მოიკრიბო, მაინც მამაშენი იყო და უნდა წახვიდე პანაშვიდზეო. ბებიაჩემის დიდსულოვნებას საზღვარი არ ჰქონდა... ყვავილები მიყიდეს და წავედი. მივედი პანაშვიდზე, იქ გავიცანი ჩემი ძმა, ჩემი და, რომელიც პირველი და მერე ცოლებისგან ჰყავდა მამაჩემს. ესეც ძალიან დიდი სტრესი იყო. იქიდან რომ წამოვედი, მკვდარი ვიყავი. მამა ვნახე გარდაცვლილი, ისე არ მყავდა ნანახი. თუმცა, ერთხელ, ფანჯარაზე ვიჯექი, ეზოში შემოვიდა კაცი, გრძელ წვერებში, გაწეწილი, დახეულ პალტოში, ჩაჩაჩულ შარვალში, დაგლეჯილ „ბატინკებში", ჩვეულებრივი ლოთი, მათხოვარი მეგონა. მოუახლოვდა ჩემს ფანჯარას და მკითხა, ირინას გოგო ხარო? ჰო-მეთქი და დაიწყო ღრიალი. ბებიაჩემმა, ეტყობა, ხმა იცნო, მოვარდა, ფანჯრიდან გადმომაგდო და გული წაუვიდა, თავიდან ვერ მივხვდი, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს შეიძლებოდა მამაჩემი ყოფილიყო. მამა კინოში კი მყავდა ნანახი, მაგრამ იმდენად იყო შეცვლილი, საერთოდ ვერ მივხვდი, ვინ იყო. მერე ბებიამ მითხრა, მამაშენი იყოო... მესმოდა, როგორ ღრიალებდა, როგორ გავარდა ეზოდან ღრიალით..." - ჰყვებოდა წლების წინ, "პრაიმტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში მარიკუნა მიქატაძე.
მარიკუნა უამრავ ცნობილ ქართველთან მეგობრობდა და გუშინდელიდან მის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტები არ წყდება:
ნანუკა ჟორჟოლიანი: არც კი ვიცი, სიცოცხლეში ვინ გაიარა ამხელა ჯოჯოხეთი და ვინ დარჩა ისეთ ადამიანად, როგორიც მარიკუნა იყო
სოფო ნიჟარაძე: ჩემი ბავშვობა… მეგობრობის უამრავი წელი… მოგონებები… დიდი სიყვარული… ჩემი მარიკუნა
ნატალია ქუთათელაძე: ჩემი ბავშვობა, ჩემი ყველაზე მკაფიო მოგონებები, რომელიც დაკავშირებულია ყველაფერთან, რაც მაშინ ჩემთვის აკრძალული იყო, ან დაუშვებელი ან უბრალოდ, ასაკთან შეუფერებელი, დილამდე გაუჩერებელი სიცილი, საფრთხის შეგრძნება, თან ამ დროს ინტერესი, რისკიანობა, წვერში გატარებული ზაფხულები. ამავე დროს მარიკა და ჯუნა, სიყვარულის მორევი, ზრუნვა, მოფერება, სიმღერა, ჯუნას ჯუჯღუნი, ღამე დარჩენის გამო გაცდენილი სკოლა, მერე უცებ ჩვენი დასჯა, მარიკას ულამაზესი ხელები, ცისიას წვალება, გაუთავებელი ცეკვა, მუსიკა აღრიალებული ყველგან, მუდმივად შეყვარებული ბიჭები, მერე ჩხუბი, ყვირილი, მერე ისევ სიცილი, სიგიჟე, ბრაზი, მერე ისევ სიცილი, ჩახუტება ... აი ეს ყველა სიტყვა და ემოცია უკავშირდება ჩემს მოგონებებს მარიკუნასთან. დიდხანს მეგონა ალბათ იგონებს რაღაცას და გვაგიჟებს-თქო. თან გიბრაზდები და თან გული მისკდება!!!ერთი კი დანამდვილებით ვიცი, იქით ის ადამიანები გელოდებიან, ვისაც შენ ყველაზე მეტად უყვარხარ!
ალინა არველაძე: არ მჩვევია წერა და ჩემი აზრების გაზიარება, მაგრამ ვიცი როგორც გიყვარდა შენ ყურადღება და სულ გჭირდებოდა თან ეს. ჩემო ვარსკვლავო, რომ გაგახარო, მინდა ეს ყველაფერი დავწერო და მადლობა გადაგიხადო ყოველი წუთისთვის, რაც ერთად გავატარეთ. ნამდვილი ბედნიერება იყო შენთან მეგობრობა, ჩვენი მოგზაuრობები და სიგიჟეები არასოდეს დამავიწყდება. ცოტა ხნის წინ ღმერთმა მაჩუქა შენთან ბოლო ხუთი დღე ერთად ყოფნის. ყოველი წუთი და ყოველი ხუმრობა მახსოვს ჩვენი. იმდენი რამე მასწავლე ამ რამდენიმე წელიწადში ჩვენი მეგობრობის, რომ სულ მადლობელი ვიქნები მაგისი. ყველაზე კარგად იცოდი შენ, ბედნიერება რა ძვირფასია და მეც მასწავლე, რომ ამისი არ უნდა მეშინოდეს, თავისუფალი და ბედნიერი რომ ვიყო. არც ერთ ჩარჩოში არ ეტეოდა შენი სიცოცხლის მიმართ სიყვარული და შფოთვას იწვევდი შენ ამ ყველაფრის უზომობით ხალხში, მაგრამ მე ზუსტად ეს მიყვარდა შენში, სულ ვიძახდი, რომ ბავშვივით ხარ, სუფთა ბავშვივით და ყველა ბავშვს სჭირდება მოვლა და ზრუნვა. ბოდიშით, რომ ვერ დაგიცავით ამ ცხოვრებისგან, ჩვენო უბოროტო ანგელოზო. მემახსოვრები სულ ბედნიერი და ლამაზი, ჩემო საამაყო მეგობარო.
წაიკითხეთ ასევე: