ავტორი:

გია ფერაძის ოჯახის ტრაგედია და რუსეთში დაბადებული მეოთხე შვილი, რომელიც ცნობილი მამის ასლია

გია ფერაძის ოჯახის ტრაგედია და რუსეთში დაბადებული მეოთხე შვილი, რომელიც ცნობილი მამის ასლია

ერთ-ერთი უძველესი თბილისური ოჯახი - ფერაძეების ოჯახი, არა მხოლოდ თბილისელებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის კარგად არის ცნობილი. ფერაძეების ოჯახის საუკუნოვანი ისტორია დაწვრილებით არის მოთხრობილი მსახიობის ძმის, ილიკო ფერაძის წიგნში - "მე, ბებია, ბაბუა, დედა, მამა და გია ფერაძე".

AMBEBI.GE ილიკო ფერაძეს დაუკავშირდა და პირდად მისგან მოისმინა უცნობი თუ ნაცნობი ისტორიები ფერაძეების ოჯახის შესახებ. სწორედ ბატონმა ილიკომ გვიამბო, რომ ცნობილი ქალაქური სიმღერის - "ყვავილების ქვეყანას" სიტყვების ავტორი, მათი მამა ბიძინა ფერაძე იყო, ასევე გაგვიმხილა ამ ტექსტის შექმნის ძალიან საინტერესო ისტორია...

ილია ფერაძე

AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ის ცნობილი ძმის ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებსაც იხსენებს. გვიყვება მსახიობის ოჯახის ტრაგედიისა და მისი შვილების შესახებ, რომელთაგან ერთ-ერთი - რუსეთში დაბადებული მეოთხე ბიჭი, ცნობილი მამის სახელს ატარებს და მისი ზუსტი ასლია...

"ცხრა წლით უფროსი ვიყავი ჩემს ძმაზე, გია ფერაძეზე. მე დავიბადე სამამულო ომამდე, ხოლო გია - ომის შემდეგ. რომ მეკითხებიან, რატომ იყავით ასეთი განსხვავებული ძმებიო, ვპასუხობ - ჩვენს შორის მთელი ომი იყო-მეთქი.

ომმა ძალიან შეცვალა ბავშვები, რომლებმაც ომი გამოიარეს უფრო გულჩათხრობილები და დათრგუნულები იყვნენ, ხოლო ომის შემდეგ დაბადებული ბავშვები გაცილებით მხიარულები და ლაღები. გია ბავშვობიდან ძალიან ცელქი და მოძრავი იყო. ერთ ადგილას ვერ გააჩერებდით. ასე იყო სტუდენტობაშიც. თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლისას მას უამრავი მეგობარი ჰყავდა, რომელთა ნაწილი დღეს ცნობილი მსახიობები არიან.

გია ფერაძე, გოგი ხარაბაძე, ნანული სარაჯიშვილი. ფოტო: ილია ფერაძე

განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა ჰქონდა ელისო გუდიაშვილთან, ნანული სარაჯიშვილთან, ასმათ ტყაბლაძესთან, ამირან ბუაძესთან, დათო დვალიშვილთან და ა.შ. გიას იუმორის გრძნობა ყველასათვის ცნობილი იყო, ის ხშირად თვითონ ქმნიდა იუმორისტულ სიტუაციებს, კურიოზებს.

ერთხელ, რუსთავიდან თბილისში ბრუნდებოდა გია და მანქანაში შეიპატიჟა ქუჩაში მდგომი ელისო. თბილისის მაგივრად მანქანის მხიარული ეკიპაჟი საავადმყოფოში მოხვდა. გია ელისოს შესაშინებლად მძღოლს აფარებდა ხელს თვალზე, ამ თამაშში ავარიაში მოხვდნენ და დაზიანდნენ. ელისომ ფეხი მოიტეხა, სხვა მეგობრებიც დაშავდნენ, გიამ ტვინის შერყევა მიიღო.

საავადმყოფოში მისული დედაჩემისთვის გიას უთქვამს - "აჰა მთელი ცხოვრება რომ მეძახდი შე უტვინოო, ხომ დაგიმტკიცე, რომ ტვინი მქონიაო".

გია არაჩვეულებრივად თამაშობდა ფეხბურთს, ჩვენი ფანჯრები პირდაპირ გადმოჰყურებს ე.წ. სამხატვრო ტექნიკუმის სპორტულ მოედანს, ახლა ის განაახლეს, კეთილმოაწყვეს. გია იქ თამაშობდა თავის მეგობრებთან ერთად. მას პატარა მოედნების პელეს ეძახდნენ. გიას მეგობარი იყო დათო ყიფინი, რომელიც ეუბნებოდა - "ნახე რა დარტყმა გაქვს, წამოდი, ივარჯიშე და ჩემზე მაგარი ფეხბურთელი გამოხვალო!". მე მაგის თავი მაქვს რომ შენსავით რეჟიმში ვივარჯიშოო, მერე როდის უნდა დავლიოო? - მიუგებდა ხოლმე გია.

ხატავდა არაჩვეულებრივად. დაამთავრა კიდეც სამხატვრო ტექნიკუმი, ერთი შტრიხით შეეძლო ადამიანის ხასიათის დაჭერა" - იხსენებს მსახიობ ძმას ილიკო ფერაძე.

რაც შეეხება გია ფერაძის ოჯახს და მის ტრაგიკულ ისტორიას, ილიკო ფერაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ ეს ფაქტი მედიით უამრავჯერ გავრცელდა, თუმცა ხშირ შემთხვევაში გარკვეული დეტალები დამახინჯებულად და არასწორად იყო გადმოცემული.

"გიას ირინა მიქატაძესთან ქორწინებამდე ორი მეუღლე ჰყავდა, თითო შვილი დარჩა თითო ქორწინებიდან.

უზომოდ უყვარდათ ერთმანეთი ირინას და გიას! ირინა ძალიან ცნობილი და კარგი ოჯახიდან იყო - ცნობილი მოქანდაკე ჯუნა მიქატაძე იყო მამამისი, ხოლო დედა ასევე ცნობილი ოჯახის, საყვარელიძეების ულამაზესი ქალბატონი და ამ ოჯახში ხშირად ქალაქის ცნობილი პიროვნებები იყრიდა თავს, მათ შორის მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. გია და ირინა, ჯუნა მიქატაძის სახლში ცხოვრობდნენ...

რაც შეეხება იმ ტრაგიკულ დღეს, ასე განვითარდა მოვლენები: გია საქეიფოდ იყო წასული და სახლში გვიან დაბრუნებულა ნასვამი, როგორც ყოველთვის ირინას დაუწყია ქოთქოთი. თუმცა, მალევე დამშვიდებულან და სამზარეულოში დამსხდარან ყავის დასალევად. გია საწოლზე იყო წამოწოლილი, ხოლო ირინა მის წინ იჯდა და ყავას მიირთმევდა. გიას ჯიბეში ედო სიგარეტის კოლოფი და მასთან ერთად კალმისტრის ფორმის იარაღი, რომელიც "გეკოს" ტყვიებს ისროდა.

ირინა მიქატაძე

არ ვიცი ვინ აჩუქა ეს იარაღი მას, სულ თან დაჰქონდა. დღეობებზე რომ დადიოდა მეგობრების წრეში, საკიდებზე ჩამოკიდებულ ქუდებს ესროდა ხოლმე, გასროლისას დიდი ხმა ჰქონდა და იყო ერთი წიოკობა და მხიარულება... იმ დღეს წამოწოლილი რომ იყო, წამოწეულა, ჯიბიდან ამოუღია სიგარეტის კოლოფი, სანთებელა და მასთან ერთად იდო ეს იარაღიც, რომელიც გამოედო ჯიბეს და უეცრად გაუსვრია...

ირინას და თავად გიას, უბედური ბედი - ტყვიამ ნეკნებს შორის გაიარა და ირინა ადგილზევე გარდაიცვალა... გია შოკში ჩავარდნილა, დაიბნა, ძალიან შეშინებია და ფეხშიშველი გაქცეულა გარეთ, წასულა მეგობართან, რომლისთვისაც ყველაფერი მოუყოლია, ერთი ბოთლი არაყიც სულმოუთქმელად დაულევია და მიუღია პოლიციისთვის ჩაბარების გადაწყვეტილება. მეორე დილას ის თავისით მივიდა და ჩაბარდა სამართალდამცველებს.

მას თავის დღეში ქათამი არ დაუკლავს. ბებიაჩემი რომ ეტყოდა - გია მოდი დამიკალი ქათამიო, რას ამბობ ბებო, ფაშისტი ხომ არ ხარ? ქათამს რა დამაკვლევინებსო, ეტყოდა ხოლმე.

...ირინას დაკრძალვაზე იყვნენ მაშინდელი ხელისუფლების უმაღლესი პირები. ერთ-ერთმა მათგანმა პირდაპირ თქვა, რომ ეს იმდენად შემზარავი მკვლელობაა, მკვლელი სამაგალითოდ უნდა დაისაჯოსო და მორჩილმა „სამართალდამცავმა“ სტრუქტურებმა პირნათლად შეასრულეს ხელმძღვანელობის დავალება, ყველაფერი გააკეთეს, რომ გიას სასჯელის უმკაცრესი ზომა შეფარდებოდა.

ირინა მიქატაძე მისი და გია ფერაძის ქალიშვილთან, მარიკუნასთან ერთად

აპყრობილეში მას შეეყარა ჭლექი, მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, ციხის საავადმყოფოში არ გადაიყვანეს, არამედ მძიმედ ავადმყოფი, პირდაპირ გაუშვეს ეტაპში ვლადიმირში. ძალიან ხშირად ვაკითხავდი ციხეში, ვსაუბრობდით... თავს ძალიან დათრგუნულად გრძნობდა. ვერაფერს ვშველიდი... გიას ადვოკატი მეუბნებოდა - აზრი არ აქვს, ვერაფერს ვაკეთებ, არავინ არ მისმენს, უკვე ყველაფერი გადაწყვეტილიაო.

შემდეგ გია სსრ კავშირის სხვადასხვა ციხეებში გადაჰყავდათ ეტაპით, საყოველთაოდაა ცნობილი რომ პატიმრისთვის ეტაპირება არის ყველაზე საშინელი ტანჯვა. ეტაპირებისას არც გვარი გაქვს, არც სახელი, გაქვს მხოლოდ ნომერი და თუ სადმე აღმოგხდა სული, ხელმძღვანელობასთან მიდის პატაკი, რომ გარდაიცვალა ესა და ეს ნომერი პატიმარი...

გია ყველასთან პოულობდა საერთო ენას, მისი იუმორის და წარსულის მეშვეობით. იგი ყველგან უყვარდათ და პატივს სცემდნენ. ერთ-ერთი ეტაპირებისას ციხეში 40 წელი შეუსრულდა და სვერდლოვსკის ციხეში ცნობილმა "კანონიერმა ქურდებმა" ციხეში გადაუხადეს დაბადების დღე, "სუხარების" და შედედებული რძისგან შეზავებული ტორტით, „ჩეფირით“, საჩუქრებით და სიურპრიზებით...

იაკუტიის ციხიდან ისევ საქართველოში დაბრუნებაში დიდი როლი ითამაშეს ჩემმა მეგობრებმა, აგრეთვე მისმა რუსმა მეგობრებმა, რომლებიც ცნობილი მსახიობები იყვნენ.

ციხეში ყოფნისას, გიას ძალიან შეერყა ჯანმრთელობა და გამოსვლის შემდეგ დიდხანს არ უცოცხლია..." - გვიყვება ილიკო ფერაძე და დასძენს რომ, ქართულ მედიაში ხშირად ვრცელდება შეუმოწმებელი ინფორმაციები, რომლებიც სენსაციურ ხასიათს ატარებს და რომელთაც სინამდვილესთან არაფერი აქვს საერთო. მისივე თქმით, გიას შემთხვევაშიც ბევრი სისულელე დაიბეჭდა მის ციხის შემდგომ ცხოვრებაზე, მაგრამ უმეტესწილად არასწორი...

"სწორი და სენსაციური არის ის, რომ ერთ-ერთ გასტროლზე ყოფნის შემდეგ, გიას აღმოაჩნდა რუსეთში დაბადებული მეოთხე შვილი, მასაც ქვია გია, არის მოსკოვის ერთ-ერთი თეატრის წამყვანი მსახიობი და ორი წვეთი წყალივით გავს მამამისს გია ფერაძეს! (გია ფერაძე უმცროსი დედის გვარსაც ატარებს და მას მრუსეთში იცნობენ, როგორც გიორგი კუზუბოვს. ავტ)

გია ფერაძე და ირინა კუზუბოვა

მე და დედამ მის შესახებ გავიგეთ გიას დაპატიმრების შემდეგ. პატარა გიას დედამ (ირინა კუზუბოვა, ავტ.) გამოგვიგზავნა ბავშვის სურათი, რომელშიც ვერ განასხვავებდი მამას და შვილს! შემდეგ დაიკარგა ჩვენს შორის კავშირი და უკვე 21 საუკუნეში, როდესაც ინტერნეტი შემოვიდა, მოვძებნე ჩემი ძმისშვილი, დავუკავშირდი და დედა-შვილი საქართველოში მყავდა ჩამოყვანილი...

უმცროსი გია ფერაძე დედასთან ერთად

ახალგაზრდა გია ფერაძე მამის სრული ასლია, ორი წვეთი წყალივით გვანან ერთმანეთს! ყველა გაოცებული დარჩა ამ მსგავსებით. ისიც ნიჭიერია მამასავით. რომ ჩამოვიდნენ, სამეფო უბნის თეატრში, მერაბ თავაძის დახმარებით, როგორც მსახიობს საღამო მოვუწყვე, საღამოზე მოვიდა მთელი თბილისი.

მოვიდა აგრეთვე გიას და ირინას შვილი მარიკუნა... ის დარბაზში არ შემოსულა, გარეთ იცდიდა. უმცროსი გია იხსენებს: "რომ გამოვედი გარეთ, მარიკუნას დანახვისთანავე ვიგრძენი, რაღაც სიახლოვე ჩვენს შორის და ისე მომეწონა, გავიფიქრე ნეტავ, ეს ულამაზესი გოგო ჩემი და არ აღმოჩნდებოდესო...

მას შემდეგ ძალიან დაახლოვდა და-ძმა და გიას უფროს შვილებსაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ.

მარიკუნა მიქატაძე, გია ფერაძე უმცროსი, ბიძინა ფერაძე
სოფო და გია ფერაძეები

ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი სიხარული, რომ გიას გარდაცვალებიდან 15 წლის შემდეგ, გიას შვილები ერთად შევყარე და მათ ჩემს ქალიშვილთან ერთად არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ. მე დავწერე სცენარი პატარა გიას და დედამისის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ და ფილმის გადაღებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ცალკე წიგნად აუცილებლად გამოვცემ..." - გვიყვება ილია ფერაძე.

ფოტოების მფლობელები: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; ილიკო ფერაძე; ლევან თაქთაქიშვილი

გადაიწევს თუ არა "კომენდანტის საათი" ღამის 11:00 ან 12:00 საათამდე? - კალაძის ინფორმაციით, საკითხს საკოორდინაციო საბჭოზე განიხილავენ

"ილუზია ნუ ექნებათ, რომ მშვიდი ძილით დაიძინებენ - როგორი ჯოჯოხეთიც მომიწყეს, ისეთი მოეწყობათ" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

"წელს თბილისს სოლიდარობის ქალაქად ვაცხადებთ - დარწმუნებული ვარ, ახალი წელი ახალ იმედს მოიტანს" - კალაძე