ავტორი:

"დაიკო მიყვარხარ" - გია ფერაძის ვაჟი დას დაემშვიდობა: რა არის ცნობილი გიორგი ფერაძეზე, რომელიც რუსეთში წარმატებული მსახიობია

"დაიკო მიყვარხარ" - გია ფერაძის ვაჟი დას დაემშვიდობა: რა არის ცნობილი გიორგი ფერაძეზე, რომელიც რუსეთში წარმატებული მსახიობია

"დაიკო, მიყვარხარ და ეს სიყვარული მარადიულია“ – ასე დაემშვიდობა გია ფერაძის ვაჟი, გიორგი ფერაძე გარდაცვლილ დას, მარიკუნა მიქატაძეს. საბერძნეთში ტრაგიკულად გარდაცვლილი მარიკუნა სამშობლოში ხუთშაბათს ჩამოასვენებს და შაბათს დაკრძალეს.

დის გასვენებაში რუსეთიდან ვერ შეძლო ჩამოსვლა, მარიკუნას რამდენიმე სურათი გიორგი ფერაძემ, რომელიც რუსეთში ცნობილი მსახიობია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მისი გამოჩენა წლების წინ, საზოგადოებისთვისაც ერთგვარი შოკი იყო.

გიორგი ფერაძე დასთან, მარიკუნასთან ერთად

ტრაგედია, რომელიც საზოგადოებას დღემდე ახსოვს

1985 წლის 19 მარტი - თბილისში უმძიმესი ამბავი გავრცელდა. წინა დღეს, მსახიობი გია ფერაძე მეუღლესთან ირინა მიქატაძესთან ერთად გუდაურიდან თბილისში დაბრუნდა.

დაზუსტებით არავინ იცის რა მოხდა საბედისწერო ღამეს... მსახიობი შინ დაახლოებით ღამის სამ საათზე დაბრუნდა. ერთ-ერთი ვერსიით, ამის გამო მეუღლე, ცნობილი მხატვრისა და მოქანდაკის შვილი ირინა მიქატაძე განაწყენებია...

შემდეგ მოხდა ის, რომ გიას მინიატურული, კალმის ფორმის იარაღიდან, რომელსაც, თურმე სიგარეტთან ერთად იდებდა ჯიბეში, ახლო მანძილიდან გასროლილმა ხუთ მილიმეტრიანმა ტყვიამ, რომელიც მინასაც ვერ გასტეხს, 26 წლის ირინა მიქატაძის გულის აორტაში გაიარა და ... მოკლა... მომხდარს ზოგი ეჭვიანობას უკავშირებდა, ზოგი იარაღთან გაუფრთხილებელ მოპყრობას...

ირინა მიქატაძე და მარიკუნა

ტრაგედიის დროს გიასა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი მარიკუნა 11 თვის იყო... გოგონა ჯუნა მიქატაძემ და მისმა ბებიამ მარიკა საყვარელიძემ შვილივით გაზარდეს.

პატიმრობა

37 წლის გია ფერაძე დააპატიმრეს... მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მსახიობმა 2 წელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაატარა. 5 წელი კი ციმბირში და იაკუტსკში.

ციხიდან 1993 წელს, 45 წლის ასაკში გამოვიდა ტუბერკულოზით დაავადებული. გათავისუფლებიდან 2 წლის შემდეგ, 1995 წლის 20 დეკემბერს, 47 წლის გია ფერაძე გარდაიცვალა. მარიკუნა იმ დროისთვის უკვე 13 წლის იყო. არასოდეს უნახავს მამა... ბებია და ბაბუა ცდილობდნენ არ შეეხვედრებინათ ისინი... მხოლოდ მამის დაკრძალვაზე გაუშვეს...

გია ფერაძე, გოგი ხარაბაძე, ნანული სარაჯიშვილი. ფოტო: ილია ფერაძე

გია ფერაძის შვილები

გია ფერაძეს პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი სოფიკო ჰყავდა. მეორე ქორწინებაში ვაჟი ბიძინა ფერაძე, მესამე ქორწინებიდან კი მარიკუნა მიქატაძე დაიბადა. მეოთხე შვილის არსებობის შესახებ, როგორც Ambebi.ge-ს მსახიობის ძმამ ილიკო ფერაძემ მოუყვა, გია ფერაძის დაპატიმრების შემდეგ გაიგეს.

„პატარა გიას დედამ გამოგვიგზავნა ბავშვის სურათი, რომელშიც ვერ განასხვავებდი მამას და შვილს! შემდეგ დაიკარგა ჩვენს შორის კავშირი და უკვე 21 საუკუნეში, როდესაც ინტერნეტი შემოვიდა, მოვძებნე ჩემი ძმისშვილი, დავუკავშირდი და დედა-შვილი საქართველოში მყავდა ჩამოყვანილი...

მარიკუნა მიქატაძე, ბიძინა და გიორგი ფერაძეები

ახალგაზრდა გია ფერაძე მამის სრული ასლია, ორი წვეთი წყალივით გვანან ერთმანეთს! ყველა გაოცებული დარჩა ამ მსგავსებით. ისიც ნიჭიერია მამასავით. რომ ჩამოვიდნენ, სამეფო უბნის თეატრში, მერაბ თავაძის დახმარებით, როგორც მსახიობს საღამო მოვუწყვე, საღამოზე მოვიდა მთელი თბილისი.“ - ჰყვებოდა ილიკო ფერაძე.

საღამოზე გიასა და ირინას შვილი მარიკუნაც მივიდა, მაგრამ ის დარბაზში არ შესულა. მოგვიანებით, გიორგი ფერაძე უმცროსი იხსენებდა...

„რომ გამოვედი გარეთ, მარიკუნას დანახვისთანავე ვიგრძენი, რაღაც სიახლოვე ჩვენს შორის და ისე მომეწონა, გავიფიქრე, ნეტავ, ეს ულამაზესი გოგო ჩემი და არ აღმოჩნდებოდესო...“

„ცეკვავენ ვარსკვლავები“ და უკმაყოფილო გულშემატკივარი

2019 წელს, გია ფერაძის ვაჟი პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მოიწვიეს. მისი მეწყვილე ვერკა ჯაჯანიძე გახლდათ. გიორგი ფერაძე მესამე ადგილზე გავიდა და ფაქტობრივად, უსაჩუქროდ დარჩა, რასაც მისი თაყვანისმცემლების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

მსახიობი ასმათ ტყაბლაძე, რომელიც გია ფერაძის სიცოცხლეში მსახიობის საუკეთესო მეგობარი გახლდათ, ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ამბობდა...

- გიამ ქართული არ იცის და უნდა იცოდეს… სულ მინდა, ხელი შევუწყო, დავეხმარო. ამიტომაც ვგულშემატკივრობდი ამ პროექტში, სადაც სპონსორები ძალიან ცუდად მოიქცნენ. სპონსორებმა იგნორირება გაუკეთეს მესამე ადგილს. არამხოლოდ მესამე ადგილის მფლობელი, ყველა მონაწილე უნდა დაეჯილდოვებინათ. განსაკუთრებით გიას მოექცნენ ცუდად. ჩავედი დარბაზში და მივახალე, რომ კარაპეტები და ძუნწები არიან! ეს ყველაფერი დავწერე კიდეც და მეჯღანუაშვილებიც ვუწოდე!

უმცროსი გიორგი ფერაძე ახლა

38 წლის გიორგი ფერაძე რუსეთში წარმატებული მსახიობია. 2005 წელს დაამთავრა კრასნოიარსკის მუსიკისა და თეატრის სახელმწიფო აკადემია.

2005-2015 წლებში გახლდათ გორკის სახელობის სამარას აკადემიური დრამატული თეატრის მსახიობი.

2016 წელს დაამთავრა კინემატოგრაფიული და თეატრალური ხელოვნების აკადემია ნიკიტა მიხალკოვის ხელმძღვანელობით და დღემდე მიხალკოვის თეატრის მსახიობია. ის ცნობილი რუსი რეჟისორის ფავორიტი გახლავთ, ხშირად აქვეყნებს მასთან გადაღებულ ფოტოებს.

გიორგი ფერაძე დაოჯახებული არ არის.

წაიკითხეთ ასევე: