ავტორი:

"მე, როგორც "კანვას საქართველოს“ დირექტორი, არანაირ გადატრიალებას არ ვგეგმავ" - გიორგი მელაძე სუს-ის განცხადებაზე

"მე, როგორც "კანვას საქართველოს“ დირექტორი, არანაირ გადატრიალებას არ ვგეგმავ" - გიორგი მელაძე სუს-ის განცხადებაზე

"სუს-ი ლაპარაკობს გადატრიალებებზე... რასაც ყოველთვის აკეთებს და ამჯერად ამ ყველაფერში ამატებს ორგანიზაცია "კანვასს“ - "კანვას საქართველოს“ დირექტორი ამჟამად ვარ მე და არანაირ გადატრიალებას არ ვგეგმავ, - ამის შესახებ "ილიაუნის“ ასოცირებული პროფესორი გიორგი მელაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სუს-ის განცხადების ერთადერთი მიზანი აქტიური ადამიანების დაშინებაა.

"პირადად ჩემ წინააღმდეგ განცხადება გავრცელდა გაზაფხულზე. განცხადების ავტორი იყო კობახიძე და მაშინაც "ექსტრემისტი“ მეძახა. ბოლო 20 წელია უამრავ ჯგუფთან და აქტივისტთან მიმუშავია და ჩემთვის ძვირფასი საქმეა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ადამიანებთან ერთად ფიქრი და მოქმედება უკეთესი მმართველობის სისტემების შესაქმნელად. რასაც სუს-ი აკეთებს დღეს, ასეთი განცხადებები მომისმენია ავტორიტარული სახელმწიფოებისგან.

მიუხედავად ყველაფრისა, მე გავაგრძელებ ჩემს საქმეს, არაძალადობრივი კამპანიების შესახებ ცოდნის გავრცელებას!“, - წერს მელაძე.

ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავს, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

ამასთან, სუს-ის განცხადებაში დასახელებულია ორგანიზაცია "კანვასი“ და აღნიშნულია, რომ ეს ორგანიზაცია "რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება”.