ავტორი:

"როგორც ჩანს, ღარიბაშვილმა ცუდი სიზმარი ნახა... მაშფოთებს, რუსეთს არ გადასცენ ჩვენი ლეგიონის ბიჭები" - რას ამბობს მამუკა მამულაშვილი სუს-ის ბრალდებაზე?

"როგორც ჩანს, ღარიბაშვილმა ცუდი სიზმარი ნახა...  მაშფოთებს, რუსეთს არ გადასცენ ჩვენი ლეგიონის ბიჭები" - რას ამბობს მამუკა მამულაშვილი სუს-ის ბრალდებაზე?

"როგორც ჩანს, ღარიბაშვილმა ცუდი სიზმარი ნახა“, - ასე პასუხობს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ბრალდებას - საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობასთან დაკავშირებით, უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი. შეგახსენებთ, ახლახან სუს-მა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რისი საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა".

სუს-ისვე ცნობით, შეთქმულების ავტორები არიან საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი, ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი "ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი.

"ქართული ლეგიონის“ მეთაური ირწმუნება, რომ "ქართულმა ოცნებამ“ კრემლიდან მიიღო დირექტივა.

"რუსეთის საგამოძიებო სამსახურმა "ქართული ლეგიონის“ წევრების წინააღმდეგ სასამართლო ჩატარა და სხვადასხვა მუხლით გაგვასამართლა. შეიძლება, ეს იყოს მცდელობა, რომ რუსეთს გადასცენ ეს ადამიანები, მათ შორის მეც. ახლა ალბათ საქართველოშიც აღძრავენ ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს.“ - ამბობს მამულაშვილი და ირწმუნება, რომ ეს არის სუფთად რუსული ხელწერა.

მამუკა მამულაშვილი:

- "ქართულ ოცნებას“ მტერი გამოელია - ალბათ, რუსები უკვე გააძევეს საქართველოდან, კრემლის ჯაშუშებიც დააკავეს და საქმე რომ აღარაფერი ჰქონდათ, ჩვენზე გადმოერთნენ. სხვა არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა ამ ბოდვაზე. რუსებისთვის "ქართული ლეგიონი“ სერიოზულ თავის ტკივილად იქცა, ძალიან სერიოზული ზარალი მივაყენეთ. შესაბამისად, გამწარებულები არიან და ყველანაირად ცდილობენ ჩვენს ხელში ჩაგდებას. გარდა იმისა, რომ რვაჯერ აღძრეს ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე, ფულადი ჯილდოებიც დააწესეს ჩემს მოკვლაზე. სუს - ის მცდელობა დამადანაშაულოს დესტაბილიზაციის მოწყობაში, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნება“ კრემლიდან იღებს დავალებებს, ამიტომაც პირადად ვიზრუნებ, რომ ბიძინა ივანიშვილიც დასანქცირდეს, ამ საკითხს მეც დავაყნებ უცხოელი პარტნიორების წინაშე.

- და მაინც, რა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს ამ ბრალდებას?

- მერწმუნეთ, ასეთი საფუძველი საერთოდ არ არსებობს. როგორ გგონიათ, რამე რომ იყოს, სუსი ცარიელ განცხადებას დასჯერდებოდა და მტკიცებულებებს არ დადებდა? ერთი ვიდეო ან აუდიოჩანაწერი მაინც დაედოთ და ისე ელაპარაკათ. ისეთ რაღაცაში გადანაშაულებენ, რაც ჯერ არ მომხდარა?!

- ლორთქიფანიძესა და ბატულინთან რა ტიპის ურთიერთობა გაქვთ?

- ლორთქიფანიძეს კარგად ვიცნობ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ხშირად ვხვდები, საკმაოდ დიდი ხანია, არ მინახავს, ჩვენ ერთმანეთთან საქმიანი ურთიერთობა არ გვაქვს, მე ფრონტის ხაზზე ვარ, სულ სხვა მიმართულებით, ის სხვაგან არის, იმ მეორე კაცს საერთოდ არ ვიცნობ, არც კი ვიცი, ვინ არის და ვერც ვხვდები, რატომ მიაბეს ჩემს გვარს. თან რუსულ გვარს ასახელებენ. მართლა არ ვიცი, ვინ არის ბატულინი. ერთი ერთში ჯდება რუსეთისა და "ქართული ოცნების“ სცენარები, ერთი ხელწერაა, შეკრიბეს რაღაც გვარები ერთად და მოიგონეს ზღაპარი. აქამდე რუსეთის ხელისუფლება მარტო ცდილობდა "ქართული ლეგიონის“ დისკრედიტაციას, ახლა ამაში საქართველოს ხელისუფლებაც ეხმარება. მე ის მაშფოთებს, რუსეთს არ გადასცენ ჩვენი ლეგიონის ბიჭები, რომლებიც დროდადრო საქართველოში ჩამოდიან ოჯახების სანახავად.

- საკმაოდ ხშირად ხვდებით დასავლელ პოლიტიკოსებს, რიგ კონფერენციებშიც მონაწილეობთ, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ პოლიტიკაში აპირებთ მოსვლას?

- მე არა, მაგრამ შეიძლება "ქართულ ოცნებაში“ განიხილავენ ასეთ ვერსიებს და პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ. როცა დავაპირებ ან თუ გადავწყვეტ პოლიტიკაში მოსვლას, მე თვითონ ვიტყვი, დასამალი რა არის?! ჯერ ბევრი საქმე მაქვს, პოლიტიკისთვის არ მცალია.

- რა არის თქვენი მთავარი საქმე?

- რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლა და საქართველოს ინტერესების დაცვა. სიმართლე რომ გითხრათ, სულ არ მაინტერესებს "ქართული ოცნება“ რას ფიქრობს ჩემზე, მე მათ რუსებად მივიჩნევ. აბა, რით აიხნება ის ფაქტი, რომ საქართველოში მილიონზე მეტი რუსი შემოუშვეს და რუსი ჯაშუშების ნაცვლად საქართველოს სახელით უკრაინაში მებრძოლ ქართველებს გვებრძვიან.

იხილეთ ასევე: