ავტორი:

"ძალოვანთა "შკოდებსაც" თუ დათვლიან, ჯარიმის გარეშე რომ აყენებენ შშმ პირთა საპარკინგე ადგილზე, ეგეც წაგვადგება" - რას პასუხობს მიშა ანდღულაძე მისი ხუმრობით გამოწვეულ აღშფოთებას?

"ძალოვანთა "შკოდებსაც" თუ დათვლიან, ჯარიმის გარეშე რომ აყენებენ შშმ პირთა საპარკინგე ადგილზე, ეგეც წაგვადგება" -  რას პასუხობს მიშა ანდღულაძე მისი ხუმრობით გამოწვეულ აღშფოთებას?

ამ ცოტა ხნის წინ, "ფორმულაზე“ ნიკა არაბიძის შოუს დახურვის შემდეგ, "კომედი შოუს“ გუნდმა არხი დატოვა. ნიკა არაბიძე "რუსთავი 2“-ზე გადავიდა, მიშა ანდღულაძე კი, გუნდთან ერთად, "მთავარ არხს“ შეუერთდა. მიშა უკვე სტუმრობდა "ილო ბეროშვილის“ შოუს. გადაცემაში მის მიერ შესრულებულ იტალიური სიმღერის "ანკორა“ ქართულ ვერსიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გუშინ კი სოციალურ ქსელში გავრცელდა მონაკვეთი მორიგი გადაცემიდან, რომელშიც ნიკა გვარამიას სტუმრობისას, მიშა ანდღულაძე თავის ერთ-ერთ პერსონაჟს, ვაკელ ქალს ასახიერებს. სტუდიაში შესვლისას, ბოდიშს იხდის დაგვიანებისთვის და ამბობს:

"ერთი საათია მანქანის გასაჩერებელს დავეძებ, ეს რა ჯოჯოხეთია, რა არის, ადგილი ვერ ვიპოვე, თორემ ვერ მოვიდოდი აქ. ბოლოს რა უნდა მექნა, "ინვალიდების“ ადგილი რომ არის, იქ გავაჩერე და პატრული მომადგა, ავდექი და გადმოვედი კოჭლობით, სხვა გზა არ მქონდა.“

შოუს ამ მონაკვეთს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებლები წერენ, რომ იუმორისტს ბოდიში აქვს მოსახდელი და დიდი ჯარიმა ელის, რადგან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენა.

"ვინმემ არ მითხრას, რომ ეს იუმორია. იცით, იუმორთან რა კარგად ვარ, გარჩევაც გამომდის. ვინმეს ამაზე გეცინებათ, ალბათ კი, იმათ, ვინც შშმ პირთა სატრანსპორტო საშუალების საპარკინგე ადგილას ავტომობილებს უნამუსოდ აპარკინგებთ, იმათ, ვისაც გგონიათ, რომ იგივე პრობლემის წინაშე არასდროს აღმოჩნდებით.

იმათ, ვისაც 10 წლის ბავშვი (მეტად დიდებიც) 1 კილომეტრი ხელით არ გიტარებიათ სამედიცინო დაწესებულებამდე და ამით გამოწვეული ფიზიკური დაღლილობისა და ემოციების გამო თვალებიდან სიმწრით სისხლი არ წამოგსვლიათ, იმათ, ვინც ჩვენი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობით გართობა შეგიძლიათ.

ასეთი იუმორია სწორედ ერთ-ერთი ხელშემწყობთთაგანი, აბუჩი დამოკიდებულებისა სპეციალური საპარკინგე ადგილების მიმართ, სწორედ მსგავსების გამო დამაჯარიმა მე პატრულმა, როდესაც სხვა ავტომობილის გამო ვერ ვახერხებდით კუთვნილ ადგილზე გაჩერებას.

მინიმუმ სირცხვილია და ბოდიში მოსახდელი, რომ, როდესაც ამხელა პრეტენზია გაქვს მთავარ მაუწყებლობაზე: სცენარისტებში, შემსრულებლებში, მენეჯმენტში ერთი ადამიანიც არ აღმოჩნდა, რომ ეს ცინიზმი აღმოეფხვრა", - წერენ სოციალურ ქსელში.

იუმორისტს, რომელიც ახლა გერმანიაში იმყოფება, სადაც საკუთარი "სთენდაფპროგრამით" კლუბში აქვს გამოსვლები, სოციალური ქსელის საშუალებით დავუკავშირდით. მიშა ამბობს, რომ იმ ადამიანებს, ვინც მისი ხუმრობა ვერ გაიგო, უსურვებს, რომ სწორად გაგება ისწავლონ.

"მოდი, იუმორთან მეგობრობა და სწორად გაგება ვუსურვოთ ტროლებს და სკანდალისტებს, მერიას კი შშმ პირებისთვის მეტი გასაჩერებელი ადგილის გამოყოფა. ძალოვანთა "შკოდებსაც" თუ დათვლიან, ჯარიმის გარეშე რომ აყენებენ შშმ პირთა საპარკინგე ადგილზე, ეგეც წაგვადგება. ჩემი პატივისცემა და სიყვარული შშმ ადამიანებს“, - ამბობს ანდღულაძე.

წაიკითხეთ ასევე: