ახალ ბრიტანულ დოკუმენტურ ფილმში, ატლანტის ოკეანეში ჩაძირული წყალქვეშა ხომალდ "ტიტანთან" დაკავშირებული, აქამდე უცნობი აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნეს.
ჩანაწერში ატლანტის ოკეანის სიღრმიდან კაკუნის ხმები ისმის. როგორც ირკვევა, ამ ხმებმა მაშინ მაძიებლებს იმედი მისცა, რომ "ტიტანზე" მყოფი ადამიანების გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლებოდა.
კაკუნის ხმები ოკეანიდან 30-წუთიანი ინტერვალით ისმოდა.
აუდიო ჩანაწერში გაგონილი ხმების მიხედვით, მაშველებმა ივარაუდეს, რომ "ტიტანის" ერთ-ერთი გადარჩენილი მგზავრი მეტალის ზედაპირზე აკაკუნებდა და გადარჩენას ითხოვდა. ამ დროს მაშველები ჯერ ისევ სასოწარკვეთილები ეძებდნენ გაუჩინარებულ მგზავრებს. კაკუნის ხმამ მათ იმედი გაუჩინა, რომ ხომალდზე ვიღაც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მათთან შეტყობინების გამოგზავნას ცდილობდა.
მოგვიანებით დადგინდა, რომ ხმაური მგზავრების ან ეკიპაჟის წევრებისგან ვერ იქნებოდა, რადგან ისინი კატასტროფული აფეთქების შედეგად მყისიერად დაიღუპნენ. ამის მიუხედავად, ისევ გაურკვეველი რჩება, საიდან ისმოდა კაკუნი.
თუმცა ყველა იმედი მაშინ გადაიწურა, როცა საძიებო ჯგუფმა ოკეანის ფსკერზე წყალქვეშა ხომალდის ნამსხვრევებს მიაგნო. დადგინდა, რომ "ტიტანი" მოგზაურობის დაწყებიდან 1 საათისა და 45 წუთის შემდეგ აფეთქდა. წყლის უზარმაზარმა წნევამ ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი შეიწირა.
წყარო: nypost
მოამზადა: ანა სიბოშვილმა