ავტორი:

ტყვეებით ვაჭრობა "შავ ბაზარზე" - რუსეთში ტყვედ ჩავარდნილ უკრაინელ ჯარისკაცებს გროზნოში ყიდიან,: რას წერს The Times?

ტყვეებით ვაჭრობა "შავ ბაზარზე" - რუსეთში ტყვედ ჩავარდნილ უკრაინელ ჯარისკაცებს გროზნოში ყიდიან,: რას წერს The Times?

ჩეჩენი სამხედროები სხვადასხვა რუსული დანაყოფებისგან, ტყვედ ჩავარდნილ უკრაინელ ჯარისკაცებს ყიდულობენ, გროზნოში მიჰყავთ და შემდეგ მათ კოლეგებში ცვლიან.

"შავ ბაზარზე" ტყვეების გაყიდვის პრაქტიკის შესახებ უკრაინის სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენელმა პიოტრ იაცენკომ გამოცემა The Times-თან ისაუბრა.

სტატიაში მოთხრობილია ამ გზით გაყიდული ერთ-ერთი უკრაინელი ჯარისკაცის ისტორიაც. უკრაინის 21 წლის მოქალაქე, ვიაჩესლავ ლევიცკი ჰყვება, რომ ის რუსებმა გასული წლის თებერვალში, დონეცკის ოლქის სოფელ ავდეევკასთან მას შემდეგ დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს და რამდენიმე დღის შემდეგ ჩეჩნურ ქვედანაყოფს გადასცეს.

ლევიცკი ჩეჩნებმა გროზნოში წაიყვანეს, სადაც მას ყინვისა და სამედიცინო დახმარების გაუწევლობის გამო, ორივე ფეხისა და მკლავის ამპუტაცია ჩაუტარდა.

მას შემდეგ, რაც ჯარისკაცის მდგომარეობა სტაბილური გახდა, სარდაფში გამოკეტეს, სადაც მისი თქმით, კიდევ 60-მდე უკრაინელი იმყოფებოდა. როგორც ლევიცკი ჰყვება, გასულ წლის ივნისში ზოგიერთი მათგანი კადიროვის ჯარისკაცებში გაცვალეს.

The Times კიდევ ერთი უკრაინელი სამხედროს, სერგეი პოტრემაის ისტორიასაც გვიყვება. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, პოტრემაი ჯერ სცემეს, დააშინეს და აშიმშილეს, შემდეგ კი კადიროვს გადასცეს. პოტრემაის თქმით, გროზნოს სარდაფებში 39 უკრაინელი ჯარისკაცი იყო და 2023 წლის 11 ივნისს მხოლოდ 9 მათგანი გაცვალეს.

ჩეჩნეთში გადაყვანილი უკრაინელი პატიმრების ზუსტი რაოდენობა უცნობია. დაუდგენელია ისიც, გრძელდება თუ არა მსგავსი გაყიდვები და რამდენად ხშირია ეს პრაქტიკა.

სამხედრო ტყვეთა უფლებებს საერთაშორისო კონვენციები იცავს და მათი დარღვევა საერთაშორისო სამართლით ომის დანაშაულად განიხილება.

მოამზადა: ანა სიბოშვილმა