ავტორი:

"ზაქრომ გუშინ გაიგო, რომ ცოლი და შვილი დაეღუპა... არ ვიცი, ამ ტრაგედიას როგორ გადაიტანს" - რას ჰყვება რუსების ტყვეობიდან დაბრუნებული ზაქრო ნონიაშვილის და?

"ზაქრომ გუშინ გაიგო, რომ ცოლი და შვილი დაეღუპა... არ ვიცი, ამ ტრაგედიას როგორ გადაიტანს" - რას ჰყვება რუსების ტყვეობიდან დაბრუნებული ზაქრო ნონიაშვილის და?

ოგორც ცნობილი გახდა, გუშინ რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლდა "აზოვსტალის" დამცველი ზაქრო (ზახარ) ნონიაშვილი და ის უკრაინაში დაბრუნდა.

ამის შესახებ უკრაინის სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკოორდინაციო შტაბში განაცხადეს.

"2022 წლის მაისში, "აზოვსტალიდან" ევაკუაციის შემდეგ, ის ხელში რუს ტერორისტებს ჩაუვარდა ცოლ ტატიანასთან ერთად. ექვს თვეზე ნაკლებ დროში ქალის გაცვლა და უკრაინაში დაბრუნება მოხერხდა. ტატიანა ორ ქალიშვილთან ერთად დნიპროში დასახლდა. თუმცა. 2023 წლის 14 იანვარს რუსებმა რაკეტით დაარტყეს საცხოვრებელ კორპუსს, სადაც ოჯახი ცხოვრობდა, მომხდარის შედეგად ტატიანა და მისი უმცროსი ქალიშვილი დაიღუპნენ, ასევე დაიღუპა ზაქროს მეუღლის დედა", - ნათქვამია შტაბის განცხადებაში.

AMBEBI.GE ტყვეობიდან გათავისუფლებული მებრძოლის დას, ნონა ნონიაშვილს ესაუბრა:

"ზაქრო რუსების ტყვეობაში 2022 წლის 17 მაისიდან იყო. ახლა, 50-ე გაცვლა იყო და ჩემი ძმა ძლივს მოხვდა სიაში. მისი გათავისუფლების შესახებ ზაქროს უკრაინელმა მეგობარმა მაცნობა - სანამ სიები დაიდებოდა, საინფორმაციოში გავრცელდა ინფორმაცია. ზაქრო ლამის 2 წელი იყო ტყვეობაში, ის აზოვსტალში, ქალაქ მარიუპოლის ტერიტორიულ დაცვაში იბრძოდა. მაშინ ქალაქის დაცვაში ბევრი სამოქალაქო პირი წავიდა და ესენიც ჩაებნენ, არ იყვნენ მებრძოლები, უბრალოდ, თავიანთი ქალაქი უნდა დაეცვათ.

ზაქრო და ნონა ნონიაშვილები

ჩემი ძმა უკრაინის მოქალაქეა, 40 წელია, რაც უკრაინაში, კერძოდ, მარიუპოლში ცხოვრობდა. ჩვენ ახმეტის რაიონში, მატანში ვცხოვრობთ. ზაქრო ჯარში მსახურობდა ქალაქ ჟდანოვში, მერე ცოტა ხნით ჩამოვიდა საქართველოში და ისევ უკან გაბრუნდა, იქვე დაოჯახდა. რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო თუ არა, ზაქრო და ტატიანა მოხალისეებად წავიდნენ, მერე ორივენი ტყვედ ჩავარდნენ. ტატიანა 6 თვე იყო ტყვეობაში, როცა გამოვიდა, სადღაც თვენახევარში კორპუსის აფეთქებაში მოჰყვა და დაიღუპა შვილთან და დედასთან ერთად. ჩემმა ძმამ ამ ტრაგედიის შესახებ გუშინ გაიგო, როცა გათავისუფლდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამ ფოტოზე ზაქრო ნონიაშვილი შვილთან, ლიანასთან ერთადაა აღბეჭდილი. ლიანა ოკუპანტების თავდასხმისას დაიღუპა

ზაქროს 2 შვილი დარჩა - ერთი ჩვენთანაა, მეორე მარიუპოლში დარჩა. ზაქრო ჯერ არ შეგვხმიანებია, ჯერ არ ვიცი მისი ადგილსამყოფელის შესახებ, ალბათ უკრაინის ნეიტრალურ ტერიტორიაზე იქნება. წარმოდგენაც არ მინდა, რა მდგომარეობაშია ახლა ზაქრო, მეშინია დალაპარაკების, არ ვიცი, წინ რა გველოდება, როგორ გადაიტანს, ამხელა ტრაგედიას, ან რას მოიმოქმედებს. თან მიხარია, თავისუფლებაზე რომაა, თან შოკში ვარ“.

ნახეთ ასევე: