კონფლიქტის ზონის "ტაქსისტები" - სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მოსიარულე მედროგეები

კონფლიქტის ზონის "ტაქსისტები" - სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მოსიარულე მედროგეები

გზა, რომელსაც რამდენიმე მედროგე დღის განმავლობაში გადის, ძალიან სახიფათოა. განსაკუთრებით ახლა, როცა თხილზე ან, სულაც, უკვე გაყიდული თხილიდან აღებულ ფულზე დაგეშილი სეპარატისტები ნადირობენ. ამ შემთხვევაში არც გზასაცდენილი ქართველები იხევენ უკან და არც რუსი სამხედროები. ფული ყველას უყვარსო, - ამბობენ დევნილები. ვინ რისი მაქნისია და სად გადის ზღვარი ფულის შოვნის სურვილსა და პატიოსნებას შორის, ყველაზე კარგად იმ მედროგეებმა იციან, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში კონფლიქტის ზონის სხვადასხვა სოფელსა და ზუგდიდს შორის რამდენიმე კილომეტრს გადიან. ცხენი და "ტაჩკა", მართალია არაკომფორტული, მაგრამ ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია. გალის გაველურებული სოფლების შემოვლით გზებზე ხიფათის შემჩნევის შემთხვევაში, თხილითა და სხვა სანოვაგით დატვირთული "მძღოლი" შეჩერდება და მხოლოდ ხიფათის ჩავლის შემდეგ დაიძვრება. ამ ყველაფერს ცოდნა უნდა, რათა მოწინააღმდეგის ხელში არ ჩავარდე. ცოდნას კი თანდათან, გამოცდილებასთან ერთად აგროვებენ.

მამუკა არონია, 47 წლის:

-  სტაბილური სამსახური საბჭოთა წლების შემდეგ არ გვინახავს. ომამდე მილიციაში ვმუშაობდი და ნორმალური ანაზღაურებაც მქონდა. ახლა მილიციაში მუშაობა აფხაზების სამსახურში ყოფნას ნიშნავს. როცა ვითარება ჩაწყნარდა, შემომთავაზეს, გამოცდილება გაქვს, საქმე იცი და იმუშავე ჩვენთანო, უარი ვუთხარი, ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს-მეთქი. მიხვდნენ, რატომაც ვთქვი უარი და დავიმახსოვრებთო, შემომითვალეს. რამდენიმე დღის შემდეგ სახლში მომადგნენ და ჩემი თხილის პლანტაციების აღწერა ჩაატარეს. ოპერატიული ჯგუფის უფროსმა მითხრა, ჯანმრთელობა არ გქონია და ამხელა მიწას ვერ დაამუშავებ, ცოტა ჩვენ უნდა დაგვითმოო და მოვლილი თხილის პლანტაციები ჩემ თვალწინ ვიღაცას ჩააბარეს. რას ვიზამდი?.. ხომ გაგიგიათ, ძალა აღმართს ხნავსო. სამი შვილი მყავს და არ მყოფნის ნახევარ ჰექტარ მიწაზე მოყვანილი თხილი. ისიც კაპიკები ღირს აფხაზეთში და გვაიძულებენ, იქ ჩავაბაროთ, როცა ზუგდიდის ბაზარში თხილის ფასი 4 ლარამდე ადის.

-  ენგურს აქეთ "ტაქსაობა" როდის დაიწყეთ?

-  თავიდან ჩემი თხილის ჩასაბარებლად გადმოვიპარე ენგურს აქეთ. შემდეგ თანდათან კლიენტიც "ავკრიფე" და რუსებიც შემოვიჩვიე. ახლა უკვე ვიცი მათი სუსტი წერტილი, "პოლ ლიტრა" და პრობლემაც მოგვარებულია. ჩემმა ცხენმა ისე კარგად იცის ჩემი სახლიდან ზუგდიდამდე გზა, რომ ერთხელ ღამენათევს ჩამეძინა და დილას რომ გამეღვიძა, ჩემი სახლის ჭიშკართან ვიდექი.

-  ალბათ რისკი დიდია, არა?

-  დიახ, ჯარიმაა. კურიოზია, მაგრამ ჩემი "ტრანსპორტითაც" ის თანხაა ჯარიმა, რაც ავტომანქანით... ერთხელ გამომიჭირეს, გალის მილიციის განყოფილებაში წამიყვანეს და დამაჯარიმეს, ტვირთიც წამართვეს და ეროვნული ვალუტით 500 ლარამდე მიმატანინეს. სხვათა შორის, კარგი და ცუდი იმათშიც არის, ან უბრალოდ, მოჰბეზრდათ მუდმივად "ომობანას" და მტრობის თამაში. ზემოდან მისაყვედურებენ, თორემ დღესვე გაგიშვებდი სახლშიო, მითხრა განყოფილების უფროსმა. მაშინ გალის მილიციაში სისასტიკითა და ქართველთმოძულეობით ცნობილი აფხაზები, ტურნანბა და კვიცარიებიც მუშაობდნენ, მაგრამ გამიმართლა, ისინი არ დამხვდნენ. თხილის სეზონია და შემოვლაზე არიან წასულებიო, მითხრეს. ერთი თვე ვაგროვებდი ჯარიმის ფულს, ისევ ქურდულად დავდიოდი ერთი სოფლიდან მეორეში და იქიდან - ენგურის ხიდამდე. ამ ხნის განმავლობაში იმდენნაირ ადამიანს გადავეყარე, იმდენი ადამიანური ისტორია მოვისმინე, აქამდე წარმოდგენაც რომ არ მქონდა.

-  მაინც?

-  ყველას, რა თქმა უნდა, ვერ გავიხსენებ. ერთი სოფლიდან მოხუცი კაცი დამყვებოდა. სეზონზე იმდენჯერ მიწევდა მისი სამეგრელოში წაყვანა, მისი ოჯახის ისტორია თავიდან ბოლომდე ზეპირად ვიცოდი. დიდი ხნის განმავლობაში რუსეთში, არხანგელსკში ცხოვრობდა და ხის ბიზნესი ჰქონდა. ძმები საოჯახო ბიზნესწილებში ყოფილან ჩართული. ყველა, ვისაც ნარკოტიკის ფული შემოაკლდებოდა, მათ აკითხავდა ხოლმე. რამდენჯერაც გავყარე, იმდენჯერ შემომიძვრენო. ერთი სიტყვით, შვილი და ძმისშვილი ერთ დღეს დაეღუპა ნარკოტიკით, მას შემდეგ ყველაფერი გავყიდეთ და საქართველოში დავბრუნდითო. ამ დროს აფხაზეთი უკვე დაკარგული ყოფილა და გალში ისეთი ამბები ტრიალებდა, ყოველდღე ვნანობდი, რომ ჩამოვედიო. სამი გოგო ჰყავდა. მწარედ ხუმრობდა, ამათ იმედზე დავრჩიო... ზოგჯერ, როცა გამთენიისას ან შუაღამეს ვაპირებდით ენგურისკენ წამოსვლას, მასთან ცოტა ადრე მივდიოდი და იმ დრომდე სახლში ვრჩებოდი. ათასნაირ დროსა და შემოვლით გზებს ვეძებდით, რომ მშვიდობით გამოგვეღწია იქიდან და ასევე მშვიდობით, უდანაკარგოდ დავბრუნებულიყავით.

-  იქაური გზები არ იცოდით?

-  კი, მაგრამ როცა ერთი და იმავე გზით ხშირად ვსარგებლობდით, გვამჩნევდნენ და მარშრუტის შეცვლა გვიწევდა... რუსულ სამხედრო ნაწილში განხორციელებულ ყოველ როტაციას შიშით ველოდით, რადგან ძველებს უკვე შეჩვეული ვიყავით, საერთო ენაც ნაპოვნი გვქონდა და იყო შემთხვევები, როცა დაგვხმარებიან კიდეც.

-  როგორ?

-  ცუდ ამინდში, როცა მდინარე ენგური ადიდებულია, ის გზა მოჭრილი გვაქვს, ამ დროს მხოლოდ შემოვლითი გზებით უნდა ვიმოძრაოთ. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა ისინი სამხედრო წვრთნებს ატარებდნენ და სრულიად მოულოდნელად გადაგვეყრებოდნენ, მაგრამ არაფერი დაუშავებიათ. გვკითხავდნენ, საით გაგიწევიათ, "ჭაჭა" თუ მოგეპოვებათ, დაგვიტოვეთო. გალში ამის მეტი რა არის და ჩვენც ერთი-ორი ბოთლი ყოველთვის გვაქვს გადანახული. სხვათა შორის, ბევრად უფრო სახიფათოა აფხაზური მილიციის თანამშრომელთან ან ქართველ კრიმინალებთან შეხვედრა, რადგან მათ არყით ვერ მოიშორებ. ფული უნდათ.

ერთხელ ვიღაც ახალგაზრდა რუსი გამომელაპარაკა. უფრო სწორად, იმდენად არ ჰგავდა რუსს, სამხედრო ფორმა რომ არ სცმოდა, ვერც ვიფიქრებდი, რომ რუსი იყო. ერთი სოფელი დამისახელა, თუ იცი სად არისო. თან უბის წიგნაკში იხედებოდა და რაღაცას კითხულობდა. მივხვდი, ვიღაცის მისამართი ეწერა. ის სოფელი უხვმოსავლიანობით განთქმულია და ვიფიქრე, შეიძლება, ვიღაც მიზანში ჰყავთ ამოღებული-მეთქი. რუსი სამხედროები და აფხაზური მილიციის თანამშრომლები ხშირად ურთიერთშეთანხმებით მოქმედებენ. შემომიჯდა კოფოზე, კაცურად, იმ სოფელში წამიყვანეო. თან მეორე "სალდათიც" ახლდა და კაი დედისშვილი ვიყავი, უარს ვეტყოდი. ერთი სული მქონდა მეკითხა, სად მიდიოდნენ, მაგრამ ვერ გავბედე. მთელი გზა გოგონებზე და ჯარში არსებულ ნახევრად ველურ პირობებზე ლაპარაკობდნენ. ერთ ჯარისკაცს დიზენტერია დამართვია, მეორეს - ფილტვების ანთება, დეზერტირობის უამრავი შემთხვევა გაიხსენეს. ეს ბიჭი ამბობდა, საქართველოში ჩამოსვლა აუცილებლად მჭირდებოდა, თორემ დედაჩემს კომისარიატში ახლობელი კაცი ჰყავდა და შეგვეძლო სხვაგან გავენაწილებინეთო. როცა იმ სოფლამდე მივაღწიეთ, იმ ჩემი ახლობელი კაცის სახელი და გვარი მითხრა, მის სახლში მიმიყვანეო. შევცბი, ვერ მიგიყვანთ, ბიჭებო, თუ გინდათ აქვე დამხვრიტეთ-მეთქი. ჩემს შეშინებულ სახეზე პირველს გაეღიმა, მეორემ კი გადახარხარა. მერე პირველმა მხარზე ხელი დამარტყა, - მიდი, მიდი, ჩვენ საშიში არ ვართო.

-  რა უნდოდათ, არ გითხრეს?

-  არა, არ მითხრეს. იარაღი რომ მოებჯინათ, მართლა არ წავიდოდი, მაგრამ ისე მითხრეს, ვიფიქრე, მართლა არ ჩანან საშიშები-მეთქი... მოკლედ, მივედით დანიშნულ ადგილამდე. კაცს რუსი ჯარისკაცების დანახვაზე ფერი ეცვალა და განწირული თვალებით შემომხედა, ეს რა მიქენიო, მაგრამ როგორც კი მათ ერთად მოვკარი თვალი, მაშინვე ყველაფერს მივხვდი, - ის ბიჭი ძალიან ჰგავდა ამ გალელს. ამის გაფიქრება იყო და ამ ბიჭმა გულის ჯიბიდან ფოტო ამოიღო, რომელზეც ვიღაც ქალი და პატარა ბავშვი იყვნენ გამოსახული. კაცს თვალები შუბლზე აუვიდა და ამ ბიჭისკენ ჩასახუტებლად გამოიწია, მაგრამ იმან უკან დაიხია. ყველაფერი გასაგები იყო, როგორც თითქმის ყველა ქართველს, ამასაც რუსეთში ცოლი ჰყავდა, რომელმაც შვილი გაუჩინა და წლების შემდეგ, როცა შვილი წამოიზარდა და სამხედრო გაწვევა მოუვიდა, საქართველოში, აფხაზეთში გაამწესეს. დედამ მომცა თქვენი მისამართიო, უხერხულად იღიმოდა ნახევრად რუსი ბიჭი... კაცი სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო. მასპინძელმა სახლში შეგვიპატიჟა. ყველგან გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭის ფოტოები ეწყო. ეტა ტვოი ბრატ, - უთხრა მამამ შვილს. მართლა ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს.

-  ოჯახის დიასახლისი როგორ შეხვდა ამ ამბავს?

-  სხვათა შო­რის, ძალიან გახარებული იყო. განათლებული ქალბატონი ჩანდა, იმ კაცმა იხუმრა, ჩემი ცოლი კარგად მიგებსო. სამივე ქალიშვილი გამოვიდა ძმის გასაცნობად. პირდაღებული ვუყურებდი... იმ ნახევრად ქართველ ჯარისკაცს ქართული თვისებები ჰქონდა. ალბათ გენი თავისას შვრება. რუს ძმაკაცს გაეხუმრა, ჩემს დებს ცუდად არ შეხედო, თორემ თვალებს დაგთხრი, შენისთანა "ბომჟი" სიძედ არ მინდაო. ამასობაში ხარი დაკლეს. როგორც გავიგე, ამ გალელს შვილისთვის გვარიც არ ჰქონდა მიცემული, მაგრამ რა პრობლემაა, დღესვე მოგცემო, უთხრა. ჯარისკაცს გაეცინა, მგონი ის დროა, თქვენც ჩვენს გვარზე გადმოდიოდეთო...

მთელი ღამე ვიქეიფეთ. მეორე დღეს ის ბიჭები ისევ მე წამოვიყვანე. იმდენი ხორაგი გამოგვატანეს, ნაწილთან მოსულებმა ბიჭებს გასძახეს და ლამის ერთი საათი ცლიდნენ. მას შემდეგ ხშირად დამყვებოდა მამასთან სახლში. ის კაციც ხშირად აკითხავდა, შემწვარი გოჭებით, ხაჭაპურებითა და ჭაჭით დატვირთული. ჯარის დასრულების შემდეგ სახლს დავუმტკიცებ და ჩემთან ვაცხოვრებო, ამბობდა და ასეც მოიქცა, ახლა ის ბიჭი ხან აფხაზეთშია, ხანაც - რუსეთში, დედასთან.

-  დედაც ხომ არ ჩამოიყვანა?

-  მეც ვკითხე ხუმრობით. არაო, მითხრა, დედას სხვა ოჯახი აქვს, ქალაქის მერის მოადგილის ცოლია და სოფლელი ქმარი რად უნდაო... კაცს უხაროდა, ჩემს ბიჭს აქაურობა მოეწონა და ტრადიციებსაც კარგად ითვისებსო. რუსი სამხედროები თუ იმ კაცს სადმე გადააწყდებიან, ხელს აუწევენ ხოლმე, - პრივეტ, ატეცო!..

-  რა ღირს მგზავრობა გალის რომელიმე სოფლიდან ზუგდიდის ბაზრამდე?

-  გაჩნია სოფელს და ტვირთს, "ტუდა-აბრატნი" ეროვნული ვალუტით 30 ლარია, ზოგჯერ 50 ლარიც ამიღია. თუ ორნი მოდიან, უფრო დიდი "ტაჩკით" მივდივარ, ტვირთსაც მეტს ვდებ და თანხაც მეტი მრჩება.

-  ყოველდღე გიწევთ მუშაობა?

-  არა, პრაქტიკულად ერთი დღე-ღამე გზაში ვარ და მეორე დღეს თუ არ დავისვენე, ფიზიკურად ვერ გავძლებ... ერთხელ გზები ისეთი გადათხრილი იყო, მანქანა ვერ გაივლიდა. თუ სწორად მახსოვს, გაერო აკეთებდა ცენტრალურ გზებს. ჩემს მეზობელს ცოლად სოხუმელი აფხაზი გოგონა ჰყავს. მისი მშობლები იყვნენ მოსული და დედას ინსულტი დაემართა. იცით, ალბათ, რომ სასწრაფო დახმარება და სოფლის სამედიცინო პუნქტი ჩვენთვის წარმოუდგენელი ფუფუნებაა და უცებ ისღა მოვიფიქრეთ, ავადმყოფი გალის ცენტრალურ საავადმყოფომდე მიგვეყვანა, იმ იმედით, რომ მერე რაღაც საშველი გამოჩნდებოდა. გზაში "პერესტრელკა" ატყდა, რომელიღაც კრიმინალურმა დაჯგუფებებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. ჩვენ შუაში ვიყავით და ლამის ჩაგვცხრილეს. ხელებაწეული ვყვიროდი, ავადმყოფი მიგვყავს და გამატარეთ-მეთქი. ამასობაში ადგილზე აფხაზური მილიცია და რუსი სამხედროებიც მოვიდნენ. რუსებმა გაგვაჩერეს, გაგვარკვიეთ, რა ხდებაო. როცა ავუხსენით, გაოცდნენ, რა უცნაური ხალხი ხართ ეს ქართველები და აფხაზები, რამდენიმე წელი ერთმანეთს დაუნდობლად ხოცავდით და ახლა ერთმანეთისთვის სიცოცხლეს არ ზოგავთო... რა ვქნა, ვრისკავ, მაგრამ სხვანაირად ვერ ვიმუშავებ, ოჯახს რჩენა ხომ უნდა. ასეთ დღეშია ყველა ცხენით "მოტაქსავე".

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?