ცხოვრება დაუცველ ზონაში

ცხოვრება დაუცველ ზონაში

"ძალიან კეთილი და გულღიაა ჩემი შვილი... თავად გაჭირვებულები ვართ და სულ ცდილობდა, სხვისთვის მოემართა ხელი. გაჭირვებაზე რომ წავიწუწუნებდი, - გარშემო ყველას უჭირსო, მეტყოდა! - მე ჩემს გასაჭირს ვტირი, შვილო-მეთქი... 2008 წლის ომის შემდეგ იმდენი რამე გადავიტანეთ, გვეგონა, საკმარისი იქნებოდა, მაგრამ ამ კუთხის შვილებისთვის მშვიდობა ჯერ კიდევ სანატრელია და არავინ იცის, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ასე", - ამბობს როსტომ სოსიაშვილის დედა, მაია ქოქოშვილი. რამდენიმე დღის დღის წინ გატაცებული შვილის შესახებ ჯერაც არაფერი იციან. "ტელევიზორს ვართ მიჩერებულები, უკეთესი ინფორმაციის მოლოდინში, მაგრამ ჯერ არაფერი ხდება. სავარაუდოდ, ჩემი შვილი ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ"... - საუბრისას ხმა უწყდება. შვილის ჯანმრთელობაზე ნერვიულობს, რომ მედიკამენტის გარეშე მისი დარჩენა არ შეიძლება, მუდმივი თვალყური და სამედიცინო დახმარება ესაჭიროება...

მაია ქოქოშვილი:

- არ ვიცი, რა გითხრათ... ცოცხალ-მკვდარი ვარ!.. ვერაფერს ვშველი შვილს. არ ვიცოდე მაინც, ვისთან გვაქვს საქმე. წლებია, ასე გრძელდება. მუდმივად შეზღუდულები ვართ - საკუთარ ბაღშიც ვერ გადავსულვართ მოსარწყავად, არადა, მოსავალი დათესილი გვაქვს და თუ არ მორწყე, გახმება... ახლა მოსავლის დარდი არ მაქვს, ოღონდ შვილი ცოცხალი დამიბრუნდეს. ეს დღეები ტირილის მეტს არაფერს ვაკეთებ. ჩემი ქმარი დარდით აღარ არის. ღამეები არ გვძინავს. ბიჭს ტუბერკულოზი დაუდგინეს, მოუკვდეს დედა!.. ორჯერ ამოუღეს წყალი ფილტვებიდან... ღამე მის ნივთებთან ჩახუტებულს მძინავს. დღე მოთქმით დავდივარ, - ჩემს დაკარგულ შვილთან ერთად, აქაურების სატკივარსაც ვტირი... სატირალი კი ნამდვილად გვაქვს, - აქ, სადაც ისინი ცხოვრობენ, არც ომია და არც მშვიდობა. ერთ დღეს ყველანი სადმე გადავიხვეწებით და აქაურობაც დაიცლება...

- ასეთი შემთხვევები ხშირია?

- ამ ბოლო დროს გახშირდა... ხანდახან სროლებიც ისმის. ძალიან ძნელია კონფლიქტის ზონაში ცხოვრება. მუდმივად დაუცველი ხარ. ეზოდან გასვლის გვეშინია... გადმოცემით ვიცი, რომ შორიახლოს 13-14 წლის ბავშვები ნახირს აძოვებდნენ. როსტომს დაუნახავს, რომ ბუჩქებიდან რუსი სამხედროები გამოსულან და ბავშვებისკენ წამოსულან. ჩემს შვილს მათი გაფრთხილება უცდია და ამ დროს დაუკავებიათ. - რუსი მესაზღვრეები იყვნენ, როსტომს ხელბორკილები დაადეს, "ვილისში" ჩასვეს და წაიყვანესო, - თქვეს აქაურებმა.

- საით წაუყვანიათ?

- ცხინვალისკენო, ასე თქვეს... იმ ტერიტორიას ქართველები აკონტროლებენ, მაგრამ რუსები მაინც გადმოდიან... რომელი ერთი ვიდარდო, არ ვიცი. რას უზამენ ჩემს შვილს, სცემენ, დააპატიმრებენ თუ რა მოაფიქრდებათ? ცემას ვერ აიტანს. ჯანმრთელობა არ აქვს, მოუკვდეს დედა... ერგნეთში მოლაპარაკებები მიმდინარეობსო, თქვეს. ჯანმრთელი მაინც იყოს და ეს მაინც არ მქონდეს სადარდებელი. პირადობაც არ აქვს და იმასაც ვნერვიულობ, ვაითუ, იქიდან გადმოყვანისას პრობლემები შეექმნას.

- პირადობის მოწმობა რატომ არ აქვს?

- მრცხვენია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ საშუალება არ გვქონდა, რომ პირადობისთვის საჭირო ფული გადაგვეხადა. არადა, 24 წლის არის უკვე ბიჭი... ერთ ოთახში ხუთი სული ვცხოვრობთ. სოციალური დახმარებაც არ გვაქვს, შეგვიჩერეს და არც აუხსნიათ, რატომ მოიქცნენ ასე... არც სამედიცინო დაზღვევა გვაქვს, მხოლოდ პოლისით სარგებლობა შეგვიძლია, მაგრამ პირადობის მოწმობის არქონის გამო, ჩემს ბიჭს პოლისიც არ აქვს... გაჭირვება ჩემი ოჯახისთვის და ზოგადად, აქაურებისთვის, ახალი არ არის. მე და ჩემს მეუღლეს სამი შვილი გვყავს. მუშაობა არ გვეზარება, მაგრამ მოსავლის მოყვანას ბოლომდე მიყოლა სჭირდება, ნათესმა და ნარგავმა რომ გაიხაროს, უნდა მორწყა, რისი საშუალებაც არ გვაქვს.

კახა სოსიაშვილი, როსტომის ძმა:

- როსტომი ჩემზე ერთი წლით უფროსია. ძალიან კარგი ადამიანია. ისეთი კეთილია, სხვის გამო, ვინც უნდა იყოს ის, გულს ამოიღებს... ბოლო დროს ძალიან დასუსტდა, უამრავ მედიკამენტს იღებდა. ხშირად წამლის ფული არ გვქონდა და ძალიან ნერვიულობდა, - მე ვერაფერში გეხმარებით, პირიქით, ტვირთად გაწვებითო. სოფელში ხომ იცით, სულ საქმეა. როსტომი სუსტად იყო და ვერ გვეხმარებოდა.

- დიდი ხანია, ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს?

- ამ ბოლო დროს ძალიან გაუუარესდა. ისე კი, ყოველთვის სუსტი ბავშვი იყო, დაბალი სიცხეები ჰქონდა და ახველებდა.

- კახა, ვიცი, რომ კიდევ ერთი დედმამიშვილი გყავთ, არა?

- დიახ, 15 წლის დაც მყავს. სკოლაში დადის, ოღონდ ყოველთვის ვერ ახერხებს, - ხან რა პრობლემა გვაქვს, ხან - რა. ზოგჯერ, უბრალოდ, ქუჩაში გამოსვლაც სახიფათოა და ამიტომაც ვერიდებით მის გაშვებას, ზოგჯერ კი მატერიალური პრობლემები უშლის ხელს... ოჯახის წევრებიდან არც ერთი არ ვმუშაობთ. სტაბილურ სამუშაოს ვგულისხმობ, თორემ მე და მამაჩემი დღიური საქმის გამოძებნას ვახერხებთ... აქ ყველა ასეა. თუ მოსავალმა გაამართლა, ვითარებაც მშვიდია და თუ მისი აღება დაგვაცადეს, კიდევ არა გვიშავს.

- სოციალური სააგენტოდან დახმარების აღდგენის თაობაზე არავინ დაგკავშირებიათ?

- არა, არავინ მოსულა... დედაჩემს "წითელი ჯვარიდან" დაურეკეს, გადასვლას ვაპირებთ და თქვეს, მედიკამენტებს ჩავუტანთო, მაგრამ არავინ გადასულა... რა ხდება, როგორ არის ჩემი ძმა, არაფერი ვიცით. რა საშინელი ყოფილა გაურკვევლობაში ყოფნა.

დათო, როსტომ სოსიაშვილის ნათესავი:

- აქ ყველანი ერთმანეთს ვუმართავთ ხელს და ისე ვცხოვრობთ. სხვანაირად გაძლება შეუძლებელია. ამას წინათ, სადღაც წავიკითხე, იქაურები რუს მესაზღვრეებს მშვენივრად ეწყობიანო, - არ არის ასე. რუსი რომ ჩვენს ბაღში ხილს მოწყვეტს, მაგის გამო თოფს ვერ ვესვრით. ასე თუ მოვიქეცით, უარეს შედეგს მივიღებთ და ხელს ვერავინ შეუშლის. საკმარისია, აქ ერთი დღე გაატაროს ადამიანმა და ამაში თავად დარწმუნდება... ჩვენი ერთადერთი შემოსავალი ხილ-ბოსტნეულია და ზოგჯერ იმასაც გვართმევენ. უმუშევრობა ყველას გვაწუხებს. ადგილობრივთა დიდ ნაწილს სოციალური დახმარება გაურკვეველი მიზეზითა და ვადით შეუწყვიტეს. თუ ბაღებს არ მოვუარეთ და ის მცირედი შემოსავალი მაინც არ მივიღეთ, შიმშილით დავიხოცებით, მაგრამ მათი მოვლა სარისკოა. იმათ, ვინც რუს მესაზღვრეებთან "საამურ" ურთიერთობაში გვადანაშაულებს, ალბათ არც კი იციან, რომ აქ ისეთი გაჭირვებული ოჯახები ცხოვრობენ, რომლებიც დილიდან საღამომდე მდინარე ლიახვში თევზაობით ირჩენენ თავს. ბევრს ისე უჭირს, შვილებს სკოლაში ვერ უშვებენ... ვიცი, ჩემს ნათესავ სოსიაშვილებს მოერიდებოდათ და თავიანთ გასაჭირზე ბოლომდე არ მოგიყვებოდნენ: - ერთ ეზოში ორი ძმა ცხოვრობს. ერთ პატარა ოთახში არიან თავმოყრილი სამი შვილი, მათ შორის - ავადმყოფი როსტომი და დედ-მამა... ცოდვას ვერავინ იტყვის და მაგათ სიზარმაცეს ვერავინ დააბრალებს, მაგრამ ჩვენს შრომას რა აზრი აქვს?..

- სასაზღვრო პოლიცია დადის სოფელში?

- ხუმრობთ ალბათ... ქართულ პოლიციას რუსები ანგარიშს საერთოდ აღარ უწევენ. არც ჩვენები რისკავენ მათთან დაპირისპირებას... ეს პრობლემა მხოლოდ დიცს არ ეხება. სოფელ დვანში დედულეთი მაქვს და იქაც ასე ხდება. სოფელში ცხოვრება შეუძლებელი გახდა, რის გამოც ბევრმა სახლ-კარი დატოვა... სხვისი არ ვიცი და ჩვენთვის უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა.

შს სამინისტრო აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ზოგადი ინფორმაციით შემოიფარგლა. როგორც უწყებაში გვითხრეს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და როგორც კი რაიმე გახდება ცნობილი, საზოგადოებას მაშინვე აცნობებენ...

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის ერგნეთში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა, რომ შეხვედრამ საკმაოდ მძიმე ვითარებაში ჩაიარა.

"მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ შეხვედრამ მშვიდ გარემოში ჩაიარა. საკმაოდ ცხელი პოლემიკა იყო. ქართული მხრიდან, უმთავრეს პრობლემად, რა თქმა უნდა, რუსი მესაზღვრეების მხრიდან ოკუპაციის ხაზზე მავთულხლართების უკანონოდ გავლების საკითხი დადგა. წარმოვადგინეთ კონკრეტული მასალები დიცში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ასეთი პრობლემები მხოლოდ დიცს კი არა, სხვა სოფლებსაც ეხება. მოვთხოვეთ ოსურ და რუსულ მხარესა და საერთაშორისო ორგანიზაციებს (ვგულისხმობ ეუთოსა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელებს), რომ აქტიურად დაინტერესდნენ ამ პრობლემით. სამწუხაროდ, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების მხრიდან ვერავითარი ლეგიტიმური არგუმენტი ვერ მოვისმინეთ. მათ არ აქვთ პასუხი, რატომ ხდება ადგილობრივებისთვის ყოველდღიური ცხოვრების გართულება. ისინი აცხადებენ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის არსებობს გარკვეული შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს მათი დე ფაქტო საზღვრის დაცვას. აღნიშნული "არგუმენტი" ქართული მხარისთვის მიუღებელია და ამაზე მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?