ბეგბედერი ქართველ მკითხველს უბრუნდება

ბეგბედერი ქართველ მკითხველს უბრუნდება

"რაც უფრო მეტად ვეთამაშები თქვენც ქვეცნობიერს, მით უფრო ადვილად მემორჩილებით" - არ ვიცი, რამდენად აქტიურად ეთამაშა ამ ფრაზის ავტორი ქართველი მკითხველის ქვეცნობიერს, მაგრამ მან ნამდვილად მოახერხა ქართველი ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილის საკუთარი ლიტერატურით დაინტერესება. თუმცა, პუტინის გინება და ქართული სიტყვების გაჟღერება თბილიში ჩამოსვლისას, მის პერსონას ნამდვილად დაუწერდა კიდევ რამდენიმე პლუსს ბევრი ქართველის თვალში. მართლაც, რთულია დარჩე გულგრილი ასეთი სიტყვების ავტორის მიმართ: "...რა ლამაზი ქვეყანაა და რა საყვარელი ხალხია. ყოველთვე დავბრუნდები!! გაუმარჯოს საქართველოს და პუტინის დედაც!".

ყოველ თვე ალბათ ვერა, მაგრამ თუ ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოში კიდევ დაბრუნდება, დარწმუნებული ვარ, ქართველი მკითხველი ისევ დაარღვევს მასთან შეხვედრის წინასწარ გაწერილ წესებს, ავტორისგან რაც შეიძლება მეტი ავტოგრაფის მიღებისა და მწერალთან მეტი კომუნიკაციის დამყარების მიზნით. რთული სათქმელია, ცალსახად რამდენად კარგი ან ცუდია თანამედროვე მწერლის, ფრედერიკ ბეგბედერისა და მისი ლიტერატურის მიმართ ასეთი ინტერესის არსებობა ქართველ მკითხველში, თუმცა თავად ის ფაქტი, რომ საზოგადოებას რაღაცის წაკითხვის, რაღაცის გაცნობის დიდი სურვილი აქვს, პოზიტიურია.

მაინც რას წერს ასეთს ბეგბედერი და როგორ ახერხებს მკითხველის "შებმას"? ზოგადად, არ ვარ მომხრე კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზების განხილვის, მაგრამ ბეგბედერის ნაწარმოებები ის ნაწარმოებებია, საიდანაც უამრავი დამოუკიდებელი ფრაგმენტის "ამოჭრა" შეიძლება, რომლებიც ცხოვრებისეულ, აქტუალურ საკითხებს ეხება. აი, თუნდაც მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანიდან, "99 ფრანკი", მოყვანილი ეს ამონარიდი: "ცხოვრება ასე მიდის: იბადებით, კვდებით, შუაში კი მუცელი გტკივათ. ცხოვრება - ეს არის მუდმივი მუცლის ტკივილი: 15 წლისას იმიტომ გტკივათ, რომ შეყვარებული ხართ; 25-სას იმიტომ, რომ მომავალი გაშინებთ; 35 წლისას იმიტომ, რომ სვამთ; 45 წლისას იმიტომ, რომ ბევრს მუშაობთ; 55 წლისას იმიტომ, რომ შეყვარებული აღარ ხართ; 65 წლისას იმიტომ, რომ წარსულის მოგონებები გტანჯავთ; 75 წლისას კი იმიტომ, რომ კიბო გაქვთ, თანაც მეტასტაზებით. ინტერვალებში კი მხოლოდ ემორჩილებით: ჯერ მშობლებს, მერე მასწავლებლებს, შემდეგ სამსახურში უფროსებს, მოგვიანებით - მეუღლეებს, ბოლოს კი - ექიმებს"...

ან, თუნდაც ეს: "სიკვდილი იმდენად გარდაუვალია, რომ რატომღაც ყველას მოულოდნელად ატყდება თავს. არადა, სულ გგონია, რომ დრო კიდევ გაქვს! მერე, უცებ, ერთ მშვენიერ დღეს - ბრახ! და გადატრიალდები, რეგლამენტი ამოწურულია. სიკვდილი ერთადერთი პაემანია, რომელიც თქვენ ორგანაიზერში ვერ ჩაინიშნება."

ან კიდევ: "სულ ვცდილობდი გამეგო, ვის შეეძლო სამყაროს შეცვლა. ეს გრძელდებოდა იმ დღემდე, სანამ მივხვდებოდი, რომ ის, ვისაც ვეძებდი, შესაძლოა თავადვე ვყოფილიყავი".

ალბათ სწორედ იმ პრობლემების აქტუალობის გამო, რომლებსაც მწერალი საკუთარ ნაწარმოებებში სვამს, ან იმ იუმორის - რომელსაც ხშირად, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბეგბედერის რომანებში, ან, შესაძლოა, თავად ფრანგი მწერლის ქარიზმატულობისა და პოზიტიური ენერგეტიკის გავლენით, ფრედერიკ ბეგბედერი ლიტერატურულ სამყაროში დიდი პოპულარობით სარგებლობს. პოპულარობა მოიპოვა ქართველ მკითხველშიც, შესაბამისად, ერთ-ერთი ქართული გამომცემლობის განსაკუთრებული ინტერესიც დაიმსახურა. გამომცემლობა "პალიტრა L" ფრედერიკ ბეგბედერის შემოქმედების ექსკლუზიური გამომცემელია და ამჟამად საკუთარ თაროებზე ქართულ ენაზე გამოცემულ შვიდ დიდტანიან ნაწარმოებს ითვლის: "99 ფრანკი", "რომანტიული ეგოისტი", "ფრანგული რომანი", "საბოლოო აღწერა ჩამოფასებამდე", "Windows on the World", "მიშველე ბოდიში". უახლოეს მომავალში ქართველი მკითხველი ბეგბედერის "უნა და სელინჯერსაც" გაეცნობა.

"უნა და სელინჯერი" ფრედერიკ ბეგბედერს, როგორც მწერალს სრულიად განსხვავებული რაკურსით წარმოაჩენს. მისთვის დამახასიათებელ ირონიას ამ ნაწარმოებში სენტიმენტალიზმი და სევდა ანაცვლებს. წიგნი მკითხველს ცნობილი მწერლის, ჯერომ სელინჯერისა და იუჯინ ო'ნილის ქალიშვილის, უნას სიყვარულის ამბავს უყვება: სელინჯერისა და უნას რომანი რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება, რის შემდეგაც სელინჯერი ომში მიდის. უნა კი ჩარლი ჩაპლინს მიყვება ცოლად. სელინჯერის ცნობილი ნაწარმოები: "თამაში ჭვავის ყანაში" ამ დროს ჯერ შექმნილი არ არის. წინ არის ომის საშინელება, სელინჯერის იმედგაცრუება და მარტოსული სიბერე... შეიძლება ითქვას, რომ "უნა და სელინჯერი" რეალური ისტორიების ავტორისეული ინტერპრეტაციაა, სადაც მითისა და რელობის გარჩევა მკითხველის პრეროგატივაა.

ამბობენ, რომ ფრედერიკ ბეგბედერს თავბრუდამხვევი სიუჟეტები ხიბლავს, რომელშიც მისი მსგავსი ლიტერატურული პერსონაჟები მონაწილეობენ. რამდენად იქნება "უნა და სელინჯერის" სიუჟეტები თავბრუდამხვევი, გამოჩნდება თუ არა ნაწარმოებში ავტორის მსგავსი პერსონაჟი, სად მთავრდება რეალობა და იწყება ავტორისეული წარმოსახვა სელინჯერისა და უნას ისტორიის თხრობისას, ამას მკითხველი შეაფასებს. შეფასებაში კი მას ფრედერიკ ბეგბედერის ბიოგრაფიიდან მნიშვნელოვანი დეტალების შეხსენება კარგ სამსახურს გაუწევს:

პროზაიკოსი, პუბლიცისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი და რეკლამის სპეციალისტი ფრედერიკ ბეგბედერი 1965 წელს პარიზის მახლობლად, ქალაქ ნეიი-სიურ-სენში დაიბადა. ცნობილია, რომ ბეგბედერი პროვოკაციულობით და, ამავე დროს, თვითკრიტიკულობით გამოირჩეოდა. პოლიტიკური კვლევების პარიზის ინსტიტუტის (CELSA) კურსდამთავრებულმა მოგვიანებით ინფორმაციისა და კომუნიკაციის უმაღლეს სკოლაში რეკლამისა და მარკეტინგის დიპლომიც მიიღო და მსხვილ სარეკლამო სააგენტოში - Young and Rubicam კოპირაიტერად მუშაობდა. პარალელურად, როგორც ლიტერატურული კრიტიკოსი, ჟურნალებში - ELLE, PARIS MATCH თანამშრომლობდა, სხვა კოლეგებთან ერთად მონაწილეობდა რადიოგადაცემაში "ნიღაბი და კალამი".

ცნობილი ფაქტია, რომ სარეკლამო ბიზნესის მხილებისა და მწარე სატირის შემცველი რომანის - "99 ფრანკის" გამოცემის შემდეგ, ფრედერიკ ბეგბედერი სარეკლამო სააგენტოდან დაითხოვეს.

მწერალმა კინომსახიობობაც მოსინჯა პორნოგრაფიულ ფილმში "მენავის ქალიშვილი", რომელშიც ამ ჟანრის ვარსკვლავი ქალი ესტელ დეზანჟი მონაწილეობს. როგორც მსახიობი, გადაღებულია ასევე ფილმებში: "99 ფრანკი"(2007) და "მშვენიერი ქალაქი" (2011). ბედი სცადა კინორეჟისურაშიც - გადაიღო ფილმი საკუთარი რომანის მიხედვით - "სიყვარული სამ წელს ცოცხლობს (2011)" .

ბეგბედერი ახალი ლიტერატურული პრემიის დამფუძნებელია, რომელიც თანამედროვე ლიტერატურის ცნობილ წარმომადგენლებს - მიშელ უელბეკსა და ვირჟინი დეპანტს მიენიჭათ.

შეგახსენებთ, "პალიტრა L"- ს აქვს გათამაშება #იკითხე და მოიგებ, გათამაშებაში გამოსვლისთანავე მონაწილეობას მიიღებს ბეგბედერის "უნა და სელინჯერი". "იკითხე და მოიგებ" არის გათამაშება, სადაც ყველა ბილეთი მოგებიანია. თუ შეიძენთ "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემულ, 20 ლარის (ან მეტი) ღირებულების წიგნებს, გათამაშებაში ავტომატურად ერთვებით და შესაძლებლობა გეძლევათ, ბილეთის გადაფხეკით მომენტალურად მოიგოთ წიგნი, რომელსაც ადგილზევე გადმოგცემენ, შემდეგ კი გათამაშების ფინალს დაელოდოთ, რომელიც 29 მაისს, წიგნის ფესტივალის დახურვაზე გაიმართება და "პალიტრა ნიუსის" ეთერით გადაიცემა.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს