"მცოცავი ოკუპაციის" კვალდაკვალ - როგორ ცხოვრობენ გალის ე.წ. მოსაზღვრე სოფლებში

"მცოცავი ოკუპაციის" კვალდაკვალ - როგორ ცხოვრობენ გალის ე.წ. მოსაზღვრე სოფლებში

რუსეთმა ცხინვალის რეგიონში ნაცადი ხერხით, აფხაზეთის ტერიტორიის გაფართოებაც დაიწყო, - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩასა და შამგონასთან, სადაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან ადმინისტრაციული საზღვარი გადის, რუსულმა სამხედრო ძალებმა მავთულხლართები გაავლეს. სოფლის მაცხოვრებლების ცნობით, "ბორდერიზაციის შედეგად" 4 ჰა-ზე მეტი მიწა დაკარგეს, სადაც თხილის პლანტაციები და საყანე ფართობი ჰქონდათ გაშენებული...

ადგილობრივების თქმით, მავთულხლართებისთვის ხის ბოძები აპრილში დაამონტაჟეს და მას შემდეგ ისინი იქ გადაადგილებას კარგა ხანია ვერ ახერხებდნენ, თუმცა, როდესაც ეს პროცესი შეჩერდა, ეგონათ, რომ საქმეში ხელისუფლება ჩაერია და მიწა დაამუშავეს. გასულ კვირას კი მათ დამუშავებულ მიწაზე მავთუხლართები გაავლეს.

"ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ახლა აქ ჩვენგან რამდენიმე მეტრში უნდა იმოძრაონ... არადა, ჩვენ აქ ოჯახები ვცხოვრობთ და როგორია, ეს შეიარაღებული ხალხი იდგეს ორ ნაბიჯზე... ადრე აფხაზებმა თქვეს, რომ ქართულმა მხარემ რუკა სათავისოდ გააყალბა და გალი საბჭოური საზღვრების ფარგლებში უნდა დაბრუნდეს... ასე დავკარგეთ შარშან თხილის პლანტაციები. ახლა კი უფრო მეტად გააქტიურდნენ, თანდათანობით მოდიან და მოდიან... ვინ ეტყვის რამეს, მაგრამ რუკას ვეყრდნობითო, გეტყვიან.

ბოლოს დემარკაცია, საბჭოთა პერიოდში, 90-იან წლების დასაწყისში, რუსებმა გააკეთეს. მაშინ ჩვენს ხელისუფლებას ვკითხეთ, თუ რა ხდებოდა და გვიპასუხეს, - საზღვრები გასწორდა, გალის რაიონს გარკვეული ფართობი გადაეცა და პირიქით, ჩვენ გადმოგვეცა გარკვეული ტერიტორიებიო. იქიდან რა გადასცეს არ ვიცი, და აქედან წლებია მიწას გვაჭრიან... მათ საზღვრებს არ ვცნობთო, გვპასუხობენ, - ჩვენ ამ მიწებით ვეღარ ვსარგებლობთ და ვერც ვერასდროს ვისარგებლებთ და უნდათ აღიარონ და რაც უნდათ, ის უწოდონ...", - ამბობს ადგილობრივი მოხუცი.

ადგილობრივებს ყველაზე მეტად ის აშინებთ, რომ ეს პროცესი არ შეჩერდება. არ არის გამორიცხული, ცოტა ხანის შემდეგ სხვა "მოსაზღვრე" სოფელშიც გამოჩნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ხურჩის გამგეობაში ამბობენ, რომ მსგავსი პრეცენდენტი არ ყოფილა, მოსახლეობა საპირისპიროს პასუხობს.

"ყოფილა, უბრალოდ, ერთაბაშად ამხელა ფართობი არ მიუთვისებიათ და ეტყობა გამგეობა 200 და 300 მეტრი მიწის დაკარგვას საგანგაშოდ არ მიიჩნევს.

ბარემ გვითხრან, რომ აქ ცხოვრებას და შრომას აზრი არ აქვს და რამეს ვიზამთ... დამუშავებული, ერთ თვეში ასაღები მოსავლიანი ფართობი მიითვისეს, მაგრამ ყველაზე უარესი ის არის, რომ ისეთი პირი ჩანს, ეს პროცესი არ შეჩერდება. შიშის ქვეშ გვიწევს ცხოვრება და ისიც არ ვიცით, როდისმე დასრულდება თუ არა ეს ყველაფერი", -  ამბობს შამგონის მკვიდრი, ვალერი ყოლბაია.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ევროკავშირის შუამავლობით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რუსეთსა და საქართველოს შორის გაფორმდა, თუმცა, ამ პერიოდის განმავლობაში, რუსეთი ყურადღებას არ აქცევდა საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებას - შეესრულებინა 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და, მათ შორის, გაეყვანა თავისი არმია საქართველოს ტერიტორიიდან.

არადა, ევროკავშირი, ევროსაბჭო, ეუთო, ნატო, გაერო თუ დასავლეთის ქვეყნების ლიდერები, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ტრიბუნიდან და საერთაშორისო დოკუმენტებში მუდმივად ახსენებდნენ რუსეთის ფედერაციას, რომ აუცილებელია საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და, მათ შორის, აუცილებელია 2008 წლის აგვისტოში ევროკავშირის შუამავლობით რუსეთსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულება.

ამაზე აქცენტი გააკეთა ამერიკის კონგრესმა მის მიერ დამტკიცებულ ახალ საკანონმდებლო აქტში, რომელიც რუსეთისთვის სანქციების რეჟიმს ამკაცრებს. აღნიშნულ აქტს აგვისტოს დასაწყისში პრეზიდენტმა ტრამპმაც მოაწერა ხელი. თუმცა, რამდენად იქნება ეს აქტი რუსეთის მიზანმიმართული გეგმის შემაჩერებელი მექანიზმი, ჯერჯერობით უცნობია და არც საიმედო წინაპირობები ჩანს...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?