"აფხაზეთში ჩაკეტილი უძრავი ქონების ბაზარი უნდა გაიხსნას"

"აფხაზეთში ჩაკეტილი უძრავი ქონების ბაზარი უნდა გაიხსნას"

წლების განმავლობაში გაყინული თემა, რომელსაც აფხაზეთის მოსახლეობა მათი თვითმყოფადობის გადარჩენის საკითხსაც კი უწოდებდა, შესაძლოა, დაიძრას, - საქმე ეხება რეგიონში არსებული უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვას, რასაც აფხაზები წლების განმავლობაში მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ.

ბოლო ხანებში რუსეთი უძრავი ქონების დახურული ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით, ძალზე "წერტილოვან დარტყმებს" ახორციელებდა, რაც პირდაპირ აისახა ფინანსურ დახმარებებზე... მიმდინარე წლის აგვისტოში, ვლადიმირ პუტინმა აფხაზეთში ვიზიტის დროს, რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრისას, ერთი შეხედვით, გაკვრით, მაგრამ საკმაოდ მრავალმნიშვნელოვნად ახსენა, რომ "აფხაზეთის უძრავი ქონების ჩაკეტილი ბაზრის გახსნა" რეგიონში ტურისტული სფეროს განვითარებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო...

შედეგმაც არ დააყოვნა, პირი, ვინც ამ საკითხზე ხმამაღლა ისაუბრებდა, გამოჩნდა, - აფხაზეთის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი ზაურ შალაშა აცხადებს, რომ უძრავი ქონების გაყიდვა, კონკრეტულად, იგულისხმება 90-იან წლებში ქართველების მიერ იძულებით დატოვებული სახლები, აფხაზეთის ეკონომიკას, რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ამიტომაც, უცხოელებისთვის მისი მიყიდვა, იმ მხარის საბოლოოდ გაველურებისგან გადარჩენის ერთადერთი გამოსავალია.

მისივე თქმით, ამის თაობაზე "ადგილობრივმა პარლამენტმა" სპეციალური მექანიზმი უნდა შეიმუშავოს, რომელსაც კომლექსური ან ერთჯერადი სახე ექნება, ისე, რომ ვითარებას "კანონიერად" აკონტროლებდეს.

"იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩვენს მოსახლეობაში, საზოგადოებასა და ზოგადად, სახელმწიფოში განსაკუთრებულ როლს თამაშობს, შესაძლოა, განსაკუთრებული გამონაკლისები დაიშვას, კანონის ფარგლებში, რათა მათ უძრავ ქონებაზე წვდომა ჰქონდეთ, ეს ეხება რუსეთის მოქალაქეებს" – წერს შალაშა, რომელიც მიიჩნევს, რომ "დეპრესიულ რაიონებში" სიტუაციის გამოცოცხლებისთვის უძრავი ქონების გაყიდვა აუცილებელია.

"მაგალითად, ჩვენ საქმიან ფორუმში, დაინტერესებული ინვესტორები დაგვიკავშირდნენ. მე ვფიქრობ, მათთვის ეს ხელმისაწვდომი უნდა გახდეს, მას შემდეგ, რაც ისინი თავიანთ პირობებს წარმოადგენენ... მოდით, რეალობას შევხედოთ თვალებში, - აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილი ახლა პრაქტიკულად ტყედ არის ქცეული, ჩვენ კი ვსხედვართ და შევცქერით. როდემდე?.. ასეთ სიტუაციაში იქნებ საჭიროა უძრავი ქონების საკითხის ლიბერალიზაცია..."- აცხადებს აფხაზი ეკონიმისტი.

მისივე თქმით, "პარლამენტის" ან "მინისტრთა კაბინეტის" ცალკეული გადაწყვეტილებით, შესაძლებელი იქნება რუსეთის მოქალაქე ბიზნესმენებისთვის აფხაზეთში არსებული უძრავი ქონების გახსნა და მათთვის შესყიდვის ნებართვის გაცემა და აქვე განმარტავს, რომ ამას მასობრივი სახე არ უნდა მიეცეს.

"ვსაუბრობთ იმ მოქალაქეებზე, რომელთაც ჩვენ უკვე მივეცით საშუალება, აფხაზეთის მოქალაქეობა მიეღოთ, ეს ეხება ჩვენს დიასპორას, რომელიც თურთქეთში, სირიაში, იორდანიასა და ჩრდილოეთ კავკასიაში ცხოვრობს. ჩვენ მათზე ცოტას ვსაუბრობთ, თუმცა ისინი თავად სვამენ ამ საკითხს, - რატომ არ შეუძლიათ მათ იმ რესპუბლიკაში სრულფასოვანი ცხოვრება, რომლის დამოუკიდებლობისთვისაც სისხლი დაღვარეს..." - აცხადებს ის და დასძენს, რომ უძრავი ქონების შეძენის მსურველი პირისთვის, აუცილებელი პირობა უნდა გახდეს აფხაზეთის მოქალაქეობის მიღება.

რუსულ-აფხაზურ VIII ფორუმზე, რომელიც სოხუმში, 27 სექტემბერს ჩატარდა, რამდენიმე შეთანხმებას მოეწერა ხელი, მათ შორის იყო "ორ ქვეყანას შორის არსებული საქმიანი გარიგებების შესრულება".

ფორუმის საქმიანობის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო 500-ზე მეტმა წარმომადგენელმა ყაბარდო-ბალყარეთსა და ჩეჩნეთიდან. ასევე იყვნენ სტუმრები, ყირიმის, კრასნოდარისა და სტავროპოლის, ლიპეიცკის, ივანოსკისა და სანკტ-პეტერბურგიდან, რომელთაც აფხაზეთში "ეკონომიკური ინტერესები" აქვთ.

აფხაზი ეკონომისტის "ფორმულამ" აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილის განვითარების შესახებ, ადგილობრივი საზოგადოების მწვავე კრიტიკა გამოიწვია - "რა ხდება ჩვენს თავს?.. - ვითომ არ ვიცით, რომ ეს ვითომ ექსპერტები ვიღაცების კონკრეტულ პოზიციებს აზიარებენ, მათ პოზიციებს გვაწვეთებენ, რომ ბოლი გამოვუშვათ და შემდეგ მაინც თავიანთი გაიტანონ?.." "ბატონო შალაშა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩილაჩავა ხარ, მაგრამ მაინც, - ეს ჟირინოვსკის დაწერილი თეორიაა?.. რამდენი გადაგიხადეს?.."

"და ვინ გააკონტროლებს ამ კანონს, ვისთვის რა გამონაკლისები იქნება დაშვებული, რა რაოდენობით და რა დამსახურებით?.. წარმოგიდგენიათ ერთ წელიწადში რა მოხდება?.. ეს ხომ აფხაზეთია, კორუფციაში ჩაფლული ქვეყანა. კანონი, რომელზეც თქვენ ასე "მოწიწებით" საუბრობთ, სინამდვილეში, მხოლოდ ქაღალდზე წერია და ასეთი კანონებით, ახლა ავადმყოფ გოგონაზე მოძალადე ჯოპუა, "სასტუმროს" ტიპის ციხეში ცხოვრობს, გოგონების მამა კი, რომელსაც ასევე ფსიქიკური პრობლემები აქვს და რომელზეც ჩვენმა "საამაყო დეპუტატმა თავისი "ოჯახის ღირსების აღსადგენად" მორალურად იძალადა, ციხეში ზის... ჩვენი კანონებსა და მისი აღსრულების ლაფსუსებზე არაფერი გსმენიათ, არა?.." - წერენ აფხაზები.

თუმცა, აფხაზეთში განსხვავებული პოზიციებიც აქვთ, - პროცესი უკვე დაიძრა და უძრავი ქონების ბაზრის გახსნა გარდაუვალია, რაც შესაძლოა, მართლაც დადებითად აისახოს აფხაზეთის ეკონომიკაზე, - რაც შეეხება ამ ფონზე "დამოუკიდებლობის შენარჩუნებას", ეს ისევ და ისევ მათზეა დამოკიდებული.

ლალი პაპასკირი

AMBEBI. GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?