აფხაზეთში მაწანწალა ძაღლებს დახოცავენ

აფხაზეთში მაწანწალა ძაღლებს დახოცავენ

აფხაზეთში მაწანწალა ძაღლებისგან ქალაქის გასაწმენდად სასტიკი გადაწყვეტილება მიიღეს - გალის რაიონის ე.წ. აფხაზურმა ადმინისტრაციამ ამ პრობლემისგან გასათავისუფლებლად მათი დახოცვა გადაწყვიტა. ამ მეტად არაჰუმანურ ნაბიჯს, მათი განცხადებით, საფუძველი აქვს - მაწანწალა ძაღლები სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ადამიანებსა და... კატებს.

ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას აფხაზურ საზოგადოებაში მწვავე რეაქცია მოჰყვა. ისინი სოციალურ ქსელში წერენ, რომ ქალაქის ადმინისტრაციამ პრობლემის მოსაგვარებლად ყველაზე ბარბაროსული გზა აირჩია. ეს ყველაზე მარტივი გამოსავალია მათთვის, - დახოცავენ და მორჩა. არადა, საკითხი შეიძლება ბევრად ჰუმანურად გადაწყვიტონ - გახსნან ცხოველთა თავშესაფრები და მაწანწალა ძაღლები იქ დააბინავონ...

გალის რაიონის აფხაზური ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ასტამურ მალანძიას თქმით, ადგილობრივ ხელმძღვანელობას ასეთი ჩანაფიქრიც ჰქონდა, თუმცა, მისი განხორციელება ვერ შეძლეს. "ჯერ ერთი, ამის რეალიზაციას, თავშესაფრის აშენებას და ამ თემასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, დრო სჭირდება, დრო კი ჩვენ არ გვაქვს, - მაწანწალა ძაღლები პირდაპირ ქუჩაში ესხმიან თავს ადამიანებს, ბავშვებსა და მოხუცებს, ამიტომაც მივიღეთ ასეთი არაჰუმანური გადაწყვეტილება", - აცხადებს მალანძია.

მხოლოდ ამ კვირას ძაღლების ადამიანებზე თავდასხმის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის არიან მცირეწლოვნები - "მაწანწალა ძაღლებმა 4 ბავშვი დაკბინეს", - დასძენს ის.

მისივე თქმით, როდესაც ქალაქის "ხელმძღვანელობისთვის სასწორის ერთ მხარეს ადამიანების უსაფრთხოება დევს, მეორეზე კი ცხოველების სიცოცხლე, "ჩვენ იძულებული ვართ, არჩევანი ადამიანების უსაფრთხოებისთვის გავაკეთოთ".

ადგილობრივი მოსახლეობის მწვავე კრიტიკის მიუხედავად, სხვა ინიციატივა ან შემხვედრი ნაბიჯები იმისთვის, რომ უმწეო ცხოველები არ დახოცონ და სხვა, ჰუმანური გამოსავალი იპოვონ, ჯერჯერობით არ ჩანს. საზოგადოებრივი ჯგუფები მხოლოდ კრიტიკით შემოიფარგლნენ და მიუსაფარი ცხოველების გადასარჩენად კონკრეტული წინადადებები არავის წარმოუდგენია.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?