სამხედრო გადატრიალების საფუძველი, შესაძლოა, დე-ფაქტო რესპუბლიკის არმიაში მიმდინარე შემცირება გახდეს. სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან მოსალოდნელი უკმაყოფილების თავიდან ასაცილებლად ცხინვალის რეჟიმის თავდაცვის სამინისტრომ სპეციალური პროგრამა დაგეგმა და ყოფილ სამხედროებს ახალი პროფესიების შესწავლას სთავაზობს, - წერს ცხინვალის მედია.
ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილის იგორ ალბოროვის ინფორმაციით, გეგმა "საკადრო რეზერვი" ყოფილი ჯარისკაცებისთვის ბუღალტერიის, მშენებელ-ინჟინერის და სხვა პროფესიის სწავლებას ითვალისწინებს. თუმცა, ამ პროფესიების შესწავლაზე ოსი სამხედროები ჯერ მხოლოდ ფიქრობენ. კოკოითის რეჟიმის მაღალჩინოსნები ცდილობენ, სამხედროები დაარწმუნონ, რომ არმიიდან წასვლა და სხვა სფეროში მუშაობა დე-ფაქტო რესპუბლიკის აღმშენებლობისთვის არის საჭირო.
ე.წ. თავდაცვის სამინისტროში მოსალოდნელი შემცირების შესახებ ინფორმაცია მარტში გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსიით, შემცირდება 2800 ადამიანი და დე-ფაქტო თავდაცვის სამინისტროს რიგებში მხოლოდ 200 სამხედრო დარჩება.