სანაკოევის მთავრობის ყოფილმა მინისტრმა საქართველო დატოვა

სანაკოევის მთავრობის ყოფილმა მინისტრმა საქართველო დატოვა

გოჩა ძასოხოვი, არსენ კასაბიევი, ლერი ხაბელოვი და ახლა უკვე მაია ცაბოშვილი-ჩიგოევა - ცნობილი ეთნიკური ოსების ემიგრაციას უკვე ეს უკანასკნელიც შეუერთდა. როგორც კონფლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, საქართველოდან ეთნიკური ოსების აბარგება საკმაოდ მასშტაბური მოვლენა გახდა, რაც, მისივე მოსაზრებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მათზე ზეწოლისა და უკუღმართი პოლიტიკის შედეგია.

არასამთავრობო ორგანიზაცია "იბერ-ირონის" თავმჯდომარეს, რომელიც საქართველოში მცხოვრები ოსების ინტეგრაციაზე წლების განმავლობაში მუშაობდა და ერთი პერიოდი დიმიტრი სანაკოევის მთავრობაში მინისტრის პოსტი ეკავა, ახლა თავად მოუწია ქვეყნის დატოვება. ის ამჟამად კანადას აფარებს თავს. ამის შესახებ კი ერთ-ერთ ქართულ ფორუმზე თავადვე დაპოსტა. თავად ამ თემაზე საუბარი არ სურს, რადგან ამბობს, რომ შესაძლოა ეს ოკუპანტებმა და სეპარატისტებმა თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენონ.

"პირადად მე არ შემქნია პრობლემები. მაგრამ რაც შეეხება ინფორმაციებს, რომლებიც ჩემამდე მოდის ეთნიკურ დევნასთან დაკავშირებით, იმით ავხსნი, რომ ოსებში გაჩნდა შინაგანი ანუ ქვეცნობიერი შიში," - აცხადებდა რამდენიმე თვის წინ "რეზონანსთან" საუბრისას ცაბოშვილი-ჩიგოევა. " - სწორედ ამიტომ გაუჩნდათ იმის სურვილი, რომ საქართველო დატოვონ. სულ ცოტა ხნის წინ ეუთოს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მითხრა, რომ ლაგოდეხის რაიონის სოფელ არაშფერანიდან მთხოვეს დახმარება, რათა საქართველო დატოვონ და წავიდნენ რომელიმე სხვა ქვეყანაში. ალბათ, მინიშნება იყო რუსეთზე.

"ჩემთვის გასაგებია ეს მომენტი რატომაც ხდება: იმიტომ კი არა, რომ მათ ამას აიძულებენ; ოსებში ხდება ქვეცნობიერ დონეზე დალექვა იმ გაურკვევლობისა და შიშისა, რომელიც ბუნებრივად არის განპირობებული. ბოლო 20 წლის განმავლობაში, 2008 წლის აგვისტომდე, იყო დაშვებული ძალიან სერიოზული შეცდომები საქართველოს ხელისუფლების მიერ, რამაც გამოიწვია სერიოზული კონდლიქტი ქართველებსა და ოსებს შორის.

"შეიძლება ვიღაცამ მითხრას და ნამდვილად მეტყვის იმას, რომ იყო გარეფაქტორიც. კი, ბატონო, მე ამაზე არ ვდავობ, მაგრამ ფაქტია, რომ ზუსტად და ადეკვატურად არ შეფასდა ის გარე ფაქტორები, რომლებიც რეალურად მართლაც არსებობდა. ყოველი რიგითი ოსის მხრიდან, რომელმაც დატოვა საქართველო, ჩანს, რომ ქართულმა მხარემ დაუშვა გარკვეული სერიოზული შეცდომები, რაც 3-ჯერ (89-90 წლები, 2004 წლის და 2008 წლის აგვისტოს ომი მაქვს მხედველობაში) მოხდა. შედეგად მათ შინაგანი განცდა გაუჩნდათ: რა იქნება ხვალ და ზეგ. ეს ბევრად უფრო საშიში განცდაა, ვიდრე ვინმე სახლში შემოგივარდება და წასვლას ძალით გაიძულებს.

"დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც ეთნიკური ოსები ტოვებენ საქართველოს. ბევრი ამიტომ წავიდა და ბევრიც მზად არის ამისთვის. ცნობილებიდან კასაბიევი წავიდა, ხაბელოვი წავიდა, ძასოხოვი წავიდა... რამდენიმე ხნის წინ იყო ჩემთან მოსული ვოვა გუცაევი და მითხრა: დავიღალე, აღარ შემიძლიაო".

საქართველოდან ოსების წასვლის ფაქტები რომ მკვეთრად გახშირდა, ამაზე კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილიც ადრევე საუბრობდა.

"ოსებით დასახლებული ბორჯომის ხეობაშია რამდენიმე სოფელი, კახეთშია ლაგოდეხის რაიონში ოსებით დასახლებული სოფელი, ოსური სოფლებია ქარელის, კახეთის რაიონში. აგვისტოს მოვლენების შემდეგ, სამწუხაროდ და საუბედუროდ, ოსი ეროვნების აქედან წასვლის პროცესი მასობრივი გახდა. საქართველოდან (სამხრეთ ოსეთის ყოფილ ავტონომიის გარეთ ვგულისხმობ) ოსების ნახევარი კი არა, ნახევარზე მეტი უკვე წავიდა. ეს პროცესი ომამდე დაიწყო, მაგრამ ომის შემდეგ ეს მასშტაბური გახდა. მიდიან შიშის გამო. მათ ეშინიათ იმისა, ვინმე სახლში არ შეუვარდეს, რამე არ წაართვან, არ მოკლან...

კონკრეტული ფაქტი ამასთან დაკავშირებით ვიცი, რომ სოფელ არეშფერანში ერთ ოჯახში შესულან და ოჯახის უფროსისთვის უთქვამთ: ხომ არ მოგვყიდიო სახლს და იაფ თანხას უსახელებდნენ. ეს აშკარა მინიშნებაა იმისა, რომ წავიდნენ და თავი გაარიდონ აქაურობას. ამ ფორმით აგრძნობინებენ, რომ თუ არ გინდა წაგართვათ სახლი, იაფად მოგვყიდე და წადი. ასეთი მინიშნება ოსების მიმართ არაერთი იყო".

ზაქარეიშვილის მონაცემებით, ოსური სოფლებიდან მოსახლეობის 60-დან 80%-მდე წავიდა. წასვლის მიზეზები კი სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან მათზე ზეწოლაა.

პაატა ზაქარეიშვილი: მათ საქართველოში ცხოვრება აღარ შეუძლიათ, რადგან გაუცხოებულები არიან აქ, მათთვის სამშობლო საქართველო აღარ არის. მაია ცაბოშვილმა მაშინ, როცა სააკაშვილის ხელისუფლებას ემსახურებოდა, ოსების მხრიდან საკმაოდ ბევრჯერ აიტანა შეურაცხყოფები, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ არ დაუფასა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ აქედან ძალიან ბევრი ოსი წავიდა და ბევრიც მიდის პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით.

ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ მიდიან ისეთები, რომლებსაც აქ ცხოვრება მართლა უნდოდათ. რა თქმა უნდა, ამის მიზეზი არის ის, რომ მათზე ჩვენი უკუღმართი ხელისუფლების მხრიდან იყო ზეწოლა. მიდიან იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ჩვენმა ხელისუფლებამ განიზრახა მათი გამოყენება თავისთვის და ემუქრებოდნენ კიდეც: უშიშროება ცდილობდა თავიანთ სამსახურში ჩაყენებას. ანუ, სააკაშვილის ხელისუფლებამ ოსების გამოყენება სცადა არა ქვეყნის სასარგებლოდ, არამედ თავის სასარგებლოდ. ეს ხალხიც იძულებული იყო, არჩევანი გაეკეთებინა და გააკეთეს კიდეც".

კონფლიქტოლოგი ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ გარდა ცნობილი ოსებისა, საქართველოს ჩვეულებრივი მოსახლე, ეთნიკური ოსები ტოვებენ.

"ჩადით ლაგოდეხის რაიონის სოფელ არეშფერანში და ნახეთ, ოსების რა რაოდენობაა დარჩენილი. აგვისტოს ომმა გული გაუტეხა მათ. ამის გარდა, მათზე სააკაშვილის მხრიდან არა მარტო ფსიქოლოგიური, პირდაპირი ზეწოლაც მიდის: მათ სთავაზობენ უფრო უშიშროების სახის სამსახურს," - აცხადებს ზაქარეიშვილი.

ცნობისათვის, მაია ცაბოშვილი-ჩიგოევი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტ კოკოითის მიერ ძებნაშია გამოცხადებული. 2006 წელს ცაბოშვილმა-ჩიგოევამ სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ არჩევნებში (რომელსაც სააკაშვილი ატარებდა) მონაწილეობა მიიღო. სანაკოევის მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე იყო. აღნიშნული თანამდებობა 2007 წელს დატოვა, ოფიციალური განცხადება ამაზე კი ერთ წელიწადში, 2008 წლის მარტში გაკეთდა. აგვისტოს მოვლენების შემდეგ ცაბოშვილმა-ჩიგოევამ სააკაშვილის ხელისუფლების მკვეთრი გაკრიტიკება დაიწყო. ამჟამად არის თავმჯდომარე არასამთვრობო ორგანიზაციისა "იბერ-ირონი".

მარი ოთარაშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?