კრემლს იმუქრება, რომ ბელორუსის პრეზიდენტის განცხადებების სტენოგრამას გამოაქვეყნებს, სადაც ლუკაშენკო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების დაპირებას იძლევა. ასეთია მოსკოვის რეაქცია ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებაზე, რომ კრემლის პოლიტიკა ამ საკითხში არათანმიმდევრული იყო, - იტყობინება ИТАР-ТАСС-ი.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე სერგეი პრიხოდკომ ლუკაშენკოს სიტყვების კომენტირებისას აღნიშნა, რომ: "ალექსანდრე გრიგორევიჩს არაფერი აქვს საწუწუნო ვინმეს არათანმიმდევრულ პოლიტიკაზე. ეს დახასიათება სწორედაც რომ მას მიესადაგება".
"რაც შეეხება ბელორუსის რესპუბლიკის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების აღიარების საკითხს, ჩვენ შეგვიძლია საჯაროდ გამოვაქვეყნოთ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სხდომის სტენოგრამა, სადაც ამ თემაზე ბელორუსის პრეზიდენტის გამონათქვამებია ჩაწერილი", - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწემ.
"ჩვენ ალექსანდრ ლუკაშენკოს სხვა განცხადებების გამომზეურებაც შეგვიძლია, რომელიც ბელორუსისთვისაც საინტერესო იქნება და საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც", - განაცხადა პრიხოდკომ.
პარასკევს ბელორუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დიმიტრი მედვედევი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების გამო მასთან მოლაპარაკებებს თავს არიდებს. "არ მსურს ამ თემაზე დისკუსიის გამართვა, უბრალოდ, ჩემი რუსი კოლეგა არაკეთილსინდისიერად და არათანმიმდევრულად უდგება საკითხს".
"მე ადრე განვაცხადე, რომ ბელორუსისთვის პრობლემა არაა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტს ჩამოვუთვალე ის პრობლემები, რომელიც ამასთან დაკავშირებით ბელორუსს ევროკავშირისგან, აშშ-სა და დსთ-სგან შეექმნებოდა", - განაცხადა ლუკაშენკომ, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ბელორუსში "ამ საკითხზე ორი თვის განმავლობაში მუშაობდნენ და აანალიზებდნენ შესაძლო შედეგებს".
როგორც ლუკაშენკომ განაცხადა, ამასთან დაკავშირებით მას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის მიუმართავს კიდეც: "თქვენ მზად ხართ საკუთარ თავზე აიღოთ ის პრობლემები, რომელიც ამ რესპუბლიკების აღიარებას მოჰყვება და დაგვეხმაროთ მათ გადალახვაში? როგორც ჩანს, რუსეთი ამისთვის მზად არ აღმოჩნდა, ან მისმა ხელმძღვანელობამ არ ისურვა, ბელორუსს დახმარებოდა".
ლუკაშენკოს თქმით, "რუსეთს რომ შემხვედრი ნაბიჯები გადაედგა, დღეს სულ სხვა მდგომარეობა იქნებოდა".
მომზადებულია ИТАР-ТАСС-ის მიხედვით.