რუსეთის ფედერალური უშიშროების შავი ზღვა-აზოვის სანაპირო დაცვის სამსახურის პრესსამსახურის ცნობით, საპორტო პუნქტი "ადლერი", რომელიც რუსეთს აფხაზეთთან აკავშირებს, სამშაბათს ამოქმედდა.
რუსი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აფხაზეთთან ალტერნატიული საზღვაო მიმოსვლით, ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე, "ადლერის" საავტომობილო გამშვები პუნქტის განტვირთვა მოხდება.
რუსეთის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა პირველ რეისზე 59 მგზავრი აღრიცხეს. მათივე ცნობით, ამიერიდან გემები, რომელთა ბორტი 150 მგზავრს იტევს, რეგულარულ რეისებს შეასრულებენ. პრესსამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საავტომობილო სასაზღვრო პუნქტზე დღე-ღამეში, ორივე მიმართულებით 35 ათასი ადამიანი მგზავრობს. კიდევ ათასამდე ადამიანი ყოველდღიურად ელმავლით სარგებლობს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთსა და აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას შორის საზღვაო მიმოსვლის აღდგენა გააპროტესტა და საერთაშორისო საზოგადოებას "აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაუყოვნებელი და სრული დეოკუპაციისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებისკენ" მოუწოდა. სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციამ ამით საერთაშორისო ნორმები და პრინციპები დაარღვია.
"აღნიშნული ქმედება მორიგი დემონსტრირებაა იმისა, რომ რუსეთი საერთაშორისო საზოგადოებაში მიღებული ნორმების დაცვას თავის ვალდებულებად არ მიიჩნევს", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მომზადებულია georusparitet.com-ის მიხედვით.