კოკოითს რუსეთის პროკურატურაში უჩივიან

კოკოითს რუსეთის პროკურატურაში უჩივიან

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მომუშავე რუსმა სპეციალისტებმა ედუარდ კოკოითი და მისი გარემოცვა აღდგენით სამუშაოებში გამეფებულ კორუფციაში ამხილეს. რუსმა სპეციალისტებმა კოკოითის საწინააღმდეგო კომპრომატები რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურატურაში უკვე წარადგინეს და საქმის სასამართლომდე მიყვანას ცდილობენ. 

სახელმწიფო უნიტარული საწარმოს "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში პრიორიტეტული ნაციონალური პროექტების რეალიზაციის დირექციის" ექს-დირექტორმა ისმაგილ კამიროვმა განაცხადა, რომ რუსეთის გენპროკურატურაში დოკუმენტები უკვე წარადგინა. მისი სიტყვებით, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა რესპუბლიკაში საცხოვრებელი სახლების აღდგენისთვის მის სამსახურს მოსკოვიდან 870 მლნ რუბლი გამოუყვეს.

"როგორც კი თანხა მივიღეთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მაშინვე დაიწყეს რეკვა და "მეგობრული რჩევების" მოცემა", - აცხადებს კამიროვი. მისი თქმით, კოკოითის ადმინისტრაცია თანხის განაწილებაში მონაწილეობას ითხოვდა, რაზეც კამიროვმა უარი განცხადა.

საახალწლო შვებულებიდან ვლადიკავკაზში დაბრუნებამდე კამიროვს კოკოითის მთავრობიდან კვლავ დაურეკეს: "შენ ყური არ დაუგდე რესპუბლიკის ხელმძღვანელობის აზრს და არასწორად გაანაწილე თანხა! სახლამდეც ვე მიაღწევ, თვითმფრინავს აგიფეთქებთო!" 10 იანვარს, როცა კამიროვი რესპუბლიკაში დაბრუნდა, მის სამსახურში უკვე გამოძიება მუშაობდა.

კოკოითის მთავრობას კიდევ ერთი მომჩივანი, ლუდის საწარმო "ალუტონის" გენერალური დირექტორი რუსლან შაპიროვი ჰყავს, რომელიც ირწმუნება, რომ რესპუბლიკიდან ის მას შემდეგ გააძევეს, რაც ახალგორის რაიონში ლუდსახარში აღადგინა.

"როდესაც ავმუშავდით და სამხრეთ ოსეთის ბაზრის 70% დავიკავეთ, ჩვენზე ზეწოლა დაიწყეს. ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისგან, მათ შორის რესპუბლიკი გენერალური პროკურატურის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტებიც იყო", - განუცხადა შაპიროვმა "კომერსანტს", რომელიც კოკოითის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს. 

თავის მხრივ, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობაში კამიროვისა და შაპიროვის ბრალდებებს უარყოფენ და მათ დამნაშავეებად მოიხსენიებენ.

მომზადებულია kommersant.ru-ს მიხედვით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?