აფხაზეთმა თვითაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები რუსი ეროვნების მოქალაქეების ქონებრივი უფლებების კონცეფციის განხილვაზე უარი თქვა. ამის შესახებ თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა სერგეი შამბამ განაცხადა, იუწყება "აფსნიპრესი". ლაპარაკია პროექტზე, რომლის სახელწოდებაა - "აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა ქონებრივი უფლებების აღდგენის ერთობლივი რუსულ-აფხაზური კომისიის მუშაობის კონცეფცია". შამბას თქმით, დოკუმენტი მათ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოუგზავნეს.
პრემიერის თქმით, დოკუმენტს არც სარეგისტრაციო ნომერი გააჩნდა და არც თანმხლები წერილი. "ვისი წინადადებაა, გაურკვეველია. პროექტი მაშინვე გვერდით გადავდეთ, მისი განხილვაც კი არ ღირდა. მას პრეზიდენტის რეზოლუცია ადევს".
შამბას განცხადება პასუხი იყო აფხაზურ მედიაში დაბეჭდილ სტატიაზე, რომლის ავტორი რესპუბლიკის ხელმძღვანელობას ბრალს დებს აფხაზური ინტერესების გაუთვალისწინებლობაში. ჟურნალისტის აზრით, ამ კონცეფციის მიღება საფუძველს შექმნის რესპუბლიკაში ქართველი დევნილების დასაბრუნებლად, რომლებიც ჯერ კიდევ 90-იან წლებში გამოდევნეს აფხაზეთიდან.
2010 წლის დასაწყისში გაზეთი "მოსკოვსკი კომსომოლეცი" წერდა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა, რუს მოქალაქეთა ქონებრივი უფლებების თაობაზე. გამოცემის აზრით, ასობით რუსმა დაკარგა თავისი ბინა თაღლითთა წყალობით, რომელსაც აფხაზური კანონმდებლობა ხელს აფარებს. სწორედ მაშინ გაჩნდა აფხაზურ-რუსული კომისიის შექმნის იდეა, რომელსაც აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების ქონებრივი ინტერესები უნდა დაეცვა.
მომზადებულია apsnypress.info-ს მიხედვით.