ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხინვალის რეჟიმის ლიდერს, ედუარდ კოკოითის არ ენდობა. ამგვარი შედეგი ერთ-ერთი ცხინვალური ინტერნეტგამოცემის ვებგვერდზე ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა.
კითხვას, ენდობით თუ არა პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის, 191 გამოკითხულიდან 53,93%-მა უპასუხა - მან სამხრეთ ოსეთი გააღატაკა და დიქტატორული რეჟიმი დაამყარა. დანარჩენი პასუხები ამგვარად განაწილდა - სრულად ვენდობი მის სიბრძნესა და გამჭრიახობას - 19,37%; არ ვენდობი - 16,37%; ვენდობი, მაგრამ ნაწილობრივ - 10,47%.
კოკოითზე გაცილებით მაღალი რეინტინგი აქვს ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭშოს ყოფილ მდივან ანატოლი ბარანკევიჩს, რომელიც ე.წ. პრეზიდენტს 2008 წლის ომის დროს დაუპირისპირდა. ბარანკევიჩის ნდობის შესახებ კითხვას რესპონდენტებმა ასე უპასუხეს - ვენდობი, ის სამხრეთ ოსეთის ნამდვილი პატრიოტია და აქ წერიგს დაამყარებდა - 53,07%; ის საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, გათვლებით მოქმედებს - 22,22%; ვენდობი იმ პირობით, რომ ეყოლება თანამოაზრეების გუნდი - 19,44%; არ ვენდობი - 9,26%.
აქვე დასმულია კითხვა, ენდობით თუ არა სამხრეთ ოსეთის მთავრობას ვადიმ ბროვცევის ხელმძღვანელობით? კითხვას 107-მა რესპონდენტმა უპასუხა და მათი პასუხები ასე განაწილდა - ბროვცევის გუნდის წევრები მედროვეები არიან და მათ სამხრეთ ოსეთის ბედი არ აღელვებთ - 57,94%, ვენდობი; რადგან სხვა გამოსავალი არ არის, ადრე უარესი იყო - 17,76%; არ ვენდობი - 12,15%; ვენდობი, ეს გუნდი პროფესიონალებისგან შედგება - 12,15%.
დე ფაქტო პარლამენტის ნდობასთან დაკავშირებულ კითხვას კი ვებგვერდის რესპოდენტებმა ამგვარად უპასუხეს - ეს "ჯიბის" პარლამენტია, რომელიც ხალხის ნებას არ გამოხატავს - 67,74%; არ ვენდობი - 19,35%; ვენდობი, რადგან საჭიროა, რაღაცის მაინც გჯეროდეს - 6,45%; ვენდობი, რადგან პარლამენტში მხოლოდ კომპეტენტური ხალხია - 6,45%.
აღნიშნული გამოკითხვები ვებგვერდზე 29 ივლისს დაიწყო და დღემდე გრძელდება.