პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია აფხაზებსა და ოსებს მოუწოდებს, კარგად გააცნობიერონ, რომ მათი გადარჩენის ერთადერთი გზა საქართველოს შემადგენლობაში დარჩენაა.
ამის შესახებ დავითაიამ დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის აღიარებიდან ორი წლის თავზე ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა შეაფასა.
მისი განცხადებით, აფხაზები და ოსები გადაშენების გზაზე დგანან; ცხინვალში ერთ რუს ჯარისკაცზე ერთი ადგილობრივი მოსახლე მოდის, ხოლო აფხაზეთში მდგომარეობა კიდევ უფრო სავალალოა.
"ეთნიკური აფხაზები ვერ აკონტროლებენ ვერც ერთ მნიშვნელოვან სფეროს აფხაზეთში და ყველაფერი რუსების საკუთრებაშია გადასული, რის გამოც ბოლო დროს რუსებსა და აფხაზებს შორის დაპირისპირება იზრდება", - აცხადებს ვიცე-სპიკერი.
პაატა დავითაიას მტკიცებით, აფხაზები უკვე ხვდებიან, რომ დამოუკიდებლები არ არიან და რუსები აფხაზეთიდან მათ განდევნასაც ცდილობენ.
შესაბამისად, პაატა დავითაია აფხაზებსა და ოსებს მოუწოდებს, კარგად გააცნობიერონ, რომ მათი გადარჩენის ერთადერთი შანსი საქართველოს შემადგენლობაში დარჩენაა.