საკურორტო სეზონი რუსეთის "პოლიგონზე"

საკურორტო სეზონი რუსეთის "პოლიგონზე"

"მახსოვს, ჩემს ახალგაზრდობაში სოხუმის ერთ-ერთ ქუჩაზე მზესუმზირას არაჩვეულებრივად ხალავდა ერთი მოხუცი ქალი... რამდენიმე კილოგრამს ვიყიდდი და იქიდან პირდაპირ პლაჟს მივაშურებდი. მაშინ საქართველოს რესპუბლიკაში ჩეხური ლუდიც იშვიათი იყო, მხოლოდ აქა-იქ იყიდებოდა. ამიტომ მოსკოვში ვიყიდდით ბლომად და საყვარელ კურორტზე მიგვქონდა... მახსოვს, როგორ შემოიჭრებოდა მატარებლის კუპეში ზღვის სურნელი. მაშინ ბიჭები ვხუმრობდით, - აქაურობას რაღაც სხვანაირი სურნელი აქვს-თქო: ჰაერი ზღვის, მიწის, მაგნოლიის, პალმების, თოლიებისა და ყავის სუნით იყო გაჟღენთილი... აფხაზეთის მზესაც კი სურნელი ჰქონდა...

ომის შემდეგ აფხაზეთში არ ვყოფილვარ, არც ომის კადრები მინახავს, მაგრამ როცა აქ ჩამოვედი, მივხვდი, რომ აფხაზეთის მიწიერი სამოთხე რამდენიმე თვეში ჯოჯოთეხად ქცეულიყო... როცა ჩემმა მეგობარმა მითხრა, სოხუმში დავისვენოთო, იქაურობის ნოსტალგია ერთბაშად მომაწვა და მაშინვე დავთანხმდი. რახან რუსი ტურისტები ვიყავით, აფხაზეთის საზღვარზე უპრობლემოდ გადმოვედით", - მომითხრობს მოსკოველი ივან მუხინი, რომლის კომენტარიც აფხაზეთში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით ერთ-ერთ რუსულ საიტზე წავიკითხე და მას შემდეგ, ინტერვიუს ჩაწერაც გადავწყვიტე...

- ალბათ ახალი არავისთვის იქნება ის, რომ აფხაზეთის ქალაქებში გავლა მხოლოდ ორ-სამ ქუჩაზე შეიძლება. თან, ერთი რუსი მეგობარი გვახლდა, რომელმაც აფხაზეთში დასვენება ჩვენი დაჟინებული თხოვნით გადაწყვიტა და როცა იქ ჩავიყვანეთ, მივხვდით, რომ შევცდით: დაცხრილული შენობები, დაბზარული და ორმოებიანი გზები, გაუმართავი ინფრასტრუქტურა და საშინელი სიძვირე - ასეთი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული კურორტი, რომლის დათვალიერებისთანავე მივხვდი, რომ მოსკოვურმა ტურისტულმა სააგენტომ შეცდომაში შეგვიყვანა და სინამდვილეში, კონფლიქტის ზონაში ჩამოვედით. სასტუმროს ნომერი 5 დღით გვქონდა დაჯავშნილი, თორემ სიამოვნებით გავბრუნდებოდი უკან... ერთ-ერთ ღია კაფეში ვივახშმეთ; სანამ იქიდან გამოვიდოდით, იქ სროლები ატყდა და დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი თვალწინ მოგვიკლეს... ბარში წივილ-კივილი ატყდა და ხალხი დაიფანტა. შეიარაღებული მილიციის თანამშრომლები და ასევე იარაღიანი სამოქალაქოტანსაცმლიანი ადამიანები ერთმანეთში ირეოდნენ...

მიზეზი, რა თქმა უნდა, ვერ გავიგეთ. ჩვენმა მეგობარმა, რომელიც სულ ძალით წამოვიყვანეთ "დასასვენებლად", გაოცებულმა შემოგვხედა, - თქვენ მე კინოდოკუმენტალისტი ხომ არ გგონივართ?! დასვენება მინდოდა და ამ კონფლიქტის ზონაში რატომ წამომიყვანეთო?!. გვთხოვა, - ტაქსი მიქირავეთ, როგორმე ფსოუმდე მიმიყვანეთ და მერე ჩემს თავს თვითონ მივხედავო...

- გაემგზავრა?

- დიახ, წავიდა და დაიმუქრა, - მოსკოვში გახსნილ აფხაზურ ტურისტულ სააგენტოს უნდა ვუჩივლო თაღლითობისთვისო!.. სხვათა შორის, "აბხაზიან-ტრეველზეა" ლაპარაკი, რომელსაც შემდგომ, ფინანსური ჯარიმა დააკისრა სასამართლომ... 3 დღე დავრჩით. საღამოს 6 საათის შემდეგ ხალხი ქუჩაში გამოსვლას ერიდებოდა. სოხუმში ერთადერთი - ზღვა იყო ძველებურად მშვიდი და სუფთა. იქაურობა კურორტს კი არა, ქალაქს აღარ ჰგავდა... ადგილობრივები წუხდნენ, - წელს შარშანდელზე ბევრად უარესი სიტუაციაა, შარშან თითო დამსვენებელი მაინც გვყავდაო...

ჩავარდნილი ტურისტული სეზონის შესახებ სრულყოფილი სურათის მისაღებად, რამდენიმე ადგილობრივ აფხაზს დავუკავშირდი. მათი თქმით, წლევანდელი სეზონის ჩავარდნა სეპარატისტული ხელისუფლების "დამსახურებაა"...

ლენა, 54 წლის, სოხუმელი აფხაზი:

- ხელისუფლება არ ცდილობს ქალაქში წესრიგის დამყარებას. ამიტომაც აქაურობა კრიმინალების ბუდედ არის ქცეული. შეიძლება, სასტუმროში დაბინავებული ტურისტი დაცული იყოს, მაგრამ ქუჩაში ხომ უნდა გამოვიდეს?! ზღვაზე თუ არ გავიდა, რა დასვენება გამოდის?!. მართალია, ყველა სასტუმროს სათავისოდ პლაჟი შესყიდული აქვს, მაგრამ სულ იმ შემოკავებულში ხომ არ იქნები!.. ამას წინათ, ახალ ათონში ექსკურსიით მიმავალი ჯგუფი დააყაჩაღეს - პირწმინდად გაძარცვეს. დონის როსტოვიდან ჩამოსული რუსები და სომხები იყვნენ. ადგილობრივ შს სამინისტროს სტატისტიკა არა აქვს, თუმცა არაოფიციალურად რაც არის ცნობილი, ისიც შემაშფოთებელია. ამ რამდენიმე დღის წინ ძალოვანი მინისტრი შეგვიცვალეს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს - ამ პოსტზე ოთარ ხეცია თუ არ იქნება, სხვა, მისნაირ კრიმინალს მოიყვანენ.

- ბზიფის ხეობაში ხანძრის გაჩენის მიზეზად, იმ ტყის მიმართ რუსების ინტერესს ასახელებდნენ. რამდენად ახლოს არის რეალობასთან ეს ინფორმაცია?

- ძალიან ახლოს არის: გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენა ტურისტების ან მონადირეების დაუდევრობამ გამოიწვია, მაგრამ მეორე ვერსიით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იქ მომცრო სამხედრო ბაზის აშენებას გეგმავს. ამავე ვერსიით, აფხაზეთში ტურიზმის განვითარება ჩავარდნილ პროექტად ითვლება და რუსეთის ხელმძღვანელობამ იქ სამხედრო ტურისტული რეგიონის მშენებლობა გადაწყვიტა... რამდენიმე დღე იწვოდა იქაურობა... ცეცხლი რიწის ტბისკენ მიმავალი საავტომობილო გზისკენ მიიწევდა და სულ 25 ჰექტრის ფართობი განადგურდა. მის სიახლოვეს დასახლებული პუნქტები არ არის, მაგრამ ცეცხლი ცისფერი ტბის რაიონს მიუახლოვდა და იქაურობა მნიშვნელოვნად დააზიანა... როგორც კი ცეცხლის ლოკალიზება მოხერხდა, მეორე დღესვე გამოჩნდა ორხიდიანი და სამხიდიანი "კამაზები", რომლებიც საუკუნოვანი ხეებით იყო დატვირთული... საქმე ის არის, რომ როცა ხანძრის ჩასაქრობად აფხაზეთის ხელმღძვანელობამ რუსეთს მიმართა, იქიდან ულტიმატუმი წაუყენეს.

- რას გულისხმობთ? რუსეთის ხელისუფლება ხანძრის შედეგად დაზარალებულთა ნაწილის ჩასახლებას აფხაზეთში რომ გეგმავს?

- საქმე ის არის, რომ ეს პროცესი წლების წინ, შეიძლება ითქვას - 1990-იანი წლების ბოლოდან დაიწყო, უბრალოდ, მაშინ ამას ოფიციალური სახე არ ჰქონდა მიცემული... ქართველთა ნასახლარების ნაწილი შეისყიდეს რუსებმა, ზოგი კი უბრალოდ, ზაფხულში ჩამოვიდა, გაპარტახებულ და დაცარიელებულ სახლს "ცოტა ხელი შეავლო", შემდეგ კი შევიდა და დასახლდა...

ახლა, როგორც ჩანს, რუსეთმა ამ ყველაფრის კანონიერად გაფორმება განიზრახა. რუსეთის ფედერაციის ქალაქებში - იაროსლავლსა და ნიჟნი-ნოვგოროდში მცხოვრებმა, აფხაზეთიდან დევნილებმა მედვედევის ხელისუფლებას მიმართეს თხოვნით, დაზარალებულთა მათ სახლებში დაბინავებისგან თავი შეეკავებინა, რაზეც ხელმძღვანელობამ მაშინვე გასცა პასუხი, - კეთილმეზობლობა და ხელშეწყობა ორმხრივი უნდა იყოს და აფხაზეთისთვის გამოუსადეგარ სახლებს დაზარალებული რუსები გამოაცოცხლებენო... რამდენიმე დღის შემდეგ მათ ხანძრისგან დაზარალებული რუსები დაამშვიდეს, - დროებითი საცხოვრებელი სახლებით აფხაზეთში დაგაკმაყოფილებთო...

- მიიღეს დაზარალებულებმა ეს შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!?

- ბევრი მათგანისთვის აფხაზეთი სულაც არ არის კრიმინოგენური რეგიონი... ის, ვინც გარისკავს და აქ ჩამოვა, მედვედევის ხელოსუფლების მიერ ფულადი თანხით დაჯილდოვდება. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, აფხაზეთში მუდმივად საცხოვრებლად გადაბარგების შესახებ გავრცელებული ხმები იმდენად მიმზიდველი აღმოჩნდა დაზარალებულთათვის, რომ ხანძრით დაზარალებულის სტატუსისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მისაღებად, ადგილობრივი ჩინოვნიკები ქრთამის სახით, 15-20 ათას დოლარს ითხოვენ!..

- აფხაზეთის მოსახლეობა როგორ შეხვდა რუსეთის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას?

- ისინი უარყოფენ ამ ინფორმაციას და დაჟინებით ამტკიცებენ, რომ რუსეთის ხელისუფლებას ხანძრით დაზარალებულთა აფხაზეთში ჩასახლების თხოვნით არც კი მიუმართავს. ამ ფაქტის დამალვის მიზეზი ყველასათვის გასაგებია: აფხაზებში რუსებისადმი აგრესია ყოველდღიურად იზრდება და კიდევ ერთი მასობრივი ჩასახლების განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა, ტერაქტები და კრიმინალური ფაქტები ერთიორად გაიზარდოს... აფხაზების უარყოფითი განწყობილების მიუხედავად, ამ რეგიონში ყოველდღე იზრდება უძრავი ქონების შეძენის მსურველი, რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა. ასე რომ, მას შემდეგ, რაც აფხაზეთი "დამოუკიდებელი" გახდა, ჩვენი ეკონომიკა უარესობისკენ წავიდა, სოციალური პრობლემების უზარმაზარი ტალღა დაგვატყდა თავს... ლაპარაკია იმაზეც, რომ მომავალი წლიდან ყველა აფხაზურ ოჯახს ერთი რუსი სამხედროს ოჯახის წევრებისთვის ოთახის გამოყოფას დაავალებენ.

იროდი, 35 წლის:

- ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობ და ხელთ მაქვს ახალი აფხაზური კანონპროექტის დამუშავებელი ვერსია, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენას აიოლებს. ამას რუსეთსა და აფხაზეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებაც უწყობს ხელს. ამ შეთანხმებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და სასაზღვრო ძალების ოფიცრებსა და მათი ოჯახის წევრებს აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის სრული უფლება აქვთ. აფხაზეთში უძრავ ქონებას ძირითადად, სამხედრო პირები იძენენ და იურიდიულად უპრობლემოდ იკანონებენ. პენსიაზე გასული რუსი ოფიცრების მიერ აფხაზეთში ქონების შეძენის პროცესი 2008 წლის 8 აგვისტომდე ბევრად ადრე იყო დაწყებული. ამ თვალსაზრისით, სამხედრო სფეროში მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ფაქტობრივად, რეალურად არსებული ვითარება დაკანონდა.

- მერე, როგორია ადგილობრივი მოსახლეობის რეაქცია ამაზე?

- ადგილობრივი მოსახლეობა კარგა ხანია, რეაქციას გადააჩვიეს... არც ის არის ვინმესთვის ახალი, რომ აფხაზეთი, როგორც საკურორტო ზონა, არ არსებობს.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?