ანატოლი სერდიუკოვი: ”ახალი ომის შემთხვევაში რუსეთის არმიას ქართული ჯარის დასამარცხებლად 5 დღეც არ დასჭირდება”

ანატოლი სერდიუკოვი: ”ახალი ომის შემთხვევაში რუსეთის არმიას ქართული ჯარის დასამარცხებლად 5 დღეც არ დასჭირდება”

აშშ-ში ვიზიტით მყოფმა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოსთან ახალი ომის შემთხვევაში რუსეთის არმია ქართულ ჯარს უფრო სწრაფად გაანადგურებს, ვიდრე ეს 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს იყო. მისი თქმით, თუკი საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებზე შეტევას დაიწყებს, მის აღსაკვეთად 5 დღეზე ნაკლები დასჭირდებათ.

"გარწმუნებთ, რომ საქართველოს შესაძლო აგრესიის მოგერიებისთვის არა ხუთი დღე, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში, სამხრეთ ოსეთზე თავდასხმისას იყო, არამედ ბევრად ნაკლები დრო დაგვჭირდება", - განაცხადა რუსეთის სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა.

რუს ჟურნალისტებთან საუბარში სერდიუკოვმა ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზებს საქართველოს მხრიდან ნებისმიერი სახის საფრთხის გაუვნებელყოფა შეუძლიათ და მათი დამატებითი ძალებითა და შეიარაღებით გაძლიერება უახლოეს მომავალში არ იგეგმება.

მისი თქმით, რუსული მხარე დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრებზე მუდმივად აყენებს საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდების შეწყვეტის საკითხს.

"ჩვენ ვაცხადებთ, რომ ებრაელებთან, ამერიკელებთან და სხვებთან, რომლებიც საქართველოს ამჟამინდელ რეჟიმს პირდაპირ თუ ირიბად იარაღით ამარაგებენ, თანამშრომლობაში პრობლემები გვექმნება", - განაცხადა რუსმა მინისტრმა და დასძინა, რომ რუსეთი ყველა საშუალებით ცდილობს, რათა საქართველოს შეიარაღებას ხელი შეუშალოს.

მომზადებულია interfax.ru-ს მიხედვით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?