ტელეკომპანია "ევრონიუსმა" აფხაზეთიდან დევნილების შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმზე - "ცხოვრება ტრანზიტი" სიუჟეტი მოამზადა.
სიუჟეტში ჩართულია ფილმის ფრაგმენტები. აფხაზეთიდან დევნილები ჰყვებიან, როგორ გამოდევნეს აფხაზეთიდან და როგორ ცხოვრობენ დღეს.
"ფილმში აღწერილი 150 ოჯახის ცხოვრება, რომლებიც საქართველოს დედაქალაქის გარეუბანში, დაზიანებულ შენობაში ცხოვრობენ მას შემდეგ, რაც საკუთარ ქვეყანაში დევნილებად აქციეს", - ნათქვამია სიუჟეტში.
თავად დევნილები ამბობენ, რომ დაბრუნების იმედი არ აქვთ. "მშვენივრად ვცხოვრობდით, 1992 წელს დაიწყო ომი. სახლიდან გამომაგდეს. ახლა მეტ-ნაკლებად ყველაფერი მოგვარდა, მაგრამ დაბრუნების იმედი არ არის. პირადად მე რობოტივით ვარ. ავტომატურად ვიღვიძებ და ვიძინებ, ყველაფერს ავტომატურად ვაკეთებ", - აცხადებს აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონი.
სიუჟეტში, ასევე, მოყვანილია ფილმის რეჟისორის, თამარ ჯალაღანიას კომენტარიც, რომელიც ამბობს, რომ სურდა, აფხაზეთიდან დევნილი ადამიანების ცხოვრებაზე ფილმი გადაეღო. სიუჟეტში აფხაზეთის კონფლიქტის ისტორია და შედეგებიც - 250 ადამიანის დევნილობაც არის მიმოხილული.
"ევრონიუსი" აღნიშნავს, რომ დოკუმენტურ ფილმს ამ კვირაში თბილისის ფილმის ფესტივალზე აჩვენებენ.
Video
აფხაზეთიდან დევნილების შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმზე "ევრონიუსმა" სიუჟეტი მოამზადა