აფხაზეთი და რუსეთი - ,,თაფლობის თვის" მწარე დასასრული

აფხაზეთი და რუსეთი - ,,თაფლობის თვის" მწარე დასასრული

,,კომსომოლსკაია პრავდას" ჟურნალისტებმა სცადეს გაერკვიათ, რატომ ხარჯავს რუსეთი საკუთარ ფულს ”დამოუკიდებელ რესპუბლიკებში” და რა სარგებელს იღებს აქედან. სტატიაში რუსული ცინიზმით არის ასახული რუსეთ-აფხაზეთის გამწვავებული ურთიერთობის დეტალები.

აფხაზეთი და სიცარიელე

აფხაზეთის იდუმალებას პირველად მაშინ ეზიარები, თუ იქ მანქანით ჩახვალ. საზღვარს უზარმაზარ რიგში მრავალსაათიანი დგომის შემდეგ გადალახავ. რატომღაც აფხაზებმა ფსოუზე გადებული ხიდის გარემონტება გაგანია საკურორტო სეზონის დროს გადაწყვიტეს. ეს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ღარიბი ბიუჯეტის წინააღმდეგ მიმართულ დივერსიას უფრო ჰგავს, თუმცა ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მიმდინარე რემონტი ტურისტების შემოსვლაზე არ მოქმედებს. არადა, კეთილგონიერება გვკარნახობს, რომ მთლიანი ხიდი რაღაცით სჯობს განახევრებულს. ანდა, იქნებ აფხაზეთს სულაც არ სჭირდება ის დაუპატიჟებელი სტუმრები - ტურისტებს რომ ეძახიან.

უპირველესი, რაც აფხაზეთში შესულს თვალში გეცემა - სიცარიელეა. ცარიელი სანაპიროები, გზები, ქალაქები, სოფლები, სადაც სახლების ნახევარი მაინც გადამწვარია. ფსოუს ორივე ნაპირზე გაბატონებული ოფიციალური ვერსიით, ეს ,,ომისა და ბლოკადის შედეგია". მაგრამ აბა გაბედე და რომელიმე ასეთ სახლში დასახლება გადაწყვიტე, მაშინვე ავტომატიანი ადამიანები მოგადგებიან, რომლებიც გამოგიცხადებენ, რომ ეს მათი საკუთრებაა, ხოლო თუ უთხარი, რომ ეს ტერიტორია ნაყიდი გაქვს, სიცილით დაიხოცებიან.

ყველა ეს სახლი აფხაზეთში მცხოვრები არააფხაზების დატოვებულია. ამჟამად იქ გავრცელებული შეხედულებით, რაც აფხაზის საკუთრება არ არის, ის არც არავის ეკუთვნის, რადგან აფხაზეთი მხოლოდ აფხაზების ნაციონალური სახელმწიფოა. ამაზე მიუთითებს სტატისტიკაც - ომამდე აფხაზები რესპუბლიკის მოსახლეობის 17%-ს შეადგენდნენ, ახლა კი 50% არიან. ქართველების გარდა, იქ ხომ სხვა ეროვნების ადამიანებიც ცხოვრობდნენ, ისინი მაინც რატომ არ ბრუნდებიან ამ დალოცვილ მხარეში?

კოდორის ხეობაში გადასასვლელ დანგრეულ ხიდს მივადექით. უცებ გამყოლი აფხაზი გვეუბნება - აი, რა დღეში ჩააგდეს აქაურობა 2008 წელს რუსულმა არმიამ და ტანკებმა. გავცდით და იმის თქმაღა მოვახერხეთ, რომ რუსები მათ გადასარჩენად იბრძოდნენ. ჩვენმა პასუხმა თითქოს გონს მოიყვანა. მაშინვე დაამატა, რომ აფხაზები ამისათვის მადლიერნი არიან. ვფიქრობთ, იმ წამოცდენილ სიტყვებში უფრო მეტი იყო გულწრფელობა. ,,აფხაზეთის გული საუკუნოდ რუსეთთანაა" - ეს გარე მოხმარების ლოზუნგია.

აფხაზური სტუმართმოყვარეობის ეშმაკური კანონები

სტუმრის უგონოდ დათრობა აფხაზეთში წმიდათაწმიდა საქმეა. რასაც მეორე დღეს ”პახმელიიდან” გამოსვლა მოსდევს და შემდეგ ყველაფერი თავიდან იწყება. ამას საფუძვლად რაღაც კოსმიური დონის კავკასიური სტუმართმოყვარეობა უდევს, სინამდვილეში კი ,,გარე სამყაროდან" მოსული სტუმრის დასამცირებელი ხერხია.

ჩვენმა კორესპონდენტებმა ეს იცოდნენ და ამიტომ ავადმყოფობას იმიზეზებდნენ. მაშინ მათ ყველაფრისაგან განკურნების იდიოტურ ხალხურ წამლებს სთავაზობდნენ -აფხაზურ მთის თაფლს, მთის წყაროს წყალს და ა.შ.

სამაგიეროდ, ბედნიერება გვქონდა ფხიზელი გონებით მოგვესმინა, რომ რუსეთი 300 წლის მანძილზე გენოციდს აწყობდა ჩრდილოეთ კავკასიაში, რომ მოსკოვის მეტროში მათ დოკუმენტებს უმოწმებენ და ყოველივე ამის პატიებას რუსეთისათვის არავინ აპირებს. ასევე დავრწუნდით, რომ აფხაზეთს ტურიზმის მხრივ პერსპექტივა არ გააჩნია. ნებისმიერ კაფეში მხოლოდ ადგილობრივების შემდეგ მოგემსახურებიან, ხოლო თუ მანქანიდან გადმოსვლა გადაწყვიტე, იქ მთელი შენი ავლადიდება ჩანთით თან უნდა ატარო, საქარე მინაზე კი მიამაგრო ფურცელი წარწერით - ,,მანქანაში არაფერი არ არის". 

რესპუბლიკის ყველაზე ფეშენებელური სასტუმრო ,,რიწის" ნომრებშიც ყველაფერი დამტვრეული და გაფუჭებულია. ადგილობრივი ,,სერვისის" ეს თავისებურება აფხაზეთის უნივერსიტეტის დეკანმა აფხაზი კაცის მენტალიტეტის თავისებურებით ახსნა. სახლში აფხაზი უმაღლეს დონეზე გცემს პატივს, მაგრამ ტურისტული ბიზნესის კეთება მისი მენტალიტეტისათვის ჯერჯერობით მიუღწეველი რამ არისო.

არჩევნები, რომელშიც უკვე გაიმარჯვეს

რუსეთი დემონსტრაციულად არ ერევა მიმდინარე არჩევნებში. თუმცა, როგორც ჩანს, ყველაფერი გარკვეულია. აფხაზები ერთხმად აღიარებენ - ,,არაფერი შეიცვლება, ყველამ იცის, ვინც გაიმარჯვებს, ეს არის შამბა."

შესაბამისად, დიდი მოწყენილობა იგრძნობა პრეზიდენტობის კანდიდატის ალექსანდრ ანქვაბის შტაბში. იქ არავინ მოისურვა ჩვენთან დალაპარაკება. მეორე კანდიდატმა, რაულ ხაჯიმბამ კი ისეთი რამ გვითხრა: დახმარებისთვის რუსეთის მადლობელი ვართ, მაგრამ როდემდე უნდა ვიცხოვროთ რუსი გადასახადის გადამხდელების ხარჯზე, სადამდე გაგრძელდება ეს? სანამ თავად რუსები არ გამოგვიცხადებენ: ,,ბატონებო, ისწავლეთ მუშაობა!"

ბუნებრივია, ხაჯიმბას პოზიცია იქ გამეფებული რეალობიდან ამოვარდნილია, სამაგიეროდ ადგილობრივი ისტებლიშმენტის განწყობას სრულად ეპასუხება სერგეი შამბას განცხადება, რომლის მოსმენისას კინაღამ ჩაგვეძინა. აფხაზეთის პრემიერ-მინისტრის სამომავლო სტრატეგია რუსეთიდან შემოსული დახმარების ათვისებას და მისი საშუალებით მომხდარ ,,აფხაზურ გარღვევას" არ სცილდება.

,,ნაალაფარი" ქოხი ზღვის პირას

აფხაზეთში მიწის შეძენა შეუძლებელია. ამას მოქმედი კანონმდებლობა კრძალავს. საკუთარ სახელზე ლეგალურად ვერც უძრავი ქონების შეძენას შეძლებთ. თუმცა, ჩვენ მაინც ვცადეთ და ,,აფხაზეთის უძრავი ქონების სააგენტოს" მივაკითხეთ. იქ როგორც მონატრებულ ნათესავებს ისე შეგვხვდნენ, წაგვახალისეს კიდეც, რომ ახლა მიწის შეძენა მომგებიანია, რადგანაც არჩევნების შემდეგ გაძვირდება. პროცედურა ასეთია: ფულს იხდი, სანაცვლოდ კი იღებ გენერალურ მინდობილობას. ასეთ მინდობილობებს რამდენსაც მოგესურვება, იმდენს გასცემ. რაკი დაეჭვება შეგვამჩნიეს, ახალი წინადადება შემოგვთავაზეს - ქვითარი, რომ თანხა მათ ვალის სახით გადავეცით, რომელსაც სურვილის შემთხვევაში დავიბრუნებდით.

არსებობს მიწის შეძენის მეორე გზაც - აფხაზეთის მოქალაქეობა უნდა იყიდო. აქვე შევნიშნავთ, რომ ასეთი ,,აფიორებისათვის" აფხაზეთში უკვე რამდენიმე ასეული სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მიუხედავად ამისა, სააგენტოში მიწის შეძენის მსურველთა რიგი იდგა, რომელშიც ძირითადად, რუსი პენსიონერები სჭარბობდნენ - როგორც ჩანს, მათთვის დაავიწყდათ ეთქვათ, რომ სსრკ აღარ არსებობს და აფხაზეთი უცხო ქვეყანაა, რაც არ უნდა ილაპარაკონ პოლიტიკოსებმა.

დავინტერესდით რუსი ეროვნების ადამიანებისათვის, ძირითადად პენსიონერებისათვის საცხოვრებლების წართმევის ძალზე გახშირებული ფაქტებით, რის გამოც სპეციალური კომისიაც კი არის შექმნილი. როგორც გავარკვიეთ, კომისია უმოქმედოა და პროცესი არ შეჩერებულა. მიზეზი კი ის არის, რომ რუსი ეროვნების მოხუცებს აფხაზეთში არავინ ჰყავს დამცველად. მათი ნათესავები ან დაიხოცნენ, ანდა რუსეთში გადასახლდნენ.

აფხაზეთის უნვერსიტეტის დეკანმა, პირველმა აფხაზმა კოსმონავტმა ბესლან ბარათელიამ შინაურულ საუბარში პირდაპირ განგვიცხადა: როდესაც ვამბობთ ,,აფხაზი ხალხი" არ ვგულისხმობთ ბერძნებს, სომხებს ან რუსებს, არამედ მხოლოდ აფხაზებს. ჩვენ აქ არ ვაშენებთ მრავალეროვან სახელმწიფოს. ვაშენებთ აფხაზეთს აფხაზებისთვის. რუსებმა კი ეს ვერა და ვერ გაიგეს.

აფხაზეთიდან გამობრუნებულებმა უკანა გზაზე სოფელ აიბგუში შევიარეთ. ეს სადაო ტერიტორიაა. აფხაზები თავისად მიიჩნევენ, რუსები - თავისად. აფხაზეთის მხრიდან სოფელში მხოლოდ ვერტმფრენით თუ მოხვდები, რუსეთის მხრიდან კი ბეტონის იდეალური მაგისტრალი შედის, მიუხედავად ამისა, ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ტერიტორიის რუსეთისათვის გადაცემას. დავაში სერიოზულად არიან ჩართული თურქეთი, საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატები. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ აფხაზები მხოლოდ რუსულ ბუდეში არ აპირებენ კვერცხის დებას.

დიმიტრი სტეშინი

იულია ალეხინა

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?