1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა... 18 წელი გვაშორებს ომს, რომელიც "ისტ"-ებად დაყოფილი ქართველი საზოგადოებისთვის საბედისწერო აღმოჩნდა და ქვეყნის დაშლა-დანაწევრების დასაწყისად იქცა. ამ ომსა და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე თვალსაზრისს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ანჩაბაძე გამოხატავს, რომელიც დღესაც კითხულობს ლექციებს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში და 1988 წლიდან ცდილობს, შუამავლის როლი შეასრულოს აფხაზებსა და ქართველებს შორის.
- ბატონო გიორგი, ოფიციალური ვერსიით, აფხაზეთში ომი რკინიგზაზე წესრიგის დასამყარებლად, ვითარების დასარეგულირებლად დაიწყო...
- იმ არეულობის წლებში რკინიგზა ყოფილ საბჭოთა სივრცეში და მათ შორის საქართველოში, თითქმის ყველგან იძარცვებოდა. ეშელონებს ცლიდნენ სამეგრელოში, სადაც ზვიად გამსახურდიას მომხრე შეიარაღებული ჯგუფები მოქმედებდა, ასევე თბილისშიც, ყველაზე ნაკლებად - აფხაზეთში. ასე რომ, ეს საბაბი იყო. სინამდვილეში, მიიღეს გადაწყვეტილება, "აფხაზეთში პოლიტიკური წესრიგი" დაემყარებინათ, ანუ მიეღწიათ იმ მდგომარეობისათვის, რომელიც იმხანად თბილისში მყოფ ცენტრალურ ხელისუფლებას ლაძლევდა ხელს. თანამედროვე ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, ქართულ და აფხაზურ ნაციონალურ პროექტებს შორის გარკვეული წინააღმდეგობები იყო. თბილისში პოლიტიკოსთა უმრავლესობას მიაჩნდა, რომ ავტონომიებს უფლებები უნდა შეზღუდოდა. თავდაპირველად, ცენტრალურ ხელისუფლებას დიდად არ აშფოთებდა აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ 1992 წლისათვის უკვე გვქონდა ერთი ცხელი წერტილი - ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.
- თუმცა, 1989 წლის ზაფხულში სისხლი აფხაზეთშიც დაიღვარა...
- სისხლიანი შეტაკება აფხაზებსა და ქართველებს შორის სოხუმში მოხდა, 14 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ საბედნიეროდ, იმხანად მოხერხდა ვითარების დარეგულირება. აფხაზეთის ორივე მხარე შეცბუნდა, მიხვდა, რომ ამის იქით უფსკრული იყო. ამ ტრაგედიის წლისთავის აღსანიშნავად ორივე მხარე ემზადებოდა, თუმცა, შიშობდნენ, კიდევ რამე არ მომხდარიყო. რამდენიმე კაცმა შუამავლის როლი შევასრულეთ, შევხვდით აფხაზური მხარის წარმომადგენლებს, ქართველებს, რომლებიც ორ ბანაკად იყვნენ გაყოფილი - სახელმწიფო საბჭოს და გამსახურდიას მომხრეებად. სხვათა შორის, ამ ბანაკებს ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონდა, ერთმანეთის ტელეფონის ნომრებიც კი არ იცოდნენ... მოლაპარაკების შედეგად, სამივე პოლიტიკური ცენტრი მივიდა შეთანხმებამდე, რომ სოხუმში მიტინგები, ქუჩებში მსვლელობები აღარ გაიმართებოდა, ქართველები ეკლესიაში პანაშვიდს გადაიხდიდნენ, აფხაზები კი იმ დღეს გარდაცვლილებს პატივს საფლავებზე მიაგებდნენ. ასე ავიცილეთ მაშინ დაპირისპირების რეალური საშიშროება.
- თუმცა, საბოლოოდ, ტყვია ისევ გავარდა... რამ აიძულა აფხაზები და ქართველები, ერთმანეთისთვის ესროლათ?
- დაძაბულობის ესკალაციაში უდიდესი როლი შეასრულა განხეთქილებამ, რომელიც ქართველ საზოგადოებაში იყო. ასევე იმან, რომ აფხაზეთში მოღვაწე ქართველი პოლიტიკოსები ყველაფერს თბილისს, ცენტრს უთანხმებდნენ. ერთმა ცნობილმა ქართველმა მოღვაწემ იმდროინდელ სიტუაციაზე კარგად თქვა: კისრები მოეღრიცათ თბილისისკენ ყურებითო. 1992 წლის დასაწყისში, თბილისში მომხდარი გადატრიალების შემდეგ ახალ ხელისუფლებას ჰქონდა შანსი, აფხაზებთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაეწყო... ამ მისიით 1992 წლის თებერვლის დასაწყისში სოხუმში ირაკლი მაჭავარიანი, ივლიანე ხაინდრავა, დავით ბერძენიშვილი და მე ჩავედით, შევხვდით აფხაზეთის პოლიტიკურ ელიტას, მათ შორის ვლადისლავ არძინბას, მის კაბინეტში სამი საათი დავყავით, შევხვდით სერგეი შამბას, ზურაბ აჩბას და სხვებს. საუბარი გვქონდა ალექსანდრე ანქვაბთანაც. სოხუმიდან კონკრეტული წინადადებით ჩამოვედით, აფხაზები გვთავაზობდნენ პოლიტიკურ მოდელს: აფხაზეთის რესპუბლიკა საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ის დრო იყო, როდესაც რუსეთის ფედერაციაში შემავალი ავტონომიური ერთეულები რესპუბლიკებად გარდაიქმნენ... აფხაზურმა მხარემ შემოგვთავაზა, გავმიჯნოთ კომპეტენციებიო. საგარეო ურთიერთობები, თავდაცვის სფერო და ფინანსები თბილისის კომპეტენციაში რჩებოდა, სხვა მიმართულებების გაყოფაზე ერთობლივ კომისიებს უნდა ემუშავათ.
- ანუ, კონფედერაციის შექმნაზე იყო ლაპარაკი?
- არა, ეს იყო ფედერაციული მოდელი, რესპუბლიკიდან გასვლის უფლების გარეშე, უფრო სწორედ, რეალური ავტონომია. ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ იმ პირობებში ეს იყო საუკეთესო გზა დიალოგის დასაწყებად, და რაც მთავარია, ომის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ თბილისში ეს თვალსაზრისი არ გაიზიარეს. ვესწრებოდი პოლიტიკურ-საკონსულტაციო საბჭოს იმ სხდომას, რომელზეც ეს საკითხი განიხილეს. პოლიტიკოსებისა და ინტელიგენციის დიდი ნაწილის აზრით, ქართული მხარე აფხაზებთან დათმობაზე არ უნდა წასულიყო. რაკი თბილისთან შეთანხმება ვერ შედგა, მთავრობის დაკომპლექტებისას აფხაზურმა მხარემ იქაურ ქართველებს პრემიერ-მინისტრისა და რამდენიმე მინისტრის პორტფელი შესთავაზა, მაგრამ ცენტრალური ხელისუფლების მომხრეებმა მათი დატერორება დაიწყეს, - ერის მოღალატეებად გამოგაცხადებთო და საბოლოოდ, პოსტებზე უარი ათქმევინეს.
სიტუაცია აფხაზეთში თანდათან იძაბებოდა, ჰაერში ომის სუნი დატრიალდა. 1992 წლის 24 ივნისს საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ პრეზიდენტ ელცინთან დადებული დაგომისის ხელშეკრულებით სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი დააკონსერვა. ფაქტობრივად, ელცინმა საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთისკენ მწვანე შუქი აუნთო. ამასთანავე, რუსეთმა საქართველოს საკმაო შეიარაღება გადასცა. ახალციხის დივიზიის ტანკები პირდაპირ სოხუმისკენ წამოვიდა. ნუთუ ესეც მარტო კიტოვანმა გადაწყვიტა და თბილისში არავინ იკითხა, რატომ მიდიოდა ტანკები აფხაზეთის მიმართულებით? ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მომხრე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ მისი ხელისუფლების ძალადობით დამხობამ აფხაზეთის ამბებზეც დიდი გავლენა იქონია. თბილისის ომს მოჰყვა სამეგრელოში ლაშქრობები. ზოგიერთმა იფიქრა, აფხაზური საკითხიც ერთი სამხედრო გასეირნებით გადაწყდებოდა.
- რას აძლევდა რუსეთს საქართველოს ხელისუფლებისთვის აფხაზეთისკენ მწვანე შუქის ანთება? გაითვალისწინა თუ არა ქართულმა მხარემ ბოლომდე რუსული ფაქტორი?
- ამ ომის შეფასებისას დღეს ხშირად ამბობენ, რომ რუსეთის მიერ წლების წინ ჩადებულ ნაღმზე ავფეთქდით, არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთის სამხედრო წრეები შევარდნაძეზე განაწყენებული იყვნენ... როცა ქართულმა ჯარმა აფხაზეთში სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რუსეთის ტელევიზია იუწყებოდა: სახელმწიფო საბჭოს ჯარები ატარებენ ღონისძიებას დასავლეთ საქართველოში წესრიგის დასამყარებლადო. რუსეთმა საქართველოს ხელისუფლება ამით წაახალისა, გაათამამა, მისცა საშუალება, აფხაზეთში შესულიყო, მერე კი ომის ჭაობში ჩაფლულს შეუტია. ომში ქართული მხარის მარცხი რუსეთის ფაქტორის გაუთვალისწინებლობამაც გამოიწვია, არც აფხაზებისა და ჩრდილოკავკასიელების შესაძლებლობები გაითვალისწინეს ბოლომდე, ერთი ცნობილი ექსპერტი ბოლო დღემდე მეუბნებოდა, არ მჯერა, რომ ჩრდილოკავკასიელები აფხაზების დასახმარებლად ჩამოვლენო... რაც შეეხება ედუარდ შევარდნაძეს, მას პოლიტიკურ გამოუცდელობას ვერ დავწამებ, ესმოდა, რომ ეთნოკონფლიქტი დამღუპველი იქნებოდა, მაგრამ სიტუაციის მძევალი აღმოჩნდა, რადგან საზოგადოების ნაწილი უნდობლობით უყურებდა, მიაჩნდათ, რომ 1978 წელს მან აფხაზებს ისედაც ბევრი დაუთმო.
- თქვენ დღესაც ჩადიხართ აფხაზეთში, ურთიერთობთ აფხაზებთან, თუ არის იქ მოსახლეობის, პოლიტიკოსების თუნდაც მცირე ნაწილი, რომელიც თანახმაა ქართველებთან ერთ სახელმწიფოში ცხოვრებაზე?
- სიმართლე რომ ვთქვა, აფხაზეთში ასეთი პრაქტიკულად არავინ მეგულება, არც მოსახლეობის ფართო ფენებსა და არც პოლიტიკოსებს შორის, გალელი ქართველების გარდა. ჩვენში ხშირად უყვართ ლაპარაკი, რომ იქ სომხები დიდ როლს თამაშობენ, სინამდვილეში აფხაზეთში წამყვან როლს მხოლოდ აფხაზები ასრულებენ. აფხაზეთის დამოუკიდებლობის მთავარი ქომაგებიც ისინი არიან. 1999 წლამდე აფხაზური მხარე საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ ოფიციალურად სთავაზობდა კონფედერაციას, თუმცა, რაც დრო გადის, გაუცხოება ძლიერდება, განსაკუთრებით კი 2008 წლის ომის შემდეგ. ახალარჩეული პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბიც ქართველებთან დიალოგზე საუბრობს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ლიდერი. მაგრამ მიუხედავად სირთულეებისა, სახალხო დიპლომატია, არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის შეხვედრები უნდა გაგრძელდეს, ვინაიდან ქართველმა და აფხაზმა ხალხებმა საბოლოოდ არ დაკარგონ ერთმანეთისკენ მიმავალი გზა.
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)