მოსკოვსა და სოხუმს შორის ტერიტორიული პრეტენზიები ისევ მოუგვარებელი რჩება. საქმე ეხება სოფელ აიბგას, რომელზეც რუსეთს თვალი უკვე დიდი ხანია, უჭირავს და არძინბას "პრეზიდენტობის" დროსაც ამ ტერიტორიის დაკანონებას ცდილობდა. თუმცა მაშინ აფხაზური საზოგადოების პროტესტის შედეგად რუსეთმა თავისი ვერ გაიტანა. დღეს კი აღნიშნული ტერიტორიის მიმართ, სადაც ძირითადად ეთნიკური რუსები ცხოვრობენ, მოსკოვს პრეტენზიები ისევ გაუჩნდა, შექმნა ე.წ. საზღვრის დელიმიტაციის სპეციალური კომისია და რამდენიმე სხდომაც გამართა. თუმცა, როგორც აფხაზური მედია იუწყება, მხარეებმა შეთანხმებას დღემდე ვერ მიაღწიეს.
შეგახსენებთ, რომ აიბგას საკითხის აქტივიზირება მას შემდეგ მოხდა, რაც გახდა ცნობილი რუსეთის გეგმის შესახებ, მიისაკუთროს რუსეთ-საქართველოს აფხაზეთის მონაკვეთის გასწვრივ მდებარე ტერიტორიის 16 ათასი კვ/კმ ფართობი. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ თავად ეს ტერიტორია მთელს აფხაზეთში უნიკალური ხის ჯიშითაა ცნობილი. ასევე ამ ადგილას მოიპოვება გაბრო დიაბაზის ტიპის შავი მარმარილო, რომელსაც არა მარტო კავკასიაში, არამედ რუსეთშიც კი ანალოგი არ მოეძებნება.
ცნობისათვის, სოფელი აიბგა რუსეთ-საქართველოს საზღვარზეა განთავსებული და მდინარე ფსოუ მას შუაზე ყოფს. სოფლის ნაწილი მდებარეობს რუსულ მხარეს, მეორე ნაწილი - ქართულ მხარეზე (აფხაზეთში). მაგრამ ამ სოფლის თითქმის ყველა მაცხოვრებელი არის რუსი და რუსეთის მოქალაქე. სწორედ ამ მარტივი მიზეზის გამო 2003 წელს სოჭის საკრებულოს დეპუტატებმა ფრიად საგულისხმო გადაწყვეტილება მიიღეს და მდინარე ფსოუს მიმდებარე ტერიტორიის - აიბგას ნაკრძალის, კრასნოდარის მხარესთან შეერთება მოითხოვეს. მანამდე კი რუსებმა აიბგას ნაკრძალის ტერიტორიაზე გზების მშენებლობა დაიწყეს.
იმ პერიოდში სოჭის საკრებულოს გადაწყვეტილებას აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება კატეგორიულად შეეწინააღმდეგა და რუსეთმაც თავისი ვერ გაიტანა. შემდგომ ამაზე აღარავინ საუბრობდა, აიბგას პრობლემა რატომღაც არც ქართულ მხარეს გახსენებია.
დღეს კი აიბგას თემა ისევ აქტუალური გახდა. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს, ყველანაირი დახმარება აღმოუჩინოს აფხაზეთის სოფელ აიბგას მოსახლეობას, რომელიც სოფლის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას "ითხოვს". ამ საკითხზე იმსჯელეს აფხაზეთსა და რუსეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომაზეც, რომელიც უკვე რამდენჯერმე გაიმართა, თუმცა ვერც ერთხელ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე კვირის წინათ ადლერის რაიონში მომუშავე სამართალდამცავები სოფელ აიბგაში ავიდნენ და მოსახლეობას დახმარებას შეპირდნენ, რომ ეყოლებათ უბნის ინსპექტორი, რომელიც სადავო საკითხების გადაწყვეტაში დაეხმარებათ და დაიცავს მათ ინტერესებს. ამავე დროს, "რუსეთის დელეგაციამ" სოფლის მოსახლეობას ელექტრომომარაგების უზრუნველყოფის პირობაც მისცა, რომელიც სოფელს 1990-იანი წლებიდან არ მიეწოდება.
საგულისხმოა ისიც, რომ რუსების ჩასვლამდე სოფელ აიბგაში იმყოფებოდნენ სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომლებიც იქაური მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნენ. უფრო ადრე აიბგაში აფხაზი "მესაზღვრეებიც" ავიდნენ და იქ საგუშაგო განალაგეს. ამ შემთხვევაში სწორედ საგუშაგოს გახსნა გახდა მიზეზი იმისა, რომ აიბგელების პრობლემების გასაცნობად სოფელში რუსებიც ჩასულიყვნენ.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის საზოგადოებაში რუსეთისათვის ტერიტორიების დათმობასთან დაკავშირებით მეტწილად უარყოფითი რეაქციაა. ამ საკითხის გადაწყვეტაზე ფეხს ითრევს ანქვაბის მთავრობაც, ყოველ შემთხვევაში, კომისიის სხდომები, რომელიც ე.წ. საზღვარს ეხება, ყოველთვის უშედეგოდ სრულდება. ასე მოხდა ამჯერზეც. აიბგას თემასთან დაკავშირებით მხარეები სოხუმში ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიის სხდომაზე მსჯელობდნენ, რომელიც სოხუმში სამ დღეს მიმდინარეობდა.
აფხაზურმა მხარემ რუს კოლეგებს წარუდგინა დოკუმენტი "აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის მდინარე ფსოუზე სახელმწიფო საზღვრის და სოფელ აიბგარას აფხაზური მხარისთვის კუთვნილების შესახებ აფხაზეთის კომისიის არგუმენტაცია".
მხარეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია, "დაზუსტდეს სოფელ აიბგასთან სახელმწიფო საზღვრის მდებარეობა". ისინი, ასევე, თანახმანი არიან, სოფლის მოსახლეობას დაუბრკოლებელი გადაადგილების საშუალება მისცენ. უნდა შეიქმნას ექსპერტთა ჯგუფები, რომლებიც საზღვაო სივრცის გამიჯვნაზე იმუშავებენ. სამდღიანი მუშაობის შემდეგ მხარეებმა პროტოკოლიც გააფორმეს, რომელშიც მოლაპარაკებების გაგრძელების აუცილებლობა დაფიქსირდა.
რუსულმა მხარემ აფხაზურ კომისიას ორი შეთანხმების პროექტი გადასცა - "რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის" და "შავ ზღვაში საზღვაო სივრცის გამიჯვნის" შესახებ.
თავად აიბგელები კი ამბობენ, რომ "ღმერთისა და ადამიანებისგან დავიწყებულები არიან". როგორც აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატმა ვალერი კვარჭიამ რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, "საზღვრის დელიმიტაციის აფხაზური კომისიის წევრებმა სოფლის მოსახლეობა მოინახულეს, რათა ადგილზე ენახათ, რა პირობებში ცხოვრობენ ისინი".
"თავიდან ჩვენ ძალიან ფრთხილად შეგვხვდნენ, რამდენადაც ჩვენი ჩასვლის მიზანი არ იცოდნენ, შემდეგ კი გვიამბეს, როგორ რთულ პირობებში ცხოვრობენ. აიბგას მცხოვრებნი აცხადებენ, რომ ისინი ღმერთისა და ადამიანებისგან დავიწყებულები არიან", - განაცხადა დე ფაქტო დეპუტატმა.
მისივე თქმით, "ზაფხულში სოფელში 26-მდე ადამიანი ცხოვრობს, ზამთარში კი იქ სულ რამდენიმე - ყველაზე გულადი და ძლიერი ადამიანი რჩება".
"სოფელში ახალგაზრდები არ არიან, არ არის სკოლა, მაღაზია და კავშირი. ისინი, ვინც იქ ცხოვრობს, კრასნოდარის მხარის ადლერის რაიონის ქვემოშილოვსკის სასოფლო საბჭოშია რეგისტრირებული. მათ უმრავლესობას საცხოვრებელი ადლერის რაიონში აქვს, ზოგიერთი საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს. სოფელ აიბგას მცირერიცხოვანი მოსახლეობა, როგორც აფხაზური, ისე რუსული მხარის დახმარებას საჭიროებს", - განაცხადა კვარჭიამ.
ელზა წიკლაური