როგორ ეხმაურებიან ბათუმში წუხელ განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქში"

როგორ ეხმაურებიან ბათუმში წუხელ განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქში"

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, რომელიც წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეებს ჰქონდათ დაკავებული, მოძრაობა აღდგენილია.

როგორც AMBEBI.GE-ს კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება, ქუჩის დასუფთავებითი სამუშაოები ცოტა ხნის წინ დასრულდა და მოძრაობაც ცოტა ხნის წინ აღდგა. ადგილზე შესაბამის სამუშაოებს აწარმოებენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

აქცია, რომელიც 11 მარტს დაახლოებით 18:00 საათზე დაიწყო, რამდენი საათში უკიდურესად გამწვავდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის რამდენიმე ავტომანქანა დააზიანეს და ცეცხლი წაუკიდეს, დაამსხვრიეს სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა ბათუმის ცენტრში. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმი, რომელსაც მომიტინგეების წინააღმდეგ რამდენჯერმე ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენება დასჭირდა.

იხილეთ ბათუმის ერთი დღის დრამატული ქრონიკა  - დამწვარი და დაზიანებული მანქანები, დაშავებული პოლიციელები და მოქალაქეები

შსს-მ გამთენიისას სპეცოპერაცია ჩაატარა და აქციის მონაწილეებს ტერიტორია დაატოვებინა. შედეგად დაკავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი.

სოციალურ ქსელში მთელი ღამის განმავლობაში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა ბათუმში განვითარებულ მოვლენებს:

დაჩი გრძელიშვილი, ჟურნალისტი

ჩემთვისაც უთქვამს ბათუმში პოლიციელს - აქ არ გააჩეროო, დამიჯერებია და გადამიყენებია. თუმცა იმ ადგილას დაბურულ მინებიანი შავი მანქანა მინახავს გაჩერებული, მინაზე კოხტა საშვით. მქონდა უფლება მისთვის ქვები დამეშინა? ყოველთვის იქნება მიზეზი - ვისთან მკაცრი, ვისთან ლოიალური პოლიციელების, უნიათო ადგილობრივი ხელისუფლების და სხვა სახით. მაგრამ არავის არ უნდა ჰქონდეს უფლება პროტესტი ძალადობრივი გზით გამოთქვას. ყველა ასეთი მცდელობა უმკაცრესად უნდა აილაგმოს. უმკაცრესად და ელვისებურად. და უმკაცრესად უნდა აილაგმოს საშვებიან-მაიაკიანი მანქანებიც. კანონი ყველასთვის უმკაცრესი უნდა იყოს. თორემ ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, გარეთაც და შინაც, ვინც ამის გამოყენებას ეცდება. და არც პატრულია კარგ დღეში - ერთს რომ აჯარიმებინებ და მეორეს აშვებინებ... გუშინდელისთვის, მადლობა პოლიციას და მადლობა იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც იპოვეს ზღვარი ხულიგნობასა და რევოლუციას შორის.

ირაკლი ტაბლიაშვილი, მედიაექსპერტი

მისმინეთ:

28 მარტიდან უვიზო რეჟიმი გვაქვს.

28 მარტიდან ევროპა, თავისი მოქალაქეებით, სხვაგვარად გვიყურებს ჩვენ. დაახლოებით ისე, როგორც პოლონელი პორტუგალიელს, ესპანელი - ჩეხს... იტალიელი ბულგარელს და ლიტველი გერმანელს.

აი, ამ ქართველებს აქვთ ევროპაში შესვლის უფლება, თურმე, ისინიც ევროპელები არიან და კიდევ უფრო ევროპელები იქნებიან, მომავალში - ასე ამბობენ, ან ფიქრობენ ევროპაში.

და, ახლა რას ხედავს ეს რიგითი ევროპელი? რას და იმას, რომ, ეს ქვეყანა, რომელიც ევროპისკენ მიდიოდა თუ მიდის, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, უბრალოდ, არ უყვართ... მათ შეუძლიათქვეყნის მინგრევა მათ შორის არსებული ობიექტური მიზეზების საბაბით (სოციალური მდგომარეობა, ხელისუფლების თავნებობა და ა.შ.)

და ვინაა პასუხისმგებელი უკლებლივ ყველაფერზე? რა თქმა უნდა, ხელისუფლება!..

პ.ს. ცხადია, არაა და ვერც იქნება ზუსტი ანალოგი, მაგრამ, ისე, შევარდნაძის ხელისუფლებაც რკინიგზის დასაცავად შევიდა აფხაზეთში და წამოეხია რუსების პროვოკაციას.

თინა ხიდაშელი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი:

ქვეყანა არ უნდა აირიოს! დღეს ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია! ხელისუფლებას მხრებზე თავი იმისთვის აქვს, აქამდე არ მიიყვანოს ვითარება! პატრულმა მძღოლი დააჯარიმა და პროტესტის ნიშნად მთელი ქალაქი გამოვარდა ვერსიად არ შემოგვთავაზოთ, ძალიან გთხოვთ, ამდენსაც კი არ იმსახურებს თქვენი ამრჩევი ქვეყანა! ეს ვერსია უბრალოდ სირცხვილია!

თქვენი შიდა დღის წესრიგის სამარცხვინო ამოცანებს ნუ გადააყოლებთ ქვეყანას!

ეკა ბესელია, პარლამენტის წევრი

ასეულობით აქციის მონაწილე ვყოფილვარ, ორგანიზატორიც და მართლაც მრავალათასიან მომიტინგეთა შორის 6 წელი სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს შიშველი ხელებით ვუპირისპირდებოდით. არასოდეს მახსოვს არც ერთი ძალადობრივი ეპიზოდი! არც ერთი! მაშინ როცა ტყვიების ზუზუნში ვიდექი, დაცხრილული მქონდა რეზინის ტყვიებით ტანსაცმელი და სასიკვდილოდ გვიმეტებდნენ- არასოდეს ხელი არ წაცდენია არც ერთ ჩვენგანს ძალადობრივი ქმედებებისკენ. ბათუმის მოვლენები - ეს ნაც მოძრაობის ხელწერაა!

დამწვარი მანქანები, ქვების სროლა, ადამიანების გამეტება- დიახ ნაცნობი ხელწერაა! ეს ძალადობაა და კანონი უპასუხებს ამას! თუმცა არ დამავიწყდება იმის საჯაროდ თქმაც, რომ ვინც გულწრფელად და უსამართლო მოპყრობის გამო მშვიდობიან პროტესტს გამოხატავდა და უფლება შეელახა, ამასაც უთუოდ სამართლიანი რეაგირება ჭირდება და თვალს არ დავხუჭავთ!!!

მამუკა გამყრელიძე, "ახალი ერთობა საქართველოსთვის"

გავმეორდები. ხელისუფლებას ან აწყობდა ეს ქაოსი და ხელი შუწყო მას ან მართლა უკიდეგანო უვიცობასთან გვაქვს საქმე. ორივე ერთად ვერ იქნება. უვიცი ვერ მოაწყობს მართვად ქაოსს ისე, რომ თავად არ დაზარალდეს. პასუხისმგებლობას, რატომღაც მხოლოდ პოლიციის შეფს აკისრებენ. არასწორია ! პასუხი უნდა მოეთხოვოს აჭარის სუსის უფროსსაც და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძესაც.

ოთარ კახიძე, ევროპული საქართველო

სოლიდარობა გაჭვარტლულ ბათუმს,

სოლიდარობა ჩამოშლილ, დემორალიზებულ სახელმწიფო ინსტიტუტებს,

სოლიდარობა კანონმორჩილ, წესიერ მოქალაქეებს,

არა - უპასუხისმგებლობას, ვანდალიზმს, არეულობას, ქაოსს.

დეკანოზი თამაზ ლომიძე

დარწმუნებული ვარ, თვითონ ბათუმელების დიდ უმრავლესობას დაუშვებლად მიაჩნია მათი ლამაზი ქალაქის თუნდაც ერთი ქუჩის გავერანება, ცეცხლი, მტვრევა და ამგვარი ძალადობრივი ქმედებანი. ეგ საშინელება ერთხელ უკვე გაიარა ქვეყანამ და კარგად ვიცით მაგის მწარე ფასი. დავუშვათ, გადაამეტა პატრულმა; შეიკრიბეთ, გააპროტესტეთ, იყვირეთ, მოითხოვეთ, ეგ თქვენი ხელშეუვალი უფლებაა. მაგრამ, ძალადობა, ცემა, ნგრევა და ქვების სროლა სამუდამოდ დაივიწყეთ. ხვალ ისევ თქვენ და თქვენმა შვილებმა უნდა იაროთ მაგ დამწვარ და დანგრეულ ქუჩაზე!

ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი

ბათუმში არეულობა, ეკლესიაში არეულობა, ხელისუფლება სტრასბურგში სამარცხვინო ქცევით, სასაზღვრო ზოლიდან კვლავ ადამიანის, თანაც პოლიციელის გატაცება... ქვეყანაში შიმშილი, ყველაფერზე გაზრდილი ფასები. ნუ, ამასთან შედარებით, ცხადია, დიდი არაფერია, მაგრამ მთაწმინდაზე წყალი არ მოდის უკვე ნახევარი დღეა. ასეთ კინოს ფონად მართლა ძალიან უხდება ულამაზესი მოგზაური ხეები.

ზვიად კირტავა, ბლოგერი

50-ზე მეტი ახალგაზრდა იყო დახვრეტილი ნაცმოძრაობის რეჟიმის მიერ ქუჩაში2004-07 წლებში და 300,000 კაცი ისე ატარებდა მიტინგებს, მართლა რომ "ხიდან ფოთოლი არ ჩამოვარდნილა", ახლა პატრულის მიერ მძღოლების დაჯარიმებაზე კი უცებ (?!) ნიღბიან-ჯაჭვიან-კაპიუშონიანი ტიპების ჯგუფებმა ტომრებით მომარაგებული ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დააძვრეს და ავტომანქანები ამოაყირავეს და დაწვეს...

ისევ ის სახეები და ისევ ის ინსტრუმენტები - ქვებით და სისხლიანი დაპირისპირებით რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში?! ყველაფერი უნდა იქნას დეტალურად გამოძიებული, მათ შორის ისიც, ჰქონდა თუ არა ადგილი სამართალდამცველების მიერ ძალის ზედმეტ და გაუმართლებელ გამოყენებას. მაგათ შორისაც შეიძლება იყონ პროვოკატორები...

P.S. 21 დაშავებული რომაა საავადმყოფოში მოთავსებული და მათგან 11 რომ პოლიციელია, უკვე საკმაოდ ნიშანდობლივია ეს ამბავი!

გრიგოლ გეგელია, ისტორიკოსი

გული მტკივა, როცა ამ კადრებს ვუყურებ. ასეთი რამ უახლეს ისტორიას ავადსახსენებელი მომენტის შემდეგ არცერთხელ არ ახსოვს... ყველა, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებს, სამოქალაქო მშვიდობას და ადამიანთა უსაფრთხოებას, უნდა იქნას დაპატიმრებული და შემდეგ საქართველოს კანონის მიხედვით გასამართლებული.

შემდეგ დღეებში, მომხდარის გამოწვევი მიზეზები სიღრმისულად და მთელ პასუხისმგებლობით უნდა გავიაზროთ რათა ამ ყველაფრიდან სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. უნდა გავიაზროთ ის პრობლემები, რამაც ამ მომენტამდე მიგვიყვანა, რათა ისინი აღარ გამეორდეს.

თუმცა, ეს მხოლოდ მშვიდობის ჟამს. ამასობაში კი საქართველოს კონსტიტუციური წესრიგი უპირველეს ყოვლისა! მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ელიტებს, დადგნენ ერთად მშვიდობის უკან და არცერთი წამით არ იკადრონ საკითხის დამატებითი პოლიტიზირება.

სულხან ღლონტი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე

...როგორიც არ უნდა იყოს "მიზეზი", არ იძლევა უფლებას შენი ქალაქი არბიო, ანგრიო, გადაწვა მანქანები და დასახიჩრებისთვის გაიმეტო თანამოქალაქეები.

ასეთი აქციები არ ხდება სპონტანურად, თავისით. "აქციას" ჰყავდა დამგეგმავი და ამას დიდი ანალიტიკა არ უნდა. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეების დიდი ნაწილი მარტივად ხდება პროვოკაცის მსხვერპლი. 90-იანებში ასეთი რამ ერთხელ უკვე მოხდა ბათუმში, მაშინაც ამბობდა ერთი ნაწილი რომ ეს იყო სპონტანური აქცია და მერე გაირკვა რომ ეს იყო დიდი პროვოკაცია. მაშინ სამიზნე იყო აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტრო (გოგებაშვილის ქუჩაზე) რომელიც დაარბიეს, ახლაც შ.ს.ს მთავარი სამართველო. თემა პროვოკაციისთვის იგივე, შინაარსი იგივე. ყველაფერი ეს არის იდენტური!!! ეს ყველაფერი სასწრაფოდ უნდა დამთავრდეს და მერე უნდა ჩატარდეს საგანგებო გამოძიება და დაისაჯოს დამგეგმავი.

P.S ვინც ბათუმს იცნობს კარგად იცის, რომ მისი ბუნება არის საოცრად მშვიდი, ეს იყო კარგად დაგეგმილი ოპერაცია რომელიც სამწუხაროდ გამოუვიდა დამგეგმავს, ახლა მას უმკაცრესი პასუხი უნდა გაეცეს!!!

ტატო ცეცხლაძე, ჟურნალისტი

ჩემს ქალაქს ჩემს თვალწინ წვავენ, ჩემი ჯიბიდან გადახდილი გადასახადებით გაკეთებულ ინფრასტრუქტურას ანგრევენ, მანქანებს წვავენ და ვერ ხვდებიან, რომ ხვალ ისევ ჩვენი ჯიბიდან დავხარჯავთ ზედმეტს. ვდგავარ მობილურით და ვაკეთებ ჩართვას, ვდგავარ და ვცდილობ, როგორც ჟურნალისტმა პროფესიული მოვალეობა შევასრულო და პირადი ბრაზი გაზის და ავტომანქანების კვამლთან ერთად ბურთებად ვყლაპო. ბრბოა... ბრბო, რომელიც ყველაფერს ანადგურებს. მინადგურებს ქალაქს და მე უძლური ვარ.

ირაკლი ბაკურიძე, გამომცემელი

ყოველ დღე, ქალაქში სიარულისას, ქვაფენილიდან ამოვარდნილ ყველა ქვასთან ვჩერდები და თავის ადგილას ვაბრუნებ, სხვის გადაგდებულ ნამწვავს ურნაში ვაგდებ და ალბათ გიჟი ვგონივარ ხალხს, დრუჟენნიკივით რომ ვიქცევი, მარა დედას ფიცავარ, მართლა მტკივა ეს ქალაქი და მძულს ეს ბრბო.

არ ვიცი სხვა ქალაქების მცხოვრებებს თუ აქვთ ასეთი განცდები, მარა ბათუმი საკუთარი სხეულივითაა, კარგი ოჯახით, მშობლებით როგორც იამაყებ, ისე ვამაყობ ამ ქალაქით და არავის აქვს უფლება თავიანთი ბოზური მიზნებისთვის გამოიყენოს ეს სიტუაცია და ავნოს ქალაქს.

დედას გაფიცებთ ხელისუფლებავ, თუ სამაგალითოდ არ დასაჯოთ ეს ნაბ...ი, ბოლომდე გამოიძიოთ და ჩაყვეთ საფლავამდე. ისე არ ქნათ, რომ ჩვენ მოგვიწიოს ქალაქის დაცვა...

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს