ვერაზე დატრიალებული ტრაგედიას "ფეისბუქზე" ეხმაურებიან

ვერაზე დატრიალებული ტრაგედიას "ფეისბუქზე" ეხმაურებიან

ხორავას ქუჩაზე მოსწავლეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას 2 მოზარდი ემსხვერპლა. დაპირისპირება 1 დეკემბერს 51-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 16 წლის ლ.დ.-სა და მის პარალელურ კლასელს დ.ს.-ს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, რაც შეეხება დ.ს-ს, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში 12 ჭრილობით, უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს, სამი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების მცდელობის მიუხედავად მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით უკვე დააკავა 2001 წელს დაბადებული გ.ბ. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლით).

სავარაუდოდ, დაპირისპირება 51-ე სკოლის რამდენიმე მოსწავლესა და კიდევ ერთი სკოლის აღსაზრდელებს შორის მოხდა. არასრულწლოვნების ჩხუბის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.

ვერაზე მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა:

თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი: ყველაზე მეტად ამის მეშინია. დილით რომ გავიღვიძებ ვფიქრობ როდის და როგორ დაბრუნდებიან, ღამე ვიძინებ მადლიერი რომ ჯანმრთელები და უვნებლები არიან. ჩემი გულის რაღაც ნაწილი ამ ბიჭებს გაყვა, დარწმუნებული ვარ ყველა დედის, მით უფრო ბიჭების დედების. არც კი ვიცი რა უნდა თქვა ან დაწერო ასეთ დროს, როდესაც უცნობი ადამიანების ამბავი უბრალოდ განადგურებს.

ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი: ვინც მკვლელობას შეესწრო, ყველა იმ ბავშვის დედა და მამა შვილებს მხარში უნდა დაუდგეს, შიში დააძლევინოს და გააგებინოს, ბოროტების მხილების, მისი დაგმობის "ჩაშვებად" მონათლვა ფლიდების და მხდალების მოგონილი ტერორია და ნუ იქნებიან ამ ტერორის მორჩილი. მკვლელის დაფარვა ბოროტების ხელშეწყობა, დანაშაულში მონაწილეობის ტოლფასი, მკვლელის მიმართ სოლიდარობაა. დედებს და მამებს უნდა ჰქონდეთ მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი, უკომპრომისო პოზიცია სადისტური მკვლელობის მიმართ. სხვანაირად ვერასდროს ოდნავადაც კი წინ ვერ წავა ჩვენი ქვეყნის გონებრივი და ზნეობრივი განვითარება.

გოგა ჩანადირი, ფოტოგრაფი: გუშინ ძალინ ცუდი შემთხვევა მოხდა ვერაზე. სკოლის მოსწავლეებმა იჩხუბეს, რა დროსაც დანით დაჭრეს 2 თანატოლი. სამწუხაროდ, 16 წლის ბიჭი გარდაიცვალა. მეორე დაჭრილი რეანიმაციაშია. შეიძლება, არც დაიჯეროთ, როგორ დამთრგუნა ამ ამბავმა და გამახსენა 80-90-იანი წლები, როცა ჩემი ერთ-ერთი სკოლელი დანით მოკლეს. ცუდად ზრდიან მშობლები ასეთ შვილებს. არ ვიცი, მამა, რომელიც სუფრასთან შვილების, სიცოცხლის სადღეგრძელოს სვამს, რანაირად ვერ ასწავლის საკუთარ შვილს, რომ ჩხუბში დანა არ გამოიყენოს, რომ სხვისი სიცოცხლის მოსპობა ადამიანური საქციელი არ არის, რომ შეიძლება, ჩხუბიც მოგივიდეს და თუ შეცდი, ბოდიში მოიხადო ან ხელით მაინც დაიცვა თავი. ბევრი სხვა გამოსავალიც არის, ადამიანი რომ არ დაჭრა და მოკლა.

რატომ აქვთ ბავშვებს აგრესია ან ქუჩური გარჩევებისკენ მიდრეკილება? იქნებ ვიფიქროთ და ვიმუშაოთ ამ საკითხზე. მშობლებო, როცა შვილების სადღეგრძელოს სვამთ, გახსოვდეთ, რომ შეიძლება, თქვენი შვილი სხვის შვილს სოცოცხლეს ართმევდეს. მკვლელი მოსწავლების დანაშაული სწორედ მშობლების კისერზეა. აღზარდეთ ისინი ისე, რომ სხვის სიცოცხლეს პატივს სცემდნენ, რომ დანის ჩხუბში გამოყენება არის სიბრიყვე და თავის დაცვა კრივზე სიარულითაც შეუძლიათ.

ასწავლეთ, რომ თუ ღირსეული ცხოვრება უნდათ, ამისთვის განათლებაა საჭირო და არა იარაღი და ქუჩური გარჩევა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს. დაშავებულს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ

პეტრე კოლხი: საიდან ბავშვებში ასეთი აგრესია?! რა თქმა უნდა უსიყვარულობიდან... დედის ადგილს ძიძა ვერასდროს დაიკავებს. რაც არ უნდა ფუფუნებაში იზრდებოდეს ბავშვი, თუ მას დედის სითბო და მკლავები აკლია, აუცილებლად აგრესორი გაიზრდება... გაბოროტებული საზოგადოება კი მოზარდის სარკეა, რომელშიც ყოველდღიურად ,,იხედება"... რას ხედავს?! ბოღმას, შურისძიებას, ზიზღს... მაპატიეთ, არც სასულიერო პირები ვდგავართ მოწოდების სიმაღლეზე... უამრავჯერ შემხვედრია, ტატუიანი და პირსინგიანი გოგო-ბიჭები, რომლებიც გულდაწყვეტილები იყვნენ, სასულიერო პირების ქმედებებით... რა მოხდა მერე, თუ წითელი თმებით და დახატული მაჯებით შედიან ტაძარში. ტკბილი საუბრით და დაყვავებით ისინი ყველაფერს შეცვლიან... პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება აღზრდა... ნურავინ ვიქნებით მშვიდად... ყველა დამნაშავე ვართ, ამ მკვლელობის გამო... ყველა ჩვენგანი ვუწყობთ ხელს, ამ უბედურებას...

მარიამ ჯაში, პარლამენტის წევრი: დღეს თბილისში უდიდესი ტრაგედია მოხდა. ტრაგედია, რომლის მსგავსი 4 წელია არ მომხდარა სკოლის მოსწავლეებს შორის. წარმოუდგენელია დღეს დაღუპული შვილის მშობლები ვანუგეშოთ რაიმე სიტყვით... ესეთ დროს, სიტყვებიც ზედმეტია... საქართველოს პარლამენტის წევრები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები ყველანი შეძრული ვართ დღევანდელი ტრაგედიით და ვუსამძიმრებთ დაღუპული მოსწავლის ოჯახს, მის მეგობრებს და თითოეულ ახლობელს. შუადღის შემდეგ, პირადად ხაზზე ვარ როგორც განათლების, ასევე ჯანდაცვის სამინისტროებთან. მთავარი ამ ეტაპზე ხორავას ქუჩაზე მეორე მძიმედ დაჭრილი ბავშვის სიცოცხლისათვის ბრძოლა რჩება, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ისევ გრძელდება.

ამ უმძიმესი დღის ფონზეც, ვცდილობთ გავერკვეთ, რა მოხდა და ვადევნებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული გამოძიების მიმდინარეობას. ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, დღეს ან წინა დღეებში არც 51-ე სკოლის ადმინისტრაციას და არც მანდატურის სამსახურს ეჭვის საფუძველიც არ ქონიათ, რომ მოსწავლეებს შეიძლება დაპირისპირება შექმნოდათ 51-ე ან სხვა სკოლის მოსწავლეებთან. უშუალოდ 51-ე სკოლის ტერიტორიაზეც, სწავლის დასრულების შემდეგაც, საყურადღებო არაფერი მომხდარა. მაგრამ ბუნებრივია, როდესაც სკოლიდან გასვლის შემდეგ შეიძლება ესეთი ტრაგედია დატრიალდეს, უნდა ვიფიქროთ, როგორ შეიძლება უსაფრთხოების ზომების კიდევ უფრო გაძლიერება. უახლოეს დღეებში მე შევხვდები შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრებს და ვიმსჯელებთ, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ბავშვებისა და ახალგაზრდების უსაფრთხოება სკოლებისა თუ უნივერსიტეტების შენობების და მიმდებარე ტეროტიროების მიღმაც. სკოლის მიმდებარე ქუჩებიც ჩვენ უფრო მეტად დაცული უნდა გვქონდეს.

ნიკოლოზ რაჭველი,  ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი: უკიდურესად განვიცდი მომხდარს... განვიცდი ოჯახების უკიდურეს ტრაგედიას, დაღუპულთა ტკივილს და მათი თვალით დანახულ უკანასკნელ რეალობას, მკვლელის თუ მკვლელების (ამ დროს მკვლელის პასუხისმგებლობა ნაწილობრივ ნაწილდება გარშემო მყოფებზეც) სისასტიკეს და ამ სისასტიკის წარმომშობ მიზეზებს, რომელსაც ჩვენ, საზოგადოება გაცნობიერებლად და გაუცნობიერებლად ვუქმნით პირობებს, განვიცდი დამნაშავეების, მათი ოჯახის წევრების, ახლობლების ტრაგედიასაც, რადგან დანაშაულს მხოლოდ დამნაშავე არ ჩადის... და განვიცდი, რომ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც მხოლოდ მაშინ ვფხიზლდებით (ისიც დროებით და ზედაპირულად) როცა რეალობა სახეში გვირტყამს უმოწყალოდ მოქნეულ მტევანს... ღმერთმა დაიფაროს ყველა, სულ ყველა...

თეა სიჭინავა, ჟურნალისტი: არც დედას ვიცნობ, არც მამას, არც მეგობარს, არც მეზობელს, მაგრამ მერე რა. მთელი დღეა ზუსტად ისე ვტირი, როგორც თითოეული მათგანი

ლიკა ყაზბეგი, დიზაინერი: მკვლელობისთვის უნდა იყოს სამუდამო ციხე. გამოსწორებული ბოროტმოქმედი ჯერ არავის უნახავს! მაქსიმალრად დისტანცირებულნი უნდა იყვნენ ნორმალური საზოგადოებისგან! და საერთოდ ცუდი აღზრდისთვის დედებსაც მიუსვამდი გვერდძე!!!!!

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს