ვაჟი, ასევე ცნობილი მსახიობი, გაურკვეველ ვითარებაში გარდაეცვალა, მომავალი მეუღლე მცხეთაში გაიცნო - ექსკლუზიური ფაქტები ვასილ ჩხაიძის ცხოვრებიდან

ვაჟი, ასევე ცნობილი მსახიობი, გაურკვეველ ვითარებაში გარდაეცვალა, მომავალი მეუღლე მცხეთაში გაიცნო - ექსკლუზიური ფაქტები ვასილ ჩხაიძის ცხოვრებიდან

"ბიჭოს, ვეღარ გაიგო ამ ხალხმა, რომ სიყვარული ვერტიკალურია და თან, ბრუნვადი", "არა ბატონო არა, ასეთი ცოდნით ვერ გავფრინდებით, არადა, უნდა გავფრინდეთ", - ეს ფრაზები ქრისტეფორე მგალობლიშვილს, იგივე ბიძია-ბაბუას ეკუთვნის, რომელიც გენიალური ფილმის ("შერეკილები") გენიალური პერსონაჟია, ერთაოზ ბრეგვაძესთან ერთად, საპატიმროში მყოფი ცათმფრენს რომ აგებდა...

ეს კი პიპინია ერისთავია - "არაჩვეულებრივი გამოფენიდან: "კარგს იზამდი ქალი რომ გეთხოვა... ქალი ისეთი მოიყვანე, რომ მაინდამაინც მახინჯი არ იყოს, არა სასიამოვნო სახლში რომ მიხვალ და უშნო ქალი დაგხვდება... ექიმი უნდა იყოს, თერაპევტი ჯობია ყველას, პატიოსანი, წყნარი, ოჯახიშვილი". დიახ, ასეთი ცოლი უნდოდა პიპინიას აგულისთვის...

ამ ეკრანულ სახეებს მაყურებელი კარგად იცნობს და უყვარს, თუმცა მსახიობ, ვასილ ჩხაიძეზე, რომელიც ამ როლებს ქმნიდა, შეიძლება ითქვას, ბევრი არაფერი იცის. ვასილ ჩხაიძე 1905 წელს ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანაში დაიბადა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი გერმანული ენის განხრით დაამთავრა, სწავლობდა ასევე - თეატრალურ სტუდიაში. იყო ბათუმის თეატრის მსახიობი, მოგვიანებით - სახელმწიფო თეატრში მუშაობდა. 1937-1956 წლებში სკოლაში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა, რუსული და გერმანული ენის მასწავლებელი გახლდათ. იყო ასევე ფოთის ვ. გუნიას სახელობის თეატრის მსახიობი. 1967 წლიდან კი კინოსტუდია "ქართულ ფილმში" დაიწყო მუშაობა, როცა რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ აღმოაჩინა. მისი პირველი როლი "არაჩვეულებრივ გამოფენაში", პიპინია ერისთავი იყო, რასაც 29 ქართული მხატვრული ფილმი მოჰყვა, მათ შორის, "ლაზარე", "ფეოლა", "შერეკილები", "ჩირიკი და ჩიკოტელა", "რაჭა ჩემი სიყვარული", "სამანიშვილის დედინაცვალი", "პირველი მერცხალი" და სხვ.

აი, რას გვიყვება მაია ჩხაიძე, ლანჩხუთის ვ. წულაძის სახელობის თეტარისა და კინოს მუზეუმის განყოფილების გამგე:

- ვასილ ჩხაიძე ქართული კინოს ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავია, რომელსაც 1979 წელს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა. გარდაიცვალა 1986 წელის 26 დეკემბერს... მისი მამა - ისააკი ღარიბი გლეხი იყო, დედა ჩიჩუას ქალი გახლდათ, წარმოსადეგი, კარგი დედა და დიასახლისი, ვასო გარეგნობით, სიმაღლით, ინტელექტით მას ჰგავდა... ბატონ ვასოს ძმაც მასწავლებელი იყო და დიდხანს ხელმძღვანელობდა ლანჩხუთის განათლების განყოფილებას. ვასილ ჩხაიძემ შესანიშნავად იცოდა, არა მარტო რუსული ლიტერატურა, გერმანულიც, თავისუფლად საუბრობდა მსოფლიო ლიტერატურაზე, ასევე ინგლისელი, ფრანგი, იტალიელი მეცნიერებისა და ხელოვნების მოღვაწეების წვლილზე. ქართველი ფილოსოფოსებიდან მაღალ შეფასებას მოსე გოგიბერიძეს აძლევდა, მწერლებიდან - მიხეილ ჯავახიშვილს, პოეტებში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეებს.

- ჰყავდა თუ არა ბატონ ვასილს შვილი, მეუღლე?

- მეუღლე და ერთადერთ ვაჟი (გიორგი) ჰყავდა, რომელიც სხვათა შორის "ცისფერ მთებში" მონაწილეობს, მისი პერსონაჟი შუქრის სახელით არის ცნობილი, ფრანგულს რომ სწავლობს...

- "კომსი კომსა, ჩემო შუქრი" - ასე რომ მიმართავს ფილმის მთავარი გმირი, ვაჟა ზაზაევიჩი?

- კი. მას მონაწილეობა ჰქონდა ასევე მიღებული ფილმში "სიცოცხლე ერმილეს". ვასილმა შვილს სახელი ძმის პატივსაცემად დაარქვა. სამწუხაროდ გიორგი ჩხაიძე 2000 წელს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, დაოჯახებულიც არ ჰყოფილა. ერთადერთი ვაჟი იყო გიორგი, თეატრალური ინსტიტუტი ჰქონდა დაამთავრებული, მსახიობი გახლდათ და აქტიურ სასცენო მოღავწეობას ეწეოდა. რაც შეეხება ბატონი ვასოს მეუღლეს, ნინა ვარდიგულაშვილს, ეს ქალბატონი მან მცხეთაში გაიცნო, როდესაც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იქ გაანაწილეს. მომავალ მეუღლეს სწორედ მაშინ შეხვდა. ქალბატონი ნინა მცხეთელი გახლდათ და პროფესიით ექიმი. ბატონი ვასილი ადრე დაქვრივდა, 50 წლისაც არ იყო, მეუღლე რომ გარდაეცვალა.

- როდესაც ის კინოსტუდიის თანამშრომელი გახდა, სოფელი დატოვა?

- დიახ, საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. იმ დროისთვის გუნიას სახელობის ფოთის თეატრიდან უკვე წასული იყო და უმუშევარიც, როცა ელდარ შენგელაიას ასიტენტებმა სოფელ აცანაში ააკითხეს, პიპინია ერისთავის როლისთვის მსახიობს ეძებდნენ. მის აღმოჩენაში ვალოდია წულაძის წვლილიც დიდია, სწორედ ამ ადამიანის სახელს ატარებს მუზეუმი, სადაც ვმუშაობ. რაც შეეხება "არაჩვეულებრივი გამოფენის" მთავარი პერსონაჟის, პიპინას როლის შემსრულებელს, "დაგვიანებულ ყვავილსაც" უწოდებდნენ, რადგანაც მისი აღმოჩენა 63 წლის ასაკში მოდა, რასაც აღმავლობა მოჰყვა.

* * *

კინოდებიუტი "არაჩვეულებრივ გამოფენაში" 1968 წელს შედგა. ელდარ შენგელაია რომ არა, ალბათ, ეს მსახიობი პროვინციაში დარჩებოდა და ქართულ კინოში ისეთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი პერსონაჟები არ შეიქმნებოდა, როგორიცაა პიპინია ერისთავი და ქრისტეფორე მგალობლიშვილი...

ელდერ შენგელაიას მოგონება: "პიპინიას როლზე თბილისში ვერავინ ვიპოვე. ჩვენი გადამღები ჯგუფი ფოთში იყო. იქ მსახიობ აკაკი დობორჯგინიძეს წავაკითხე სცენარი და ვკითხე, ვინმეს ხომ არ იცნობდა, ვინც პიპინიას როლს შეასრულებდა. აკაკი დობორჯგინიძე ის კაცია, რომელსაც "არაჩვეულებრივ გამოფენაში" ძაღლი მოჰყავს. მან მითხრა, რომ გურიაში, სოფელ აცანაში იყო ადამიანი, რომელიც შეიძლებოდა გამოგვდგომოდა - ვასილ ჩხაიძე, ის ფოთის თეატრში მუშაობდა, იქიდან გარიცხეს და სოფელში პედაგოგიური საქმიანობა განაგრძო.

გურამ ლორთქიფანიძე ჩემი ასისტენტი იყო და არ ვფიქრობდი, აგულის როლზე ამეყვანა. გურიაში ჩასულებს საოცარი სახლი დაგვხვდა, ზღაპრებში რომაა, ისეთი. გამოვიდა კაცი, რომელიც ისეთივე ჩაცმული იყო, როგორიც შემდეგ ფილმშია. ფაქტობრივად, მის ჩაცმულობაში ბევრი არაფერი შეგვიცვლია. გურამი და ვასილ ჩხაიძე ერთად რომ დავინახე, მივხვდი, რომ ესენი აგული და მამამისი, პიპინია იყვნენ. ვასილ ჩხაიძემ მთავარ როლზე უარი მითხრა, ეპიზოდში ვითამაშებო. შევეცადე, გადამერწმუნებინა და თბილისში დავიბარე. როცა ჩამოვიდა, რკინიგზის სადგურში გურამი დახვდა და პირდაპირ კინოსტუდიაში მოიყვანა. პირველად კამერის წინ რომ დარჩა, შეშინდა, მაგრამ სინჯების შემდეგ, პიპინიას როლზე დავამტკიცეთ".

* * *

ფილმის გადაღებისას უკვე სამოც წელს იყო გადაცილებული და მას შემდეგ სხვა რეჟისორებთანაც იმუშავა. "ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი" კი მისი ბოლო კინონამუშევარი იყო, რომლის გადაღების დროსაც, ის ისევ ელდარ შენგელაიასთან მუშაობდა.

2013 წელს, მუხათგვერდის სასაფლაოზე მისი დაკარგული საფლავი ელდერ შენგელაიამ იპოვა და ნეშტი გადმოასვენა. "ჩვენმა მეგობარმა, გურამ გელაძემ იცოდა, სად იყო ეს საფლავი, საიდანაც დიდუბის პანთეონში გადმოვასვენეთ".

მაია ჩხაიძე:

- მაშინ როდესაც ცუდ მდგომარეობაში იყო მისი საფლავი, აცანელებს სურვილი გვქონდა, ჩვენს სოფელში, წმინდა ნინოს სახელობის ეკლაესიის ეზოში გადმოგვესვენებინა, მაგრამ ელდარ შენგელაიას ძალისხმევით მისი გადმოსვენება მოხდა დიდუბის პანთეონში.

- მისი სახლ-კარი აცანაში არსებობს?

- პატარა სახლი ჰქონდა, რომლიც მოგვიანებით დაიწვა და შესაბამისად, მისი ნივთები, რაც კი მუზეუმისთვის შეიძლებოდა, ექსპონატებად გამოგვეყენებინა, განდაგურდა. თბილისის სახლიც დაეკარგა. თან, ხომ გითხარით, მისი ვაჟი ისეთ უცნაურ გარემოში გარდაიცვალა, რომ ვასილ ჩხაიძის ძმიშვილებმა, ნათესავებმა ვერც შეიტყვეს, სახლი მეზობელს დაუტოვა. შემდეგ ქონებრივი დავა სასამართლოში მიმდინარეობდა, მაგრამ ძმიშვილებმა ვერ მოახერხეს, ქონების დაბრუნება და ჩხაიძეების ქონება უცხო ხალხს დარჩა.

გული მწყდება, რომ ნივთები, რომლებიც ექსპონატებად შეიძლებოდა მუზეუმში გამომდგარიყო, განადგურდა და გადაიყარა. ბატონი ვასო მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული, ხატავდა, წერდა, ხომ ვამბობ, საოცრად კარგი პედაგოგი იყო, მამაჩემს და მამიდას ასწავლიდა. ასე რომ აცანელ ჩახაიძეებს გვეამაყება ეს ადამიანი. ახლა ბიუსტი გაკეთდა და მშობლიურ კუთხეში დაიდგმება. სკოლას, რომელშიც მოღავწეობდა, გვინდა, რომ მისი სახელი ეწოდოს. ალბათ ეს უახლოეს მომავალში მოხდება.

ერთ-ერთი პიროვნება, სკოლის დირექტორი, რომელიც მის ახლო მეგობრად ითვლებოდა, ყვებოდა, - მოვლენებს, თავის სახელს უწოდებდა, თავისუფლად მოაზროვე ადამიანი იყო, ჰოდა, უკვირდა, როგორ გადაურჩა მძიმე რეპრესიების ეპოქასო? ვასო მასწავლებლის გაკვეთილები შემოქმედებითი მუხტით ყოფილა სავსე, ზეპირად კითხულობდა ლექსებს და ნაწყვეტებს პროზაული ნაწარმოებებიდან.

მე განსაკუთრებულად მომწონს კინორეჟისორ ბუბა ხოტივარის შეფასება: "კინოკამერის წინ ის თამაშობდა იმას, რასაც ცხოვრებაში წარმოადგენდა, ცხოვრებაში კი ის იყო ჯიშიანი ქართველი არისტოკრატი. ვფიქრობ, რომ ეს არის ვასილ ჩხაიძის სრული დახასიათება... ბატონი ბუბა მას ასეც უწოდებდა: ''აზნაური ვასილ ჩხაიძე და ელდარ შენგელაიას მიერ აღმოჩენილი ''დიდი პიპინია''... ამ ადამიანზე საუბარი დაუსრულებლად შემიძლია. ის ქართულ კინოში მანამდე დარჩება, სანამ ქართველი მაყურებელი კლასიკად ქცეულ ქართულ ფილმებს ნახავს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

იხილეთ ასევე: "გული მწყდება... ისე ჩაიარა მისმა 70 წლის იუბილემ, არავის გახსენებია" - ყველასთვის საყვარელი მსახიობი, რომელზეც თითქმის არაფერი ვიცით