"ხვალ ეს გოგონა ცხოვრებას რომ გააგრძელებს, აუცილებლად დახვდება ეს ყველაფერი წინ" - პირადი ტრაგედია, რომელსაც საჯარო ინტერესით ჰყიდიან

"ხვალ ეს გოგონა ცხოვრებას რომ გააგრძელებს, აუცილებლად დახვდება ეს ყველაფერი წინ" - პირადი ტრაგედია, რომელსაც საჯარო ინტერესით ჰყიდიან

"იმედის კვირაში" გასულ სიუჟეტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჟურნალისტ სოფო მთივლიშვილის სიუჟეტში ნაჩვენები იყო 19 წლის გოგონას და 34 წლის მამაკაცის ქორწინების ამბავი, რომელიც ძალადობით დასრულდა. ძალადობის მიზეზი კი ის გახდა, რომ მამაკაცის აზრით, 19 წლის ახალგაზრდა ქალიშვილი არ აღმოჩნდა. სიუჟეტში ამის შესახებ წყვილის ოჯახის წევრები და მეზობლები საუბრობდნენ. სად დაირღვა სტანდარტები და რა ფორმით უნდა გასულიყო 19 წლის ახალგაზრდის ტრაგედია ეთერში, ამის შესახებ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი თამარ რუხაძე გვესაუბრა:

- პრობლემისადმი საჯარო ინტერესი არ ნიშნავს იმას, რომ არსებობს ამ პრობლემაში ჩართული კონკრეტული ადამიანის პირადი ცხოვრებისადმი საზოგადოების ინტერესი. ბევრი არგუმენტი მოვისმინე ამ სიუჟეტის თაობაზე, მათ შორის ისიც, რომ საზოგადოების გამოფხიზლება არის ის სიკეთე, რომელიც წონის ყველა ეთიკურ დარღვევას. საქმე ისაა, საზოგადოებრივი სიკეთის სახელით მედია არ უნდა უშვებდეს თუნდაც ერთი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევას. ამ პრობლემაზე სიუჟეტის გაკეთება შესაძლებელი იყო, ყველა მიუღებელი და არასწორი დეტალის გარეშე, თუნდაც ამ ადამიანის იდენტიფიცირების გარეშე, ბევრი რამ ითქვა სიუჟეტში ისეთი, რაც შესაძლოა ზიანის მომტანი გახდეს ამ ადამიანისთვის.

- სიუჟეტში ჩანს, რომ ჟურნალისტს ოჯახის წევრებისგან თანხმობა ჰქონდა, სავარაუდოდ, ამიტომაც მოხდა პიროვნების იდენტიფიცირება..

- გასაგებია, ჩანს, რომ ოჯახები ზედმეტად თანახმებიც კი არიან. სიუჟეტში ბევრი რამე არის დადგმული, სცენოგრაფიული სტილი ხელოვნურს ხდის და აყალბებს პრობლემისადმი სერიოზულ მიდგომას. რა მიზანიც შეიძლება ჰქონდა კიდეც ჟურნალისტს. ჩვენ თავად დაზარალებულ გოგონას თანხმობა არ გვინახავს, უბრალოდ ვნახეთ ცუდად მყოფი ადამიანი. ის, რომ ამ გოგონამ გადაწყვიტა სამართლებრივი გზით ებრძოლა, არ ნიშნავს, რომ მას ამ ტიპის საჯაროობა სურდა. საერთაშორისო სტანდარტით სექსუალური ძალადობის მსხვერპლს აქვს გარანტირებული ანონიმურობა, იშვიათი გამონაკლისი შემთხვევების გარდა. ეს გამონაკლისები არის სერიოზული სარედაქციო მსჯელობის საგანი, არგუმენტებით და საზოგადოებრივი ინტერესებით გამყარებული, მაგრამ ამის მიუხედავად, არცერთი გამონაკლისი არ გაითვალისწინებს იმ ფორმებს, რაც ამ სიუჟეტში იყო წარმოდგენილი. მხვერპლის თანხმობის შემთხვევაშიც არ ერთმევა მედიას პასუხისმგებლობა, რადგან ემოციურად დატვირთული ადამიანები ვერ აცნობიერებენ იმ შედეგებს, რაც შეიძლება მოუტანოს საჯაროობამ. ყველაზე ცუდი რაც არის, ჩემი აზრით, ძალიან კეთილი მიზნებით ვამართლებთ ერთი სახეობის ძალადობას მედიის მიერ, საზოგადოებრივი სიკეთის სახელით. რა მნიშვნელობა აქვს ადამიანზე საზოგადოებრივი სიკეთის, თუ ცუდი საქმის სახელით ვიძალადებთ? შედეგი ერთი და იგივეა. საზოგადოება, რომელიც ხედავს, მედია მისთვის სიკეთის მოტანის სახელით როგორ უარყოფს ერთ ადამიანს, ის საზოგადოება ადვილად ეჩვევა იმას, რომ თუნდაც ღირსების ან ოჯახის დაცვის მიზნით გათელოს ერთი ადამიანი.

- ანუ იმედმა გათელა 19 წლის გოგონა?

- გათელვა ცუდი სიტყვაა, საზოგადოების პიროვნებისადმი დამოკიდებულებაში. "გაწირა ერთი ადამიანი", მერე რა, რომ ჩვენ ყველამ გავიგეთ მისი პირადი დეტალები, ხვალ ეს გოგონა ცხოვრებას რომ გააგრძელებს, აუცილებლად დახვდება ეს ყველაფერი წინ. ის შესაძლოა დაცინვის, დისკრიმინაციის, ბევრი რაღაცის მსხვერპლი გახდეს. მსხვერპლს იმიტომ ვიცავთ, მეორედ რომ არ გახდეს მსხვერპლი.

- როგორ შეიძლებოდა ამ პრობლემის წარმოჩენა სტანდარტების დაცვით?

- ცოტა არ იყოს ბრალდებულიც უაპელაციოდ არის წარმოჩენილი დამნაშავედ. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდება მის წინააღმდეგ არის და ვერდიქტს ელოდება, სანამ სასამართლო არ დაამტკიცებს მის ბრალეულობას, შესაბამისი სტატუსით უნდა მოიხსენიოს ჟურნალისტმა და არა ხატოვანი სტატუსით, "ამ რეალობის შემქმნელი ახლა გისოსებს მიღმა ზის". ეს მტკიცებით ფორმაში მოწოდებული, ფაქტობრივი ინფორმაციაა. სიუჟეტისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს სიზუსტეს, რომ ეს კაცი არის ბრალდებული. როდესაც ვცდილობთ რაღაც სტერეოტიპი დავამსხვრიოთ და ვაჩვენოთ მავნებლობა, სასურველია კარგად ჩანდეს მანკიერება, არა ნატურალურ დონეზე, არამედ მის მიზეზებზე. შეეძლო ჟურნალისტს, ეჩვენებინა საზოგადოებისთვის ერთის მხრივ პრობლემა, რომელიც შესაძლოა ოჯახში გაჩნდეს, ახალგაზრდების დამოკიდებულება პრობლემისადმი, რისი ბრალია და ა.შ. თუ მიზანი სტერეოტიპების დამსხვრევაა, სიუჟეტით უნდა მიბიძგო ამისკენ და არა პირიქით. თურმე ეს დასაშვებია, იმიტომ, რომ მთელი ქალაქი ასე ფიქრობს და აბა რას იზამდა. გასაგებია, რომ ეს ერთის მხრივ ჩვენებაა, მაგრამ მეორე მხრივ ამდენი არგუმენტის ჩვენება ამ ძალადობის სასარგებლოდ არ არის მხოლოდ ლუსტრაცია, ეს ცოტა არ იყოს გამართლებაა.

თამარ ბოჭორიშვილი

იხილეთ ასევე: "იშვიათად შემხვედრია ადამიანის პირადი ცხოვრების ასეთი გათელვა" - "იმედის" ეთერში გასულმა სიუჟეტმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები