"რუსთავი 2"-ს უარი პატრიარქსა და პრეზიდენტს მიმართვის ეთერში გაშვებაზე - ნიკა გვარამიას განმარტება

"რუსთავი 2"-ს უარი პატრიარქსა და პრეზიდენტს მიმართვის ეთერში გაშვებაზე - ნიკა გვარამიას განმარტება

ახალი წლის დადგომისთანავე პრეზიდენტისა და პატრიარქის ტრადიციული მიმართვის ეთერში ჩვენების ტრადიცია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა დაარღვია. ტელეკომპანიამ, ბოლო წლების მანძილზე, პირველად თქვა უარი როგორც პატრიარქის, აგრეთვე პრეზიდენტის საახალწლო სიტყვის ჩვენებაზე. ტელეკომპანიას ეთერში არც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვა გაუვრცელებია. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ Facebook-ზე განაცხადა:

"ძვრიფასო მეგობრებო, მინდა განმარტება გავაკეთო" რუსთავი 2"-ის პოზიციასთან დაკავშირებით, რაც ეხება საახალწლო ეთერში პოლიტიკური და რელიგიური ლიდერების მიმართვების ტრანსლირებას.

"რუსთავი 2"-ის საახალწლო ეთერი არის გასართობი ეთერი, შესაბამისად, ჩემი, როგორც არხის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, არც ერთი საჯარო პირის მილოცვა ეთერში არ გავა. ვფიქრობ, როგორც არხის გენერალურ დირექტორს, მაქვს უფლება, მივიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიმაჩნია მნიშვნელოვნად და პრინციპულად. ვთვლი, რომ საახალწლო მილოცვები წინასაახალწლო ეთერში წარმოადგენს პოსტსაბჭოთა რეგიონისთვის დამახასიათებელ გადმონაშთს და არ არის დამახასიათებელი არც ერთი მეტ-ნაკლებად წარმატებული დემოკრატიისთვის, თუ არ ჩავთვლით იშვიათ გამონაკლისებს, ისიც საზოგადოებრივ არხებზე. ამიტომაც, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ ჩვენი არხი აუცილებლად გამოეთხოვოს ამ მანკიერ ტრადიციას. განსხვავებით რელიგიური დღესასწაულებისგან, სადაც მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის რელიგიური მრწამსის პატივსაცემად დასაშვებად მიგვაჩნია შესაბამისი მიმართვის ტრანსლირება, ახალი წელი არის საერო დღესასწაული და შესაბამისად წინასაახალწლო წუთებში არ მოხდება არც საქართველოს პატრიარქის მილოცვის ტრანსლირება.

ცხადია, რუსთავი 2ს არ დაუხურავს საკუთარი ეთერი პოლიტიკური თუ რელიგიური ლიდერებისთვის, რათა მათ მიელოცათ მოსახლეობისთვის დამდეგი ახალი წელი და გაეჟღერებინათ ის მესიჯები, რომელიც სურდათ. მათ შეეთავაზათ საახალწლო კურიერის მაღალრეიტინგული ეთერი, რომელზეც, სამწუხაროდ, უარი განაცხადეს. ეს მათი არჩევანია, ისევე როგორც რუსთავი 2-ის, როგორც დამოუკიდებელი კერძო ტელევიზიის არჩევანია ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრე. ასევე, კატეგორიულ პირობად დავუყენეთ ქალაქის მერს, გიგი უგულავას, რომ არ მომხდარიყო მერიის მიერ რიყეზე ორგანიზებული კონცერტის რაიმე სახით პოლიტიზება, წინააღმდეგ შემთხვევაში, არხი უარს იტყოდა კონცერტის ტრანსლირებაზე. აღნიშნულ საკითხზე მოხდა შეთანხმება ქალაქის მერიასთან და შემდგომში ასევე კულტურის სამინისტროსთან, რომელიც მოგვიანებით ჩაერთო კონცერტის ორგანიზებაში.

არხი თავისუფალია ზემოთ გაცხადებულ არჩევანში და ამ გადაწყვეტილებას იღებს ისე, რომ არ უთანხმებს არც ერთ თანამდებობის პირს თუ პოლიტიკურ ორგანიზაციას, იმ უბრალო მიზეზით, რომ არ აინტერესებს მათი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი.

რაც შეეხება არგუმენტს, თუ რატომ არ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება შარშან და ხომ არ იყო ამის მიზეზი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნა. მინდა შეგახსენოთ, რომ მხოლოდ 24 დეკემბერს დავტოვე სასჯელაღსრულების დაწესებულება და, მიუხედავად იმისა, რომ იგივე პოზიცია მქონდა მაშინაც, უბრალოდ პერსონალური პრობლემების გამო ვერ მოვახერხე ამ დამოკიდებულების იმპლემენტაცია," - წერს ნიკა გვარამია.

ასევე დაგაინტერესებთ: პატრიარქის საახალწლო მილოცვა

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები