ჰოლივუდის ბევრ ვარსკვლავს მზე სილამაზისა და ჯანმრთელობის მთავარ მტრად მიაჩნია. მაგალითად, ნიკოლ კიდმანმა აღიარა, რომ მისი მგრძნობიარე კანისთვის ძალზე მტკივნეულია მზის სხივები. ამიტომ ვარსკვლავი მზიან ამინდში გრძელსახელოებიან სამოსს იცვამს. მზის მავნე ზემოქმედებას ნამდვილად უნდა მოერიდოთ, მაგრამ არ უნდა დაივიწყოთ, რომ არსებობს მზისგან დამცავი საშუალებები, რომლებიც ზედმეტად მგრძნობიარე კანის შემთხვევაშიც კი საშუალებას მოგცემთ უმტკივნეულოდ მიიღოთ მსუბუქი ნამზეური, თუმცა ამისთვის სპეციალისტთა რამდენიმე რჩევაც გამოგადგებათ:
- მზის აბაზანის მიღებამდე 2-3 დღით ადრე გაიკეთეთ ეპილაცია, ეს მზის სხივებს კანზე თანაბრად განაწილების საშუალებას მისცემს.
- მზის აბაზანის მიღების წინა დღეს ესტუმრეთ საუნას და ჩაიტარეთ პილინგი.
- პლაჟზე გასვლამდე ორი საათით ადრე მთელ სხეულზე სპეციალური კოსმეტიკური დამატენიანებელი საშუალება წაისვით, რადგან მზის აბაზანა კანს აშრობს.
- მზის დამცავი საშუალების ტიუბიდან გამოდევნეთ იმდენი მასა, რომ მაჯიდან შუა თითის წვერამდე ზოლი გაავლოთ, ეს ზუსტად ის რაოდენობა იქნება, რომელიც სხეულის თითოეულ მონაკვეთზე წასასმელად დაგჭირდებათ. რაც შეეხება მგრძნობიარე სახის კანს, მასზე წასასმელ დამცავ კრემში SPF - ფაქტორი ერთი დონით მაღალი უნდა იყოს, ვიდრე ტანზე წასასმელ დამცავ საშუალებაში.
- მზის აბაზანის შემდეგ მიიღეთ შხაპი და ნამზეურის შემდეგ წასასმელი კრემი გამოიყენეთ, მასში შემავალი ნივთიერებები ხელს შეუწყობს კანის უჯრედების აღდგენასა და დატენიანებას.
ცხიმი კანს მავნე სხივებისგან იცავს
მზის აბაზანების დროს ჩვენი კანი დაცული უნდა იყოს. თავდაცვას ნაწილობრივ თვითონვე უზრუნველყოფს. ზაფხულში კანი ცხიმიანი ხდება და ეს შემთხვევითი არ არის. კანს ცხიმი მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს. ასე რომ, ზაფხულში სპირტიანი ლოსიონები ნუ გაგიტაცებთ. გამომშრალი კანი სიბერისკენ უფრო მიდრეკილი ხდება. გარდა ამისა, შვებულებამდე ერთი თვით ადრე დამატებით მიიღეთ ბეტა-კაროტინი და ვიტამინი F . ეს ნივთიერებები ორგანიზმში ცისტინის დონეს ამაღლებს, რომელიც კანის დამცავ ფენასა და თმას ამაგრებს, ე.ი. ულტრასხივების მიმართ უფრო ამტანს გვხდის და კიდევ: ვიტამინი A ცხიმოვანი ჯირკვლების მოქმედებას ასტიმულირებს, რაც დამატებითი დაცვით უზრუნველგვყოფს.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)