ზაფხულში, როდესაც ჰაერის ტემპერატურა უმაღლეს ნიშნულზეა, ნაწლავური თუ სხვა ტიპის ინფექციური დაავადებების ფაქტები პიკს აღწევს. თუ მიმდინარე წლის 3 თვის მონაცემებით, ქვეყანაში ინფექციური დაავადებების საერთო რაოდენობამ 223 ერთეული შეადგინა, გამორიცხული არ არის, რომ წლის ბოლოს ეს ციფრი უფრო მეტად გაიზარდოს. თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ელემენტარულ წესებს დაიცავს, ის არ დაავადდება.
"მოკლედ, ამ ციფრებში საგანგაშო არაფერია, მთავარია, დავიცვათ ჰიგიენის წესები", - განუცხადა "რეზონანსს" იმნაძემ.
საერთოდ, ყველა ინფექციას თავისი სეზონური მახასიათებელი გააჩნია და ის პიკს მხოლოდ მაშინ აღწევს, როდესაც მისთვის სასურველი კლიმატური პირობები შეიქმნება. შესაბამისად, ზოგიერთი დაავადება აქტიურ ფაზაში გაზაფხულზე შედის, ზოგი წელიწადის სხვა დროს, ზოგიერთისთვის კი, სეზონსა და კლიმატს მნიშვნელობა არ აქვს, ის მაშინ იჩენს თავს, როდესაც მისთვის სასურველი პერიოდი დგება. ამ პერიოდისთვის კი, როგორც ყოველთვის, აქტიურდება ლეიშმანიოზი და ნაწლავური ინფექციები.
ლეიშმანიოზი
ლეიშმანიოზი ზაფხულის, და არა მარტო ამ სეზონის, ერთ-ერთ გავრცელებული დაავადებაა, რომლითაც, ძირითადად, 4 წლამდე ბავშვები ავადდებიან. ამიტომაც თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენს შვილს უმიზეზოდ ემატება ტემპერატურა, გაუდიდდა ღვიძლი და ელენთა, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, რადგან დიდია იმის ალბათობა, რომ ბავშვი ლეიშმანიოზით იყოს დაინფიცირებული.
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ლეიშმანიოზის ინკუბაციის პერიოდი ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდება და მისი გამოვლენა შეიძლება რამდენიმე თვის ან ერთი წლის შემდეგაც მოხდეს. მაგალითად, ადამიანი, თუკი ლეიშმანიოზით ზაფხულში დაინფიცირდა, მას გარეგანი ნიშნები მხოლოდ შემოდგომაზე გამოუვლინდება. ამიტომაც, სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ზაფხულში ბავშვები შებინდებისას გარეთ გაყვანას მოვარიდოთ, რადგან მწერები, რომელთაც გადააქვთ ლეიშმანიოზი, ინტენსიურები შებინდების პერიოდში არიან.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ლეიშმანიოზის ფაქტებმა განსაკუთრებით იმატა. მიმდინარე წლის 3 თვის მონაცემებით, ქვეყანაში ამ დაავადების 49 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 39 ბავშვია. რაც შეეხება 2009 წელს, შარშან ლეიშმანიოზის სულ 42 შემთხვევა აღინიშნა, მათგან 36 ბავშვი იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო წლებში ლეიშმანიოზის შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო. მაგალითად, თუ 2006 წელს ლეიშმანიოზით დაავადებულთა 174 შემთხვევა გამოვლინდა, უკვე შემდგომ წლებში ეს ციფრი ასს არ გადასცდენია.
საგულისხმოა, რომ ლეიშმანიოზის დაავადების დროს ექიმებს ხშირად სწორი დიაგნოზის დასმა უჭირთ. მიზეზი კი ისაა, რომ ეს დაავადება აღიზიანებს ღვიძლს, ელენთას, ლიმფურ კვანძებს. ამიტომაც, არის შემთხვევები, როდესაც ავადმყოფს არასწორი მიმართულებით მკურნალობენ, ეს კი სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. სათანადო მკურნალობის გარეშე, დაავადება, შესაძლოა, 1,5-3 წელი გაგრძელდეს.
ნაწლავური ინფექციები
რაც შეეხება ნაწლავურ თუ სხვა ბაქტერიულ ინფექციებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, წელიწადში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ნაწლავური დაავადების (ბაქტერიული დიზენტერია, სალმონელოზი, დიარეით მიმდინარე სხვადასხვა ეტიოლოგიის დაავადებები), საშუალოდ, 1000-1500-მდე შემთხვევა ფიქსირდება. აქედან, ჯგუფური შემთხვევები ერთეულია. გაზაფხული-ზაფხული-შემოდგომის პერიოდში, ნაწლავური ინფექციების გადამცემი მექანიზმები აქტიურდება.
საგულისხმოა, რომ დაბინძურებული წყლით გამოწვეული დაავადებები არა მხოლოდ ამ პერიოდში, არამედ წელიწადის ნებისმიერ დროს ფიქსირდება ხოლმე. ცენტრში აღნიშნავენ, რომ როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებშიც ეს დაავადებები ბოლო პერიოდში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ნაწლავურ დაავადებებს, ისევე როგორც ინფექციური დაავადებების უმრავლესობას, მაღალი ტემპერატურა, ფაღარათი, პირღებინება ახასიათებს. სიმპტომების ხანგრძლივობა დაავადების კლინიკურ სიმძიმეზეა განპირობებული.
მაგალითად, მიმდინარე წლის 3 თვის მონაცემებით, ბაქტერიული ინფექციების 223 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 165 ბავშვი იყო. 2009 წლის ამავე პერიოდის განმავლობაში კი ბაქტერიული დაავადებების 160 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 127 ბავშვებში.
როგორ დავიცვათ თავი და ბავშვები?
ზაფხულის სეზონი რომ ნაწლავური თუ სხვა ტიპის ინფექციების აფეთქების პერიოდად ითვლება, არავისთვის უცხო არ არის. განსაკუთრებით კი, ინფექციები საკუთარ "მსხვერპლად" მცირეწლოვან ბავშვებს ირჩევენ. ზაფხულის დაავადებების გამომწვევებად სხვადასხვა მწერებთან ერთად, სასმელი წყლის დაბინძურებაც ითვლება.
გარდა წყლის დაბინძურებისა, როგორც გაირკვა, ნაწლავური ინფექციური დაავადებების გამოწვევა პირადი ჰიგიენის დაუცველობასაც შეუძლია. ამიტომაც სპეციალისტები მოსახლეობას პროფილაქტიკის მიზნით ჯერ პირადი ჰიგიენის დაცვას, ხოლო წყლის დაფინძურებისას (მაგალითად ,უფრო სწორად წყალდიდობების შემთხვევაში), სასმელი წყლის გადადუღებას ურჩევენ.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ წყალდიდობები, გარდა ნაწლავური ინფექციური დაავადებებისა, მალარიისა და ლეიშმანიოზის გავრცელების საშიშროებას ქმნის. იმ ფაქტს თუ გავითვალისწინებთ, რომ წყალი მწერების მომრავლებას უწყობს ხელს, სპეციალისტები ზაფხულის დღეებში ასეთი დაავადების გამოვლენის ფაქტებს არ გამორიცხავენ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის თქმით, ტრადიციულად, ნაწლავური ინფექციების გავრცელების რისკი ზაფხულის პერიოდში იზრდება.
"კუჭნაწლავის ინფექციების მატება ამ სეზონისთვის დამახასიათებელია. გარდა ამისა, იზრდება გადამტანი ინფექციების რისკიც. მოსახლეობას მოვუწოდებ დაიცვან ელემეტარული ჰიგიენური, სანიტარული ნორმები და ცხადია, საფრთხეებიც შედარებით ნაკლები იქნება. ხშირი წვიმების პერიოდში უკეთესია დასალევად გადადუღებული წყალი გამოვიყენოთ, ამასთან მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ გასაყიდი კრემიანი ნამცხვრების მიღებისგან, ვინაიდან მათი რეალიზაციის ვადა მხოლოდ 6 საათია.
ასევე დიასახლისებს ვურჩევ, რომ სალათების მომზადებისას მას მაიონეზი და არაჟანი მხოლოდ სუფრაზე გამოტანისას გაუკეთონ. მწვანილს, რომელიც სალათაშია, ერთი-ორი ბაქტერია აუცილებლად ექნება, მაიონეზის შერევისას კი ეს ბაქტერიები გამრავლებას გამოიწვევს", - განაცხადა იმნაძემ.
რაც შეეხება ლეიშმანიოზს, მისი თქმით, აღნიშნული დაავადება, ძირითადად, 4 წლამდე ასაკის ბავშვებში ვრცელდება. ამიტომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, საღამოს საათებში ბავშვებს სასურველია დახურული სამოსი ეცვათ.
"დაავადება მწერების გამოღვიძების შემდეგ აქტიურდება, რაც ორ კვირაშია მოსალოდნელი. ლეიშმანიოზი მაწანწალა ძაღლებით ვრცელდება. მწერებს მათზე კბენის შემდეგ ლეიშმანიოზი ადამიანზე გადააქვთ. აღნიშნული დაავადების თავიდან ასაცილებლად მზის ჩასვლამდე ნახევარი საათით ადრე ბავშვები დახურული ტანსაცმლით უნდა ვატაროთ", - აღნიშნავს პაატა იმნაძე.
ელზა წიკლაური