ქალის ხელი მის ხასიათსა და ცხოვრების სტილზე მეტყველებს. ამასთანავე, ის იმაზეც მიგვანიშნებს, თუ აქცევს ქალი ყურადღებას თავის გარეგნობას. ყველაზე თვალში საცემი კი ფრჩხილებია, რომელთა მოვლა მხოლოდ ფერადი ლაქის წასმას არ გულისხმობს.
გვესაუბრება ექიმი-კოსმეტოლოგი ინგა კიკაბიძე:
- ფრჩხილები მიგვახვედრებს, თუ უთმობს ყურადღებას ადამიანი თავის გარეგნობას. მეორე მხრივ, ფრჩხილების მდგომარეობამ ორგანიზმში მიმდინარე დარღვევებზეც შეიძლება მიგვანიშნოს. თავიდანვე შევთანხმდეთ იმაზე, რომ ფრჩხილები ინფექციის წყაროა, ამიტომ ბავშვებს პატარაობიდანვე ვუშლით ფრჩხილების კვნეტას და ვცდილობთ, ფრჩხილები წამოზრდისთანავე მოვაჭრათ.
თუ დააკვირდებით, მუსიკოსებსა და ექიმებს ყოველთვის ძირში დაჭრილი, სუფთა და მოვლილი ფრჩხილები აქვთ - მათი პროფესიიდან გამომდინარე, სხვანაირად არც შეიძლება. სხვა პროფესიების ადამიანთა უმრავლესობაც ასეთ სტილს ამჯობინებს, რაც, ჩემი აზრით, უფრო ესთეტიკური და მოხერხებულია, მაგრამ ეს ჩემი პირადი აზრია. გრძელი ფრჩხილები ბევრს მოსწონს. თუმცა ასეთ ფრჩხილებს სათანადო მოვლა სჭირდება.
- რას გულისხმობთ?
- გრძელი ფრჩხილები სისუფთავის თვალსაზრისითაც მეტ ყურადღებას მოითხოვს და მეტ სიფრთხილესაც, რადგან მცირე დატვირთვის დროსაც კი შეიძლება მოტყდეს. გრძელი ფრჩხილების მოვლა სპეციალისტ-კოსმეტოლოგთან ხშირ ვიზიტსაც გულისხმობს, რომელიც სათანადო მანიპულაციებსა და პროცედურებს ჩაგიტარებთ.
- რაზე მიგვანიშნებს ფრჩხილების მტვრევა?
- ფრჩხილები ხშირად იმტვრევა, მათზე ასევე ხშირად ჩნდება გასწვრივი და ირიბი ნაპრალების მსგავსი ხაზები. ეს უმთავრესად ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების ბრალია. ქიმიურ ნივთიერებებად იგულისხმება სარეცხი ფხვნილები, ჭურჭლის სარეცხი საშუალებები. ფრჩხილების მტვრევისა და დეფორმაციის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ნივთიერებათა ცვლის მოშლა, ჰორმონული დისბალანსი, ჰიპოვიტამინოზი, ალკოჰოლური ან ნიკოტინური ინტოქსიკაცია.
- არის შემთხვევები, როდესაც ფრჩხილები ფენა-ფენა იფცქვნება. რისი ბრალია ეს?
- ეს გამოწვეულია ფრჩხილების გამოშრობით. ამის მიზეზიც, უპირველეს ყოვლისა, სარეცხი საშუალებები, ნესტი და ვიტამინების ნაკლებობაა. თუ ფრჩხილების დაშლა მხოლოდ საყოფაცხოვრებო პირობებით არის გამოწვეული, პრობლემა ჩვეულებრივი კოსმეტიკური პროცედურებით მოგვარდება, მაგრამ თუ ეს ვიტამინების, კალციუმის ნაკლებობის ან სხვა შინაგანი დარღვევის ბრალია, შესაბამისი ანალიზები უნდა ჩაიტაროთ და ექიმს მიმართოთ.
- როგორ მოვუაროთ სუსტ, მტვრევად ფჩხილებს?
- არ გაიქლიბოთ ისინი ლითონის ქლიბით - შეიძინეთ რბილი ქლიბი და ფრჩხილები ნაზად დაიმუშავეთ. არასდროს მოაძროთ ფრჩხილით საცობი, არ გახსნათ მაგარი საკეტი. რეცხვისას გაიკეთეთ სპეციალური რეზინის ხელთათმანები. ფრჩხილიდან ლაქის მოსაცილებელი ხსნარი კვირაში ორ ჯერზე მეტად არ იხმაროთ. ნუ წაისვამთ იაფფასიან ლაქს, ზამთარში კი უმჯობესია, ფრჩხილები დაასვენოთ და ლაქი იშვიათად იხმაროთ, რადგან დაბალი ტემპერატურა მათ ისედაც ვნებს.
დაზიანებული ფრჩხილების მოსავლელად საუკეთესო საშუალებაა ზღვის მარილის აბაზანები. ერთ ლიტრ ცხელ წყალში ჩაყარეთ ორი სუფრის კოვზი ზღვის მარილი. როგორც კი წყალი ოდნავ შენელდება, ჩაყავით ხელები და 10-15 წუთი დააყოვნეთ. ეს პროცედურა 2-3 კვირის განმავლობაში ყოველდღე ჩაიტარეთ. პროცედურის შემდეგ ხელები არც დაიბანოთ და არც შეიმშრალოთ, - დაელოდეთ, ვიდრე წყალი ზედ არ შეგაშრებათ.
- ზოგჯერ ფრჩხილებს ყვითელი ფერი დაჰკრავს. ეს რაზე მიგვანიშნებს?
- ეს უმეტესად ლაქის ხანგრძლივი ხმარებით არის გამოწვეული. ფრჩხილებს ზოგიერთი სარეცხი ფხვნილიც აყვითლებს. გამოცვალეთ სარეცხი საშუალება და რეცხვისას ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები. ძალიან სასარგებლოა ლიმონის წვენი, რომლითაც ფრჩხილები ყოველდღე უნდა გაიწმინდოთ. ეს პროცედურა სიყვითლესაც გააქრობს და ფრჩხილებს ბზინვარებასაც დაუბრუნებს.
- რას იტყოდით ფეხის ფრჩხილებზე? ალბათ ზაფხულში მათ განსაკუთრებული მოვლა სჭირდება...
- რა თქმა უნდა. თუ მთელი დღის განმავლობაში ღია ფეხსაცმელი გაცვიათ, ფეხს უამრავი ბაქტერია მოხვდება, ამიტომ კარგი იქნება, თუ შინ დაბრუნებული ფეხებს სოდიანი ან ძმრიანი წყლით დაიბანთ. სახლში პედიკიურის გაკეთებისას თითები ფრჩხილებითურთ სპირტიანი ბამბით გაიწმინდეთ, ინფექცია რომ არ შეგეჭრათ.
რჩევები
აზეითუნის ზეთში ჩააწვეთეთ ლიმონის რამდენიმე წვეთი და მიღებულ ხსნარში ხელები 10 წუთით ჩაყავით. პროცედურის შემდეგ არ დაიბანოთ, შეიმშრალეთ ხელსახოცით.
ზეითუნის ზეთში ჩააწვეთეთ იოდის რამდენიმე წვეთი, მიღებული ხსნარი წაისვით ფრჩხილებზე.
ფრჩხილებზე წაისვით სუფრის ძმარი, ლიმონის ან მოცვის წვენი.
მიირთვით კალციუმით მდიდარი საკვები.
წაისვით ხელებზე და შეიზილეთ ფრჩხილებში A და D ვიტამინით მდიდარი კრემები.
ლიკა კერატიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)