საკვები პროდუქტებით მოწამვლა

საკვები პროდუქტებით მოწამვლა

ზაფხულში საკვებით მოწამვლის პრობლემა აქტუალური ხდება და ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ წელიწადის ცხელ პერიოდში ხშირად ირღვევა მთელი რიგი პროდუქტების (როგორც მზა, ისე ნახევარფაბრიკატები და თუნდაც უმი) შენახვის პირობები.

სიცხე საუკეთესო საშუალებაა კვებითი ტოქსიკოინფექციების გამომწვევი მიკრობების გასააქტიურებლად. კვებითი ტოქსიკოინფექცია 70%-ზე მეტ შემთხვევაში დაავადებული ხორცის, თევზის, რძის პროდუქტების, ზოგიერთი კერძის (სალათის, პაშტეტის, ვინეგრეტის, კარტოფილის პიურეს და სხვა) გამოყენებისას ვლინდება.

მოწამვლის მიზეზები ასევე შეიძლება გახდეს ქიმიური ნივთიერებები (პესტიციდები), მძიმე მეტალის მარილები (თუთია, სპილენძი, ტყვია), რომელიც ხვდება საკვებში ან შხამიანი პროდუქტები (შხამიანი სოკო, ზოგიერთი სახის თევზი და სხვა). თუმცა ასეთ შემთხვევაში კვებით ინტოქსიკაციაზე ვერ ვილაპარაკებთ; კვებით ინტოქსიკაციაზე ვერ ვილაპარაკებთ მაშინაც, თუ საკვებად გამოყენებულ იქნა უმწიფარი ნაყოფი ან დაირღვა რაციონალური კვების წესები (მოხმარებულ იქნა დიდი რაოდენობით ცხიმიანი პროდუქტი, მჟავე რძე, მოხარშული კვერცხი და სხვა; ან ერთდროულად მირთმეულია შეუთავსებადი პროდუქტები - ცხიმიანი ღორის ხორცი და რძე, რძე და უმი ბოსტნეული, კვასი და ა.შ.).

აღსანიშნავია ისიც, რომ მარწყვით, კვერცხით და ა.შ. პროდუქტებით გამოწვეული მოწამვლა შემთხვევათა უმრავლესობაში ალერგიული რეაქციითაა განპირობებული.

განსაკუთრებით საშიშია ფარშისაგან დამზადებული კერძები, პაშტეტი, საწებელი (მაიონეზი) და სხვა. მათში მიკროორგანიზმები სწრაფად მრავლდება. ამიტომ ასეთი და სხვა მალფუჭებადი პროდუქტი მხოლოდ მცირე დროით და დაბალ ტემპერატურაზე უნდა იქნას შენახული. ასეთი კერძების ხანმოკლე შეთბობა (შემწვარი კატლეტის, პელმენის) უსაფრთხოებისთვის საკმარისი არ არის, რადგან პროდუქტის სიღრმეში არსებული ბაქტერიები შეიძლება სიცოცხლისუნარიანი დარჩეს. შესაბამისად, საჭიროა ინტენსიური სითბური დამუშავება.

სტაფილოკოკური ინტოქსიკაცია

კვებით ინტოქსიკაციას მიეკუთვნება სტაფილოკოკური ინტოქსიკაცია. ის ვითარდება სტაფილოკოკური ენტეროტოქსინის შემცველი საკვების (კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი, ტკბილი ხაჭო, რძე, კარაქი და სხვა) მოხმარებისას, თუმცა შესაძლებელია პროდუქტი გამომწვევს არ შეიცავდეს. ენტეროტოქსინი სითბოგამძლეა. მისი გაუვნებლებისათვის საჭიროა 1-2 საათის მანძილზე დუღილი.

აღსანიშნავი და ყურადსაღებია, რომ საკვების სტაფილოკოკური დაბინძურების წყაროს წარმოადგენს ფურუნკულოზით, პიოდერმიით და სხვა ჩირქოვანი დაავადებით დაავადებული ადამიანი (მზარეული, კონდიტერი). ასევე საშიშია ანგინით, სურდოთი, ლარინგიტით, ბრონქიტით დაავადებული პირები. გარდა ამისა, თუ ძროხას აქვს სარძევე ჯირკვლის ანთება (მასტიტი), მაშინ რძის დაბინძურება ხდება.

კვებითი ტოქსიკოინფექციის საეჭვო ნიშნები

უხარისხო პროდუქტის მიღებიდან მინიმუმ საათ-ნახევარი-ორი საათის შემდეგ იწყება გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, კუჭის აშლა (3-5-დან 10-ჯერ დღეში), ზოგჯერ სხეულის ტემპერატურის მომატება 38-39-მდე, იშვიათად - მცირე სისუსტე, მსუბუქი შემცივნება, თავბრუსხვევა. გამოჯანმრთელება დგება 1-3 დღეში. ზოგჯერ მდგომარეობა უფრო რთულია.

როგორ უნდა მოვუაროთ პრობლემას

ჩაიტარეთ კუჭის ამორეცხვა ბაცი (ღია) ვარდისფერი "მარგანცოვკის" ხსნარით ან საჭმელი მარილით ან სოდით (1 სუფრის კოვზი 1 ლიტრ წყალზე). შესაძლებელია უბრალო ანადუღარი წყლის გამოყენებაც; ჩვეულებრივ, სასურველია 2 ლიტრამდე სითხის მიღება და თუ ღებინება არ განვითარდა, გამოიწვიეთ მექანიკურად, დააწექით ენის ძირს ორი (სუფთა) თითით ან კოვზით. პროცედურა გაიმეორეთ 3-4-ჯერ.

24-36 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ საკვების მიღებისაგან, როგორც უნდა შეგაწუხოთ შიმშილმა. გაღიზიანებული კუჭ-ნაწლავის ყველაზე კარგი წამალი სიმშვიდეა.

სითხის მიღება განუსაზღვრელი რაოდენობით შეგიძლიათ. მინიმალური დოზა დაახლოებით 1 ჭიქაა (250 გრ.). უმჯობესია თბილი ჩაი, შაქრის გარეშე ან უბრალოდ, ანადუღარი წყალი, ყოველ საათში. სვით არა ერთბაშად (ზალპით), არამედ მცირე ულუფებით.

ღებინებისა და კუჭის აშლილობის დროს ორგანიზმი კარგავს არა მარტო სითხეს, არამედ ნატრიუმს და ქლორს. ამ დანაკარგის შევსება შეიძლება ანადუღარ წყალში 1 ჩ.კ. მარილის გახსნით. კალიუმის დანაკარგის შევსება კარტოფილისა და სტაფილოს ნახარშით შეიძლება: 2-3 ცალი საშუალო ზომის ბოსტნეული გახეხეთ მსხვილ სახეხზე, დაასხით 2 ჭიქა ცივი წყალი, ხარშეთ 20 წუთი, გააცივეთ და გაწურეთ. დალევის წინ დაუმატეთ ცოტა მარილი. შეიძლება უშაქრო კომპოტი გარგარის ჩირით, ქიშმიშითა და ბანანით მოამზადოთ. ყველა ეს პროდუქტი მდიდარია კალიუმით. არავითარ შემთხვევაში არ ჭამოთ თვითონ ხილი.

მოწამვლიდან 24-36 საათის შემდეგ გადადით მცირე ულუფებით კვებაზე, ყოველ 3-4 საათში.

პირველ დღეს შემოიფარგლეთ მაწვნით, თეთრი, გამომშრალი პურით, წყალზე დამზადებული ბრინჯის ან შვრიის თხელი ფაფით.

მეორე დღეს მიირთვით რძიანი ფაფა, თოხლო კვერცხი.

მესამე დღეს მოხარშული ხორცი, თევზი კარტოფილის ან სტაფილოს ფაფით.

სრული გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ შეიძლება მიიღოთ უმი ბოსტნეული, ხილი, წვენები (განსაკუთრებით, მჟავე: ფორთოხლის, გრეიპფრუტის, პომიდვრის).

თუ ღებინება მაინც გრძელდება...

თუ კუჭი შიგთავსისგან დაცლილია და ღებინება მაინც გრძელდება, მაშინ დაწექით, მოდუნდით, გააკეთეთ ღრმა ჩასუნთქვების სერია და წუწნეთ ყინულის ნატეხი. უმჯობესია, გაყინული პიტნის ჩაი (2 ჩაის კოვზ მშრალ ბალახს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ თერმოსში 5 წუთი, გაწურეთ და გაყინეთ). სასურველია, პიტნის ნახარშის თბილი ოყნის გაკეთება.

გულისრევის შეგრძნებას ყოველ საათშიY პიტნის ჩაის ყლუპ-ყლუპით მიღება გაგიქრობთ. თუ გრძნობთ, რომ გონებას კარგავთ, თავბრუ გეხვევათ, ვალერიანის წვეთებით დაასველეთ მარლის ნაჭერი და ისუნთქეთ მორიგეობით თითო ნესტოთი, მეორეზე ხელის მიჭერით.

გაღიზიანებული კუჭ-ნაწლავის დასაწყნარებლად კარგია ბარამბოს (მელისა), გვირილისა და თავშავას ნაყენი. ეს მცენარეები თანაბარი რაოდენობით შეურიეთ, 1 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით მდუღარე, გააჩერეთ თერმოსში 30-40 წუთი. დალიეთ თითო ჭიქა, 3-4-ჯერ დღეში.

ექიმს უნდა მიმართოთ, თუ:

1. მუცლის ტკივილი ბრმა ნაწლავის შეტევას ან სხვა მწვავე დაავადებას მოგაგონებთ. ამ დროს აუცილებლად სასწრაფო დახმარება დაგჭირდებათ. ამ შემთხვევაში წუთებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ნუ დაკარგავთ დროს;

2. დაავადება არ დასრულდა 2-3 დღეში ან გრძელდება მუცლის ძლიერი ტკივილით, მაღალი ტემპერატურით (38,5 და მეტი).

3. თვალის სკლერა და კანი გაყვითლდა, შარდი გამუქდა;

4. ღებინება განმეორდა შემდეგ დღეებშიც ან პირნაღები არის ყავის ნალექის მაგვარი, ან ამონაღებში შენიშნეთ სისხლი;

5. კუჭის მოქმედება ხშირია (10-ჯერ და მეტი დღეში) და ბევრია ნაწლავებიდან გამოსული მასა, ან მასში შეინიშნება სისხლის მინარევი, ლორწო და ჩირქი;

6. თვალები `ჩაცვენილია~, აღინიშნება პირის სიმშრალე, ნერწყვი სქელი და წებოვანია, მიღებული სითხე არ ჩერდება ორგანიზმში ან ავადმყოფს არ შეუძლია წყლის მოსმა და ეს მდგომარეობა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდება.

რჩევები:

• ხორცისა და რძის პროდუქტები, კრემიანი ნამცხვრები, ხილი და ბოსტნეული აუცილებლად მოათავსეთ თავდახურულ ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.

• არ მიუშვათ საკვებთან ბუზი.

• არ დალიოთ ტბისა და მდინარის წყალი, თუ დარწმუნებული არ ხართ მათ სისუფთავეში ანდა მათ ახლოს ფერმა ან ნაგავსაყრელია.

• ხილი და ბოსტნეული ჭამამდე კარგად უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლის ჭავლით, ბოლოს რეკომენდებულია ანადუღარი წყლის გადავლება.

• თუ აგარაკზე ხართ, მხოლოდ ანადუღარი წყალი სვით.

• საკვების მომზადებისა და ჭამის წინ კარგად დაიბანეთ ხელები.

• ნუ შეიძენთ გაჭრილ ან გახეთქილ საზამთროსა და ნესვს - მათი ტკბილი რბილობი მიკრობების გამრავლებისთვის საუკეთესო ადგილია.

• რძის პროდუქტები მხოლოდ სპეციალურ მაღაზიებში, სათანადოდ დაფასოებული შეიძინეთ.

• რძე აუცილებლად აადუღეთ.

• განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვის საწოვარას, ჭურჭლის, სათამაშოების სისუფთავეს.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი