ალბათ არ არსებობს მწეველი, ამ მავნე ჩვევისთვის თავის დანებება რომ არ სურდეს, მაგრამ მათი დიდი უმრავლესობა სიგარეტთან ბრძოლაში დამარცხებული რჩება. საკითხთან დაკავშირებით მკითხველთა შეიკითხვებს "ინტერმედსერვისის" ანტინიკოტინური კლინიკის სამედინო მენეჯერი გელა კობეშავიძე პასუხობს.
მკითხველი გიორგი: მე უკვე თითქმის ერთი წელია არ ვეწევი. მაინტერესებს, ნიკოტინი რამდენ ხანს რჩება ორგანიზმში.
ორგანიზმში ნიკოტინური ალკალოიდების დეპოს ე.წ. ნიკოტინური რეცეპტორები წარმოადგენენ. ნიკოტინის აქტიური ფრაქცია, რომელიც თავსდება უჯრედის ბირთვში და მონაწილეობას იღებს ყველა სახის სასიცოცხლო პროცესებში (უჯრედოვანი კვება, ნივთიერებათა ცვლა, ცენტრალური ნერვული სისტემის სისხლით და ჟანგბადით მომარაგება) თამბაქოს მოხმარების შეწყვეტიდან უმოკლეს ვადებში გამოიდევნება. ეს ვადა ინდივიდუალურია და შეიძლება შეადგენდეს 24 საათიდან 5-7 დღემდე რაც შეეხება ნიკოტინურ რეცეპტორებში დალექილ ნიკოტინურ ალკალოიდებს (ე.წ. პასიური ფრაქცია) - მათი გარკვეული კონცენტრაცია ორგანიზმში რჩება წლების განმავლობაში. ისინი მონაწილეობას არ იღებენ ორგანიზმისთვის სასიცოცხლო პროცესებში, თუმცა დრო და დრო გააქტიურების შემთხვევაში ყოფილ მწეველს სიგარეტს ,,შეახსენებენ" ხოლმე. ამიტომაა, როცა ყოფილი მწეველი აღნიშნავს, რომ სიგარეტს არ ეწევა დიდი ხანია, მაგრამ ხანდხან მაინც მოუნდება თამბაქოს მოხმარება. დაბოლოს, სწორედ ამ ნიკოტინური ალკალოიდების პასიური ფრაქციების მოქმედების გამო, თუკი ადამიანმა თუნდაც 5 წლის შემდეგ დაიწყო ისევ თამბაქოს მოხმარება, ყველა ორგანიზმში პათოლოგიური პროცესი იმავე ინტენსივობით წარიმართება - თითქოს 5 წლიანი თავშეკავება არც ყოფილიყოს. მრავალმა მეცნიერულმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ ორგანიზმი ნიკოტინისგან სრულად თავისუფლდება თითქმის იმ ვადაში, რა ვადის განმავლობაშიც მოიხმარდა მწეველი სიგარეტს. ამ ფაქტორების გათვალისწინებით ეწოდება მწეველობას - ქრონიკული ნიკოტინიზმი რაც შეეხება მკითხველს - თამბაქოზე ერთწლიანი თავშეკავება უდაოდ დიდი წარმატებაა, თუმცა მას ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ მუდმივი მობილიზება, მიღწეული შედეგის განმტკიცება - აუცილებელია საბოლოო წარმატების მისაღწევად.მკითხველი ილო: არის თუ არა სიგარეტის დანებების ერთ-ერთი საშუალება სიგარას მოხმარება, რამდენადაც, როგორც წესი სიგარაზე ნაფასს არ ახორციელებენ და უბრალოდ პირის ღრუში ატრიალებენ კვამლს. ასეთი გზით შეიძლება თუ არა, რომ სიგარეტის მოწევის მავნე ჩვევა ადამიანმა გადაიტანოს სიგარას მოხმარებაზე?
მართალია, რომ სიგარის კლასიკური მომხმარებლები ძირითადად არ ჩაისუნთქავენ კვამლს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ სიგარის შემცველობას, რომელიც უფრო კანცეროგენულია და მეტ ტოქსინებს შეიცავს - კვამლის ის მცირე დოზაც, რომელიც მაინც ხვდება ორგანიზმში - უკვე საკმარისია სხვადასხვა პათოლოგიების განვითარებისთვის. ამასთან, სიგარის (თამბაქოს) კვამლის შეწოვა ხდება პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდანაც, ხოლო შესუნთქვა - ცხვირის ღრუდან (ე.წ. უნებლიე შესუნთქვა).
აღსანიშნავია, რომ სიგარის მომხმარებლებში განსაკუთრებით მაღალია პირის ღრუს, ენის და საყლაპავი მილის ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნის რისკი. ასე, რომ სიგარეტზე თავის დანებება სიგარის საშუალებით იგივეა, რაც ცეცხლწაკიდებულ შენობას რომ ჩასაქრობად ბენზინი მივასხათ. მკითხველი ზურაბი: 19 წლის ვარ და უკვე 4 წელია მწეველი ვარ, რაც დიდ პრობლემას მიქმნის. იქნებ დამეხმაროთ და მირჩიოთ, რა გზით და რა საშუალებებით დავანებო თავი ამ მავნე ჩვევას... წინასწარ დიდ მადლობა.ხშირ შემთხვევაში მწეველობის დაბალი სტაჟი (მკითხველის შემთხვევაში - 4 წელი) თამბაქოს მომხმარებელს უქმნის ილუზიას, რომ მისთვის თამბაქოზე უარის თქმა მარტივი იქნება.
გასათვალისწინებელია, რომ მკითხველმა მოწევა მოზარდობის ასაკში დაიწყო, რაც ნიკოტინზე გაცილებით მაღალი ხარისხის მიჯაჭვულობის წარმოქმნას უწყობს ხელს. თუ გადაწყვეტილი გაქვთ დამოუკიდებლად თქვათ უარი თამბაქოს მოხმარებაზე, ჩემი რჩევა იქნება შემდეგი:
პირველ რიგში სცადეთ ერთიანად გადააგდოთ სიგარეტი, თუ ფიქრობთ, რომ ამ გზით შედეგს ვერ მიაღწევთ, აუცილებელია გააკეთოთ შემდეგი: - არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ სიგარეტის გადაგდება მოუმზადებლად და შინაგანი მობილიზაციის გარეშე (ამ ფაქტორების გაუთვალისწინებლად იმედგაცრუების შანსი ძალზე დიდია)- შეარჩიეთ დრო, თამბაქოს გადაჩვევა ეს პროცესია, რომელიც იმ მომენტში თქვენთვის უნდა იყოს მთავარი. ეს პროცესი არ უნდა გადაფაროს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანმა მოვლენებმა
- 2 დღის განმავლობაში შეისწავლეთ თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ჩვევები. ამისთვის, გირჩევთ ქაღალდზე აღნიშნოთ და დააფიქსიროთ რომელ საათზე მოწიეთ თითოეული ღერი
- აირჩიეთ სამი ,,რიტუალური" ღერი (სად და როდის ეწევით? -ამ კითხვაზე რომელ სამ ღერსაც გამოყოფთ -ეს ღერებია ,,რიტუალური)
- გააკეთეთ ჩანაწერი რამდენ ნაფაზში ეწევით სიგარეტს, ამისთვის საკმარისია დილის 2, შუადღის 2 და საღამოს 2 ღერის დაფიქსირება
- გაკეთებული ჩანაწერის მიხედვით გამოიანგარიშეთ მოწეულ ღერებს შორის საშუალო შუალედი
- დაიწყეთ სიგარეტის დოზის შემცირება - ყოველდღე 10 წუთით გადაავადეთ მორიგ ღერებს შორის შუალედი (პირველ დღეს გამოგივათ 10 წუთის გადავადება, მეორე დღეს 20 წუთით და ა.შ.)
- არ მოწიოთ სიგარეტი უზმოდ. პირველი 5 დღის განმავლობაში არ შეეხოთ ,,რიტუალურ" ღერებს
- ისწავლეთ გამკლავება მოწევის მოთხოვნილებასთან (მარტივი მაგალითი: შეისუნთქეთ რაც შეიძლება ღრმად და ნელა პირიდან, გააკეთეთ 20-30 წამიანი პაუზა, ამოისუნთქეთ ცხირიდან სწრაფად. ასე გააკეთეთ მანამდე, სანამ არ იგრძნობთ მცირე თავბრუსხვევას, შემდეგ შეისვენეთ და თუ მოწევის მოთხოვნილება კვლავ მძლავრი გექნებათ - გაიმეორეთ)
- პროცესის მესამე დღიდან დაიწყეთ ნაფაზების შემცირება. თუ სიგარეტს ეწეოდით 8 ნაფაზში, ახლა მოწიეთ 7 ნაფაზში, მეორე დღეს 6 ნაფაზში და ა,შ.
- სვით რაც შეიძლება მეტი სითხე - ძირითადად ნატურალური წვენები, არავითარ შემთხვევაში გაზიანი სსმელები. თავი შეიკავეთ ცხარე და მლაშე საკვებისგან, კარგი იქნება თუ კვების რაციონს რძის ნაწარმით შეავსებთ
გვერწმუნეთ, თუ ამდაგვარ მობილიზაციას გამოიჩენთ და გადაჩვევის პროცესს სრულყოფილად წარმართავთ - შედეგს აუცილებლად მიაღწევთ. ერთ დილასაც გაიღვიძებთ და მიხვდებით, რომ სიგარეტის მოთხოვნილება არ გაგაჩნიათ. სიგარეტის არ მოწევა - არ ნიშნავს საბოლოო წარმატებას. თავიდანვე უნდა განეწყოთ, რომ შემდგომ ეტაპზე შესაძლებელია გარკვეული დისკომფორტული მოვლენები, თუმცა მისი გადალახვა ნებისმიერი მობილიზებული ადამიანისთვის პრობლემას არ შეადგენსმკითხველი სერგი: ათი წლიდან აქტიურად ვეწევი სიგარეტს უკვე ჩვიდმეტი წელია და ვერ ვანებებ თავს ამ უსაშინლეს ჩვევას. ბატონო გელა, უმორჩილესად გთხოვთ, დამეხმაროთ :(
ზემოთ, ზურაბს უკვე გავეცი პასუხი ანალოგიურ კითხვაზე. დავამატებ მხოლოდ ერთს: თუ 17 წლის მანძილზე თქვენ ყოველდღიურ ცხოვრებას ფაქტიურად სიგარეტი აკონტროლებდა, ამჟამად თქვენი მიზანია თავად გააკონტროლოთ იგი. მეთოდი, რომელიც ზემოთ მოვიყვანე სწორედ მოწევის სრულ კონტროლთანაა დაკავშირებული. მწეველი, რომელსაც გააჩნია მოწევის კონტროლის უნარი - იგი ადვილად იხსნის ნიკოტინისადმი დამოკიდებულებას და ამავე დროს, მარტივად ემშვიდობება სიგარეტის მოწევასთან დაკავშირებულ შეძენილი რეფლექსების ჯაჭვს. სერგის ვურჩევ, ზემოთ მოყვანილი მეთოდი მიუსადაგოს მის პირად მახასიათებლებს
მკითხველი დავითი: რამდენი დღის შემდეგ შეიძლება ეგრეთწოდებული ლომკა მოგეხსნას? თამბაქოს მომხმარებელი ვარ 10 წელია.
თამბაქოს მოხმარების შეწყვეტასთან დაკავშირებული აბსტინენციური სინდრომის (ე.წ. ,,ლომკის") ხანგრძლივობა და ინტენსოვობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მწეველობის კატეგორიაზე და ნიკოტინური დამოკიდებულების ხარისხზე. ამავე დროს, მნიშვნელოვანია რა სახის და დოზის ზიანი მიაყენა თამბაქოს კვამლის ინგრედიენტებმა თავის ტვინის ქერქს, რამდენად შეფერხებულია ე.წ. ,,შიდანარკოტიკული" და ,,სიამოვნების" ცენტრების ფუნქციონირება, რა მდგომარეობაშია სისხლძარღვები და როგორია მათი გამტარუნარიანობა. იმისათვის, რომ მკითხველს კონკრეტული პასუხი გავცე, აუცილებელია ანამნეზის შეკრების გზით ყოველივე ზემოთ ნათქვამის დიაგნოსტირება. მკითხველი სოსო: "ლაითი" სიგარეტის მოწევა თუ იძლევა რაიმე შეღავათს ჯანმრთელობის მხრივ. გამიგია, რომ ეგ კიდევ უფრო უარესია, რადგან ქიმიურ დანამატებს შეიცავსო. მართალია? დიახ, მართალია. ე.წ. ,,ლაითებში" მართლაც მცირეა ნიკოტინური ალკალოიდების შემცველობა, სამაგიეროდ ძალზე მაღალია ეთერზეთების და დანამატების რაოდენობა. ჯერ-ჯერობით ცნობილია 52-მდე დანამატი, რომელსაც თამბაქოს ინდუსტრია ხმარობს იმისთვის, რომ მიუხედავად ნიკოტინის მცირე შემცველობისა, მისი ორგანიზმზე ზემოქმედების ხარისხი იყოს იგივე, როგორც ,,მაგარი" სიგარეტების შემთხვევაშია. ამის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ, აკრძალეს თამბაქოს კოლოფზე მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი წარწერების დატანა, მათ შორის ,,ლაითი", ,,სუპერ ლაითი", ,,რბილი" და ა.შ. მკითხველი გურამი: რამდენად გამართლებულია მოწევის ერთბაშად გადაგდება. მართალია, რომ მოწევის უცებ შეწყვეტა კბილების ცვენას იწვევს? სიგარეტის გადაგდება, რა გზითაც არ უნდა მოხდეს, გამართლებულია. თუ მწეველს აქვს შინაგანი ძალა, რომ თამბაქოს მოხმარება ერთიანად შეწყვიტოს - ეს საუკეთესო გამოსავალია. თუმცა, ასევე ეფექტურია სიგარეტის ეტაპობრივი გადაგდებაც. მთავარია გქონდეთ მიზანი და დაუოკებელი სურვილი, რომ ეს მიზანი შეასრულოთ. რაც შეეხება კბილების ცვენას. ნიკოტინი ფარულად მოქმედებს სხვადასხვა ორგანოებზე და მწეველობის ეტაპზე პათოლოგიის მხოლოდ რადიკალურად გამწვავების შემდეგ იჩენს ეს პათოლოგია თავს. როცა მწეველი შეწყვეტს სიგარეტის მოხმარებას და შესაბამისად ორგანიზმს აღარ მიეწოდება ნიკოტინური ალკალოიდების აქტიური პორციები - ასეთ დროს ნიკოტინის ფარული ეფექტი იხსნება და ვლინდება ყველა ის პათოლოგია, რომლის გამოწვევაშიც მთავარი როლი თავად ნიკოტინს და სიგარეტის მოწევას ეკუთვნის. ასე, რომ თუ თამბაქოს კვამლმა პირის ღრუში რაიმე სახის დაზიანება გამოიწვია, ეს გამოვლინდება მიუხედავად იმისა, რა გზით გადავაგდებთ სიგარეტს. მკითხველი დათო: რომელია ყველაზე გამართლებული მეთოდი თავის დასანებებლად? აფთიაქებში მედიკამენტები რომ იყიდება, მართლა შველის ვინმეს, თუ ფულის მახეა? კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ყველა მეთოდი, რომელიც თამბაქოს მოხმარებას თავს დაგანებებინებთ - გამართლებულია. კონკრეტული მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია თქვენს პიროვნულ მახასიათებლებთან და მწეველობასთან დაკავშირებულ თავისებურებებთან. ჩვენი, სპეციალისტების, ფუნქცია სწორედ ისაა, რომ ამ მაჩვენებლების გათვალისწინებით მწეველს ინდივიდუალური მეთოდი მივუსადაგოთ. თუმცა, თავად მწეველსაც შეუძლია განსაზღვროს თუ რა გზით შეძლებს სიგარეტის გადაგდებას. რაც შეეხება მედიკამეტებს, სამწუხაროდ, ამ მხრივ ბუნებაში ჯერ არ გამოუგონიათ ფარმაკოლოგიური საშუალება, რომელიც თამბაქოს მოხმარებას გადაგაჩვევთ. ის მედიკამენტები, რომლებიც საქართველოშიც იყიდება, მხოლოდ დამხმარეს როლს ასრულებენ (მეტ-ნაკლები ინტენსივობით). ვეთანხმები მკითხველს, რომ ხშირ შემთხვევაში ფარმაკოლოგიური კომპანიები საკუთარი ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარეც მოქმედებენ. თუ სიგარეტის გადაგდებისთვის აუცილებელია მედიკამენტების მიღება - აუცილებელია მულტიკომპონენტური მკურნალობის ჩატარება, რომლის მიზანია ე.წ. ,,ლომკის" მოხსნა, ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება, თავის ტვინის კვების მოწესრიგება, ავერსიული ეფექტის გაჩენა სიგარეტის მიმართ და ა.შ. მკითხველი ნინო: ჩემთან სახლშიც და სამსახურში ყველა ეწევა, მე კი არამწეველი ვარ და როგორც ამბობენ, ასეთ დროს არამწეველები უფრო ზარალდებიან. მგონი აჯობებს მეც მოწევა დავიწყო... ე.წ. ,,პასიურ მწეველებზე" თამბაქოს კვამლი იგივე უარყოფით ზემოქმედებას ახდენს, როგორც მწეველებზე. სამწუხაროდ, ჩვენთან მწეველთა ძალზე დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებს, რომ მოწევის გამო ისინი საშიშროების ქვეშ აყენებენ გარშემო მყოფ არამწეველებსაც. ნინოს მოვუწოდებ სახლშიც და სამსახურშიც დაიცვას საკუთარი უფლება, რომ იცხოვროს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში.მკითხველი ჯონი: ვარ დაახლოებით 15 წლის მწეველი. რამდენჯერმე დიდი ძალისხმევის გარეშე, მოწევას თავი თვეობით დავანებე, მაგრამ შემდეგ ისევ დავიწყე. ახლაც არ ვეწევი, მაგრამ ვშიშობ, ისევ არ დავიწყო. რას მირჩევთ, როგორ დავძლიო ფსიქოლოგიური დამოკიდებულება?
თქვენი ,,შიში" სრულიად საფუძვლიანია. თუმცა, თუ არ მოდუნდებით და სიგარეტის მიმართ მუდმივად მობილიზებული იქნებით - ამ გზით გაცილებით მალე გადალახავთ ფსიქოლოგიურ ბარიერს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - უნდა გახსოვდეთ, რომ არანაირი გამონაკლისის დაშვება არ შეიძლება. ,,მოდი, ერთ ღერს მოვწევ, ერთმა ღერმა რა უნდა მიქნას" - ეს დამოკიდებულება ძალზე მცდარია და უნდა გახსოვდეთ, რომ თუ მოწევთ ერთ ღერს მაინც, შემდეგ კიდევ ერთს მოწევთ და ა.შ. - საბოლოოდ, ისევ მწეველთა რიგებში აღმოჩნდებით.მკითხველი მორისი: 4 წელი არ ვეწეოდი სიგარეტს. ამ პერიოდში თითქმის 50 კგ. მოვიმატე. იქნებ ამიხსნათ, რატომ მოხდა ასე და როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან კატასტროფული მომატება.
თამბაქოს მოხმარების შეწყვეტიდან 1-2 თვეში 6-დან 12 კილოგრამამდე წონაში მატება ფიზიოლოგიური პროცესია და გამოხატავს იმას, რომ ორგანიზმი გათავისუფლდა ნიკოტინისგან და ნივთიერებათა ცვლის წარმართვისთვის აუცილებელი გახდა საკვები პროდუქტების მიღება. თუ წონის მატებამ აღნიშნულ ნიშნულს გადააჭარმა და მზარდი ტენდენცია ხანგრძლივი ვადით შენარჩუნდა - აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს.