ბათუმის პორტი საფრთხის წინაშეა - ტალგატ ბაიტაზიევის საქმეს პროკურატურა იძიებს

ბათუმის პორტი საფრთხის წინაშეა - ტალგატ ბაიტაზიევის საქმეს პროკურატურა იძიებს

"ბიზნესმენი", რომელიც ნავთობის სკანდალშია გახვეული და სეპარატისტულ რეჟიმებთან თანამშრომლობს

2012 წლის დეკემბრის თვიდან ბათუმის პორტს ახალი მმართველი ჰყავს - ტალგატ ბაიტაზიევი. მიუხედავად იმისა, რომ ბაიტაზიევი თავის ქვეყანაში არაერთ სკანდალში იყო გახვეული, ამას ხელი არ შეუშლია მისთვის ისეთი სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი ჩაებარებინათ, როგორიც პორტია. მისი დანიშვნიდან სულ მალე ბათუმის პორტში, როგორც მოსალოდნელი იყო, პრობლემები დაიწყო. ბაიტაზიევმა თავისი აპრობირებული მეთოდები გამოიყენა და პორტიდან ყველაზე ძლიერი გადამზიდავი კომპანიების განდევნას შეუდგა. სამაგიეროდ, შექმნა ახალი კომპანიები, რომელთა უკანაც, სარწმუნო წყაროს ცნობით, თავისი შვილის მეგობრები დგანან.

რუსულ და მოლდოვურ ინტერნეტ საიტებზე ადვილად მოძებნით ინფორმაციას ბაიტაზიევის ბიზნესსაქმიანობაზე დნესტრისპირეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში. მისი და შვჩუკის მეგობრობაზე ბევრი იწერება და არც თავად მალავენ სიმპატიებს ერთმანეთის მიმართ. როგორც ინტერნეტგამოცემა "Новости приднестровья" იუწყება, შარშან ბაიტაზიევმა დნესტრისპირეთში 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია დააბანდა და შევჩუკს დაპირდა, რომ კიდევ 8 მილიონს დახარჯავდა. ყაზახი ბიზნესმენი სლობოძეისკში დიდი წისქვილკომბინატის მფლობელია. მოლდოვური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ბაიტაზიევი დნესტრისპირეთში საბანკო სექტორშიც საქმიანობს და საინვესტიციო ბანკს ფლობს.

ბათუმის პორტის მმართველი ყაზახეთის სანავთობო სკანდალში ერთ-ერთი მთავარ პერსონად ფიგურირებს, რის შესახებაც ყაზახურ პრესაში არაერთი სტატია დაიწერა.

Taszhargan.info -ს ცნობით, სკანდალი 2013 წლის თებერვალში დაიწყო. ძებნა გამოცხადდა ერთ-ერთი დიდი რეგიონის ხელმძღვანელზე, რომელსაც ბრალად ედებოდა 35 ადამიანისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფების შექმნა. დამნაშავეთა ჯგუფმა სახელმწიფოს 71 მილიარდი ტენგეს (100 ტენგე - 1 ლარი) ზარალი მიაყენა. გავრცელებული ინფორმაციით, კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი ბათუმის პორტის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ტალგატ ბაიტაზიევია, რომელიც ბათუმის პორტის დირექტორად პორტის მმართველმა კომპანიამ "ყაზტრანსოილმა" 2012 წლის დეკემბერში დანიშნა.

ბაიტაზიევი ატირაუს რეგიონში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დირექტორად მუშაობდა. სწორედ ამ რეგიონში მოქმედებდა ზემოთ ხსენებული დაჯგუფება. ბანდის წევრები ქმნიდნენ კომპანიებს, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის. მსგავსი კომპანიების შექმნასა და შავი ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი ბათუმის პორტის გენერალური დირექტორი.

ყაზახურ პრესაში რამდენიმე თვის წინ გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ატირაუს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტოპ მენეჯერები არაკეთილსინდისიერ კომპანიებს ლობირებდნენ. სტატია Forbes.Kazakhstan-მა გამოაქვეყნა. საუბარია დიდი რაოდენობით თანხის გათეთრების სქემაზე. ეს სწორედ ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელსაც ტალგატ ბაიტაზიევი ბათუმის პორტის გენერალურ დირექტორად დანიშვნამდე ხელმძღვანელობდა.

საინფორმაციო სააგენტო Thenews-ის ცნობით, სქემა რომლითაც კრიმინალი ბიზნესმენები მოქმედებდნენ ზედმიწევნით მარტივი იყო: დაზარალებული მეწარმეების თქმით, აღნიშნულ სქემაში მთავარი მოქმედი პირი იყო ქარხნის ყოფილი კომერციული დირექტორი, შემდგომ კი ატირაუს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გენერალური დირექტორის მოადგილე რუფატ ხურჟალაკოვი. ბაიტაზიევის მაშინდელი მოადგილე ითანხმებდა მცირე ტრეიდერებს, რომლებსაც არ ჰქონდა სერიოზული პოლიტიკური მხარდაჭერა და დიდი კაპიტალი, რომ ეთანამშრომლათ ახლადშექმნილ კომპანიებთან და არა პირდაპირ ქარხანასთან. მკაცრი პირობების გამო, ბიზნესმენები იძულებულები იყვნენ თანამშრომლობა დაეწყოთ შემოთავაზებულ კომპანიებთან. არაკეთილსინდისიერი ტრეიდერები პარტნიორებისგან იღებდნენ ავანსს, ვალდებულებებს კი უკეთეს შემთხვევაში სანახევროდ ასრულებდნენ.

კომპანიების ზარალი თვიდან თვემდე იზრდებოდა, მათი ფული კი ქარხნის ხელმძღვანელების ჯიბეში ინაცვლებდა. დაზარალებული კომპანიები იძულებულები გახდნენ სასამართლოსთვის მიემართათ. აქ კი გაირკვა, რომ მოპასუხე მხარის ანგარიშები ცარიელი იყო და თანხის დაბრუნება ვერ მოხერხდებოდა.

ამ კრიმინალური სქემის გამოაშკარავების შემდეგ, ქარხნის ექს გენერალური დირექტორი ტალგატ ბაიტაზიევი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ჩვენთან, საქართველოში - ბათუმის პორტის გენერალური დირექტორის პოსტზე მოავლინეს. ბაიტაზიევის "თანამოაზრე" კომერციული დირექტორი კი დააწინაურეს და გენერალურ დირექტორად დანიშნეს. როგორც ირკვევა, მათი შემუშავებული სქემა დღესაც მუშაობს და დაზარალებულების რიცხვი იზრდება... ყაზახეთის პროკურატურამ საქმის გამოძიება დაიწყო.

Forbes.Kazakhstan-ი იუწყება, რომ ყაზახეთის პროკურატურის ცნობით, ატირაუს რეგიონში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფება ნავთობით უკანონო ვაჭრობას ეწეოდა და ეს საქმიანობაც იმ საწარმოსთან არის დაკავშირებული, რომელსაც ბაიტაზიევი ხელმძღვანელობდა. საქმე აღძრულია 200 000 ტონა ნავთობის უკანონო რეალიზაციაზე. აქედან 33 000 ტონა ქვეყნის შიგნით გაიყიდა, ხოლო 168 ათასი ტონა ნავთობი, ყოველგვარი აღრიცხვის გარეშე, ექსპორტირებული ყაზახეთიდან.

პროკურატურის განცხადებაში მითითებულია, რომ კრიმინალური საქმიანობა არ ეხება ბაიტაზიევის ბათუმის პორტის დირექტორად მუშაობის პერიოდს. დანაშაული ჩადენილია იმ დროს, როდესაც პორტის ამჟამინდელი დირექტორი ატირაუში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.

თუმცა, ბაიტაზიევმა ბათუმის პორტის ხელმძღვანელად ერთწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში მოახერხა პრობლემები შეექმნა საწარმოსთვის. მის წინააღმდეგ ერთდროულად რამდენიმე სარჩელია შეტანილი.

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალმა BICT-მა, უკვე შეიტანა სარჩელი ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო. ანალოგიური სარჩელი შევიდა ქართულ სასამართლოში პორტის ერთ-ერთი წამყვანი გადამზიდი კომპანია "ტრანსისტემისგანაც". ორივე კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ბაიტაზიევი უხეშად არღვევს ხელშეკრულების პირობებს და მასთან კონსტრუქციული დიალოგი ყოვლად წარმოუდგენელია.

სამაგიეროდ, ბაიტაზიევი ქმნის ახალ კომპანიებს, რომლითაც ცდილობს დიდი გამოცდილების მქონე გადამზიდავები ჩაანაცვლოს, რითაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის ბათუმის პორტს. სარწმუნო წყაროს ცნობით, ახალ დაფუძნებული კომპანიების უკან ბაიტაზიევის შვილების მეგობრები დგანან. მისი შვილები თავიანთ მეგობრებზე განსაკუთრებულად რომ ზრუნავენ, ეს უკრაინულ პრესაში გამოქვეყნებული მასალებიდანაც ჩანს...

ძვირადღირებული ავტომობილები - ბაიტაზიევების ოჯახის სისუსტე

Taszhargan.info-ს ჟურნალისტის დენის ყარამანოვის ინფორმაციით, ბაიტაზიევი გამოძიებას კვიპროსში ემალება. მისი მოსაზრებით, სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ის იშვიათად ჩადის ბათუმში და საერთოდ არ ჩნდება სამშობლოში. ბათუმის პორტის თანამშრომლებიც ადასტურებენ, რომ მათ დირექტორი არ უნახავთ. ზოგი ამბობს, რომ ნანახი აქვთ ძვირადღირებული ავტომობილების კორტეჟი, რომელიც ბაიტაზიევს ეკუთვნის.

რამდენიმე თვის წინ კიევის ქუჩებში ორი უძვირფასესი ავტომობილი გამოჩნდა. უკრაინელი ჟურნალისტები დიდხანს ეძებდნენ Ferrari F12 Berlinetta Mansory-ს და Mercedes-Benz G Mansory Gronos-ს მფლობელს. ამ "სუპერმანქანების" ფასი მილიონნახევარ დოლარზე მეტია. სააგენტო Homeclub-ის ჟურნალისტების ცნობით, "შედევრების" მფლობელი ბათუმის პორტის გენერალური დირექტორის ტალგატ ბაიტაზიევის ვაჟი მიხეილ ბაიტაზიევი აღმოჩნდა. მის მფლობელობაში კიდევ ერთი მილიონნახევრიანი ავტომობილია - Lamborghini Aventador Oakley Design, რომელიც დედაქალაქის ქუჩებში არაბული სანომრე ნიშნებით მოძრაობს.

როგორც უკრაინული პრესა იუწყება, თავად ნავთობმაგნატიც იმყოფებოდა კიევში და არანაკლები სიძვირის ავტომობილების კორტეჟით.

მიხეილ ბაიტაზიევი 26 წლისაა და ჰყავს ძმა - რუსტამი. სოციალურ ქსელში მათი მიმოწერიდან ჩანს, რომ ძმებს ალმაატასა და ატირაუსთან ერთად მშობლიურ ქალაქებად მიაჩნიათ ჟენევა, მონაკო და კიევი. სოციალურ ქსელში მიმოწერებიდან ირკვევა, რომ მიხეილ ბაიტაზიევი ძვირადღირებულ ავტომობილებს შიგადაშიგ მეგობრებსაც ჩუქნის - ცოტა ხნის წინ მიშამ მეგობარს "ლამბორჯინი" უსახსოვრა. ყაზახი მილიონერის ვაჟი იქვე აანონსებს, რომ მალე კიევის ქუჩებში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი Bugatti Veyron Mansory-ი გამოჩნდება.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი