რატომ უხდის ქალებს ბოდიშს სანდრო კაკულია?

რატომ უხდის ქალებს ბოდიშს სანდრო კაკულია?

სანდრო კაკულია ფართო საზოგადოებამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო, სადაც სანდრექსას როლს ასრულებს. თუმცა, პროფესიით იურისტს სახელოვნებო წრეებში აქამდეც იცნობდნენ. 13 წლიდან პიესებს წერს და მისი ნაწარმოებები თეატრის სცენებზე ცოცხლდება. გაზაფხულისთვის მოთხრობების კრებულის გამოსაცემად ემზადება და ცდილობს მეტი წეროს, ეკრანზე კი ნაკლებად გამოჩნდეს.

სანდრო მეუღლე ნუცა აბაშიძესთან და 4 წლის შვილ ელენე კაკულიასთან ერთად ცხოვრობს. მას "ნიკორას" სამზარეულოში შევხვდით, სადაც უკვე ტრადიციად იქცა ცნობადი სახეების მოწვევა და მათ კულინარიული შესაძლებლობების გაცნობა. სანდრომ "სწრაფი პიცა ბაგეტით" მოამზადა და ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ნიკორას შემოთავაზებას სიამოვნებით დათანხმდა, რადგან მათი პროდუქციის მომხმარებელია და ფაქტობრივად, "ნიკორას სუპერმარკეტებში ცხოვრობს".

- სამზარეულოში ფუსფუსი დიდად არ მიყვარს. შეიძლება პატარა, ოთხკუთხედ სამზარეულოში ყოფნა არ მომწონს. დიდ, ღია სამზარეულოში, ალბათ სასიამოვნოა. ძალიან მიყვარს ჭამა და საჭმლის კეთება. კერძების მომზადება ჩემს ორივე ბებიას უყვარდა. 12-13 წლის ასაკში მივხვდი, რომ გულით და სულით, შინაგანად, ძალიან მაგარი მზარეული ვარ, ოღონდ ეს მზარეულობა გამოგონებებში გამოიხატება. ვერასდროს ვიმახსოვრებ რეცეპტს, ყველაფერი ჩემს იმპროვიზაციაზეა დამოკიდებული. მაქვს ჩემი გამოგონებული კერძები, მაგრამ იმის გამო, რომ ვერ ვიმახსოვრებ, მავიწყდება, პრაქტიკულად ჩემი კერძები ერთჯერადია.

- მეუღლეს თუ ეხმარებით სადილების მომზადებაში?

- ჩემი და მეუღლის ერთად ყოფნა სამზარეულოში ძალიან იშვიათი მოვლენაა. ზოგჯერ მეუღლე დასახმარებლად მეძახის. ასეთ შემთხვევაში შემიძლია გვერდში დავუდგე. მეუღლე შინაგანად მზარეული არ არის, ძალიან არ უყვარს კერძების კეთება. მაგრამ დრო გადის, ის მე მიყურებს, ჩვენ ბევრ კულინარიულ ფილმს ვუყურებთ და ნელ-ნელა ვატყობ, რომ ისიც ძალიან კარგი კულინარი ხდება. იმედი მაქვს გავა დრო, საბოლოო ჯამში ოჯახში ჩვენ ორივეს ძალიან მაგარი სამზარეულო გვექნება - დიდი დახლითა და ლამაზი ოთახით, სადაც ძალიან გემრიელ კერძებს გავაკეთებთ.

- ოჯახში ვინ არის მთავარი მზარეული?

- ოჯახში უფროსი მზარეული მე ვარ, მაგრამ ბავშვის კვება აბსოლუტურად ჩემს ცოლზეა დამოკიდებული. ესეც კარგი გამოცდილებაა, კიდევ კარგი, რომ ჩვენს შვილს კარგი კვება ჭირდება, რადგან ჩემი ცოლი ახლა ნელ-ნელა სწავლობს იმ კერძების გაკეთებას, რასაც არ ისწავლიდა არასდროს, რომ არა ბავშვი. ყოველ დღე, ნებისმიერ დროს შემიძლია ვჭამო მჭადი. ვყიდულობ კონსერვებს. მერე ერთმანეთში ვურევ. ყოველ დღე შემიძლია მივირთვა ბრინჯის და მოხალული ფქვილის ფაფა. დილით თაფლით, ჯემით, კარაქიანი პურით, ხაჭო და არაჟანით ვსაუზმობთ. სადილი ამოვარდნილი გვაქვს. ბავშვი - ბაღში, ჩვენ - გარეთ ვსადილობთ.

- ეთანხმებით თუ არა გამოთქმას, რომ "მამაკაცის გულისკენ გზა კუჭზე გადის"?

- ვეთანხმები, რომ ხშირ შემთხვევაში, ე.წ.-მა სიყვარულის გზამ შეიძლება კაცის კუჭზე გაიაროს. თან მერიდება ამის თქმა, რადგან ძალიან ძველ ქართულ კაცურად გამომდის. რეალურად ასეა. ხანხდახან არის, სამსახურიდან დაბრუნებულს ( როცა მთელი დღე ზიხარ და საშინელ ფასფუდის უბედურებებს ჭამ) გინდა, სახლში გემრიელი, ტაფაზე ან ქვაბში მომზადებული კერძი მიირთვა ან დაინახო ცოლი, რომელიც თბილად განათებულ სამზარეულოში დგას და რაღაცას გიკეთებს. ეს არის დამოკიდებულება და არა კულინარიული მოთხოვნილება. ჩემს შემთხვევაში ასეა. შეიძლება იმ წუთას გამიკეთოს ერბო კვერცხი და მაინც, სიყვარულის გზა გაივლის კუჭზე და ერბო კვერცხის ტაფაზე. ხანდახან არის მომენტები, როდესაც კაცს ძალიან ჭირდება კვება. მერიდება ყველა ქალის და ბოდიშს ვუხდი, ალბათ ისინი იტყვიან, თუ სიყვარულია, რა შუაშია კუჭი, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ეს რეალურ ცხოვრებაში სხვანაირად ხდება.

- ალკოჰოლთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

- ალკოჰოლთან მაქვს მეგობრული და არა ძმაკაცური დამოკიდებულება. არ მიყვარს ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება, რადგან მერე აღარ მომწონს მდგომარეობა, რომელშიც ვვარდები. ვცდილობ ბევრი არ დავლიო. იმის გამო, რომ ბევრის დალევა არ მინდა, ნაკლებად ვმეგობრობ ღვინოსთან, გაჭყიპვის პროცესი მეზარება. შეიძლება 100-200 გრამი კონიაკით, ვისკით, ან კოქტეილში გაზავებული არყით გავატარო მთელი საღამო.

- ცნობილია, რომ ტკბილეულის მოყვარული ბრძანდებით. თავად თუ გამოგიცხვიათ რაიმე?

- გამომიცხვია პური. სასუსნავების მანიაკი ვარ. ღამის ოთხ საათზე მეღვიძება და შაქრის მოთხოვნილება მაქვს. საშინელებაა, ვდგები, მაცივარს ვაღებ, შედედებული რძის ქილას დანას ჩავარჭობ და ვსვამ მთელ ქილა შედედებულ რძეს. ვერ ვიძინებ, თუ ღამით ფილმს არ ვუყურე. თან გვერდით შოკოლადები მაქვს. ვწევარ ლოგინში და ვჭამ. ჩემს ცოლს სძულს ეს პროცესი. ის ცოტა ადრე იძინებს და სულ პოლიეთილენის პარკის შრიალი ესმის. საშინელებაა, როცა გვერდრით ადამიანი გიწევს და სულ რაღაცას ცუცნაობ.

- ბავშვობიდან წერთ პიესებსა და მოთხრობებს. დიდი ხანია წიგნის გამოცემის სურვილი გაქვთ. როდის გამოვა თქვენი პირველი კრებული?

- მეშვიდე კლასში ვიყავი, როდესაც პირველი პიესა დავწერე. მთელი ცალხაზიანი რვეული გავავსე და დავწერე "ვეფხისტაყაოსნისა" და "ტრისტანი და იზოლდას" გაერთიანებული, გათანამედროვებული ვარიანტი. გამოვიდა რაღაც ორ მოქმედებიანი სიგიჟე. სკოლის შემდეგ დავამთავრე იურიდიული ფაკულტეტი. სტუდენტობის დროს რა თქმა უნდა ვწერდი. 16 წლის ასაკში პირველად დაიდგა ჩემი პიესა. მას მერე სულ ვწერ. მერე, სხვადასხვანაირი ცხოვრება დავიწყე. ვთანხმდებოდი აბსოლუტურად ყველა ახალ გამოწვევას და შემოთავაზებას. ისე მოხდა, რომ წინა პლაზე სულ ვჩანდი ახალი პოზიციებითა და სამსახურებით. ახლა პირველად, 30 წლის ასაკში, როგორც იქნა დავდექი იმ რელსებზე, რომელიც სინამდვილეში ძალიან ჩემია. ბევრი შემოთავაზებაა და ეს სამსახურები რაღაც წილად დაუკავშირდა წერას. ნელ-ნელა დავუბრუნდი იმ ყოფას, რომელიც ჩემთვის ყველაზე კომფორტულია - ტექსტთან მუშაობას. ახლა მე ვარ ძალიან ბედნიერი, რადგან ვწერ ბევრ პიესას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გაზაფხულზე გამოვა ჩემი მოთხრობების კრებული, მანამდე კი ალბათ იხილავთ ჩემს პიესას, რომელიც გაცოცხლდება თბილისის ერთ-ერთი თეატრის სცენაზე.

- ლეგენდარულ მსახიობ დოდო აბაშიძის ოჯახის სიძე ხართ. საგულისხმოა, რომ მათ ოჯახში მსახიობები არ არიან, თქვენ კი პროფესიით იურისტი ახლა უკვე ამ სფეროში მოღვაწეობთ.

- დოდო ჩემთვის იყო შორეული პერსონაჟი, ძალიან ცნობილი მსახიობი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დოდო ყოფილა საოცარი ადამიანი. მხოლოდ რამდენიმე ცხოვრებისეული ისტორიის მოსმენა აღმოჩნდა საკმარისი მივხვდარიყავი, რის გამო ეძახდნენ ამ კაცს გენიოსს. სრულებით არ ეძახდნენ მხოლოდ მსახიობობის გამო. ის გენიოსი იყო ურთიერთობებში. დოდოს ძალიან გავს ჩემი სიმამრი ზაზა და ასევე ამსგავსებენ ჩემი ცოლის პატარა ძმას. პატარა სანდროს იმედი გავქვს, შეიძლება მსახიობი გახდეს. რაც შეეხება ჩემს მსახიობობას, მე მგონია, რომ "ჩემი ცოლის დაქალები" ბოლო პროექტია ჩემს ცხოვრებაში. ძალიან შრომატევადი საქმეა და ახლა მივხვდი, რამდენად ძლიერები და ენერგიით სავსეები არიან არტისტები, რადგან ამდენი ხანი როლში ყოფნა უწევთ. ეს არის ურთულესი, მე (რომელმაც ეს არ ვიცოდი) ძალიან ვიღლები, თუმცა იმდენად საინტერესოა, ცოტა ადრე სხვა გადაწყვეტილება რომ მიმეღო, შეიძლება კიდევ ბევრ სხვა პროექტში გენახეთ, მაგრამ ახლა იმ ეტაპზე ვარ, ვცდილობ უფრო მეტი ვწერო, ვიდრე ეკრანზე ვჩანდე.

- ახლა სანდრექსაზე ვისაუბროთ. არის თუ არა მსგავსება თქვენსა და ამ პერსონაჟს შორის?

- უკვე რაღაც ნიშანი იყო, დაუგეგმავად აღმოჩნდა, რომ პერსონაჟს სანდრექსა ერქვა და მეც სანდრო მქვია. სანდრექსას ტიპაჟი პრაქტიკულად ასეთი იყო, მაგრამ მგონია, რომ რაღაცეები მეც შევძინე. "ბაბულიკების კამანდაში" ყოფნამ ჩემს მანევრებზე და ვერბალიზაციაზე დიდი გავლენა მაინც ვერ მოახდინა, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი, ძალიან არ "გავბაბულიკდი". იმის გამო, რომ მსახიობი არ ვარ და მიზანსცენების შესრულება არ ვიცი, რაღაცეებს ვერ ვასრულებდი. ძალიან დამეხმარა ჯგუფი. საბოლოო ჯამში, ტექსტებს და ცხოვრებას რომ თავი დავანებოთ, დიდი სხვაობა არ არის, რადგან მე მასეთი ვარ. მე არ ვიცოდი მსახიობობა, ვითამაშე ის, რაც ვიყავი. რაც შეეხება ისტორიებს, რის გამოც სანდრექსას ბევრი აკრიტიკებს. ზოგი საერთოდ ვერ აღიქვამს სხვაობას სანდრექსასა და ნამდვილ ჩემს ტიპს შორის, პირდაპირ მეჩხუბება იმ გოგოსთან შენ ... ქმარი ციხეში... შემოთვლები, რომ პატიმრის ცოლს თავი დაანებე და რაღაც სისულელეები, ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე და სანდრექსა რაღაცეებით ვგავართ ერთმანეთს.

- ჩვენი რუბრიკის ბოლოს, რესპოდენტები მკითხველებს რჩევას აძლევენ. თქვენ რას ურჩევდით მათ?

- მინდა განსაკუთრებით მამაკაცებს და ჩემი ასაკის ბიჭებს ვთხოვო, როდესაც თქვენს გვერდით საყვარელი ადამიანია - ცოლი, შეყვარებული, ვეცადოთ, რომ ჩვენი სიყვარულის გზამ მხოლოდ იმ ერთ სიყვარულის გზაზე გაიაროს და არ გადაუხვიოს კუჭისკენ ან სხვა გზებისკენ, რადგან სიყვარული იმსახურებს, რომ იაროს მხოლოდ სიყვარულის გზაზე.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი