პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო სეგმენტზე ფოკუსირდება და 10 000 ევრომდე მიკრო სესხების ბაზრიდან გადის

პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო სეგმენტზე ფოკუსირდება და 10 000 ევრომდე მიკრო სესხების ბაზრიდან გადის

27 იანვარს პროკრედიტ ბანკმა პრეს კონფერენცია გამართა, რომლის მთავარი თემა ახალი სტრატეგიის და გასული წლის შედეგების პრესის წარმომადგენლებისთვის გაცნობა იყო.

საბანკო სექტორში მოღვაწეობის 15 წლიანი გამოცდილების შედეგად, ბანკი სტრატეგიას ცვლის, რაც 10 000 ევრომდე მიკრო სესხების ბაზრიდან გამოსვლასა და შესაბამისი მიკრო პორტფელის გაყიდვას ითვალისწინებს. პროკრედიტი დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა აღნიშნული პორტფელის გაყიდვის პროცესს და მიუხედავად იმისა, რომ ბანკის მთლიან სასესხო პორტფელის მხოლოდ 5%-ის გასხვისება მოხდა მსურველ ბანკებს შორის საბოლოო არჩევანი თიბისი ბანკზე გაკეთდა.

პროკრედიტ ბანკმა და თიბისი ბანკმა ხელშეკრულებას ხელი 27 იანვარს მოაწერეს. კლიენტები, რომლებიც 10 000 ევრომდე სასესხო მომსახურებით სარგებლობდნენ პროკრედიტ ბანკში 15 თებერვლიდან სესხის დაფარვას თიბისი ბანკში გააგრძელებენ. აღნიშნული კლიენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება პროკრედიტ ბანკის მიერ ელექტრონული ფოსტის და სატელეფონო ზარებით განხორციელდება, აგრეთვე სატელეფონო მომსახურების ცენტრში კლიენტებს საშუალება ექნებათ 24/7 მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია.

ბანკებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ბანკსა და კლიენტს შორის არსებული კონტრაქტის პირობების შეცვლას, შესაბამისად კლიენტები იმავე პირობებით გააგრძელებენ სესხის დაფარვას.

პროკრედიტ ბანკის გენერალური დირექტორი ასმუს როტნე: "ბანკის ახალი სტრატეგიიდან გამომდინარე გადავედით განვითარების ახალ ეტაპზე და შედეგად მთელი რესურსები მიიმართება მცირე და საშუალო სექტორის მომსახურებაზე, მათთვის დახვეწილი და სრულყოფილი საბანკო სერვისების შეთავაზებაზე. ბანკი თვლის, რომ ეს სწორედ ის სეგმენტია, რომელიც ბიზნესის სწრაფად გაფართოებასთან ერთად ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს."

2014 წლის შემაჯამებელი ანგარიში

2014 წელს ბანკის დასახული კურსისა და სტრატეგიის შესაბამისად მოხდა ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ფილიალების ქსელის ოპტიმიზაცია და განახლება. ჩამოყალიბდა სამი მნიშვნელოვანი ბიზნეს ცენტრი, სამ სტრატეგიულ ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ბათუმისა და ქუთაისის ფილიალებს მიენიჭათ რეგიონალური სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ფილიალებში მომუშავე ბიზნეს მრჩეველები მოემსახურებიან არა მხოლოდ თავიან ქალაქებს, არამედ ახლომდებარე რეგიონებსაც და ბიზნეს მრჩევლები ადგილზე გაუწევენ კლიენტებს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას.

განსაკუთრებული ყურადღება 2014 წელს კლიენტებისთვის დახვეწილი, კომფორტული და მოსახერხებელი დისტანციური სერვისების შეთავაზებაზე გაკეთდა. მიმდინარე წელს განახლებული ყველა ფილიალი აღიჭურვა თვითმომსახურების ზონით, რაც ბანკის კლიენტებს საშუალებას აძლევს, კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში მიიღონ დისტანციური მომსახურების სრული სერვისი.

განხორციელებული ცვლილებები დადებითად აისახა 2014 წლის ფინანსურ მაჩვენებლებზე,

კლიენტთა მთლიანი სახსრები გაიზარდა 5%-ით და 592 მილიონი ლარი შეადგინა

მთლიანი საკრედიტო პორტფელი 7%-ით გაიზარდა და 760 მილიონი ლარი შეადგინა

2014 წლის წმინდა მოგებამ კი 24 მილიონი ლარი (13 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა, რაც 21%-ით აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს. ამონაგები საკუთარ კაპიტალზე (ROE) 16%-ია.

საერთო ჯამში, 2014 წელი "პროკრედიტ ბანკი საქართველო"–სთვის მორიგი წარმატებული წელიწადი იყო და იგი კვლავაც განაგრძობდა საიმედო და სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელი საბანკო მომსახურების გაწევას ფიზიკური პირებისა და მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის.

ბანკის 2015 წლის გეგმები

2015 წელს იგეგმება ბაზრის წილის ზრდა ბანკის ძირითადი საორიენტაციო სეგმენტის გათვალისწინებით. საკრედიტო პორტფელის ზრდასთან ერთად, იგეგმება ბანკის მოზიდული სახსრების ზრდა ბიზნეს სეგმენტში.

2015 წელი მნიშვნელოვანი იქნება იმითაც, რომ პროკრედიტ ბანკი მომხარებლებს ინოვაციურ საბანკო მომსახურებებს შესთავაზებს, რომელზე მუშაობაც უკვე აქტიურად მიმდინარეობს. გვსურს ჩვენმა კლიენტებმა უფრო მეტი დამოუკიდებლობა იგრძნონ საბანკო მომსახურების შესრულებისას და თავადაც შეძლონ გარკვეული ოპერაციების განხორციელება მათთვის ხელსაყრელ პირობებში, ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან.

თვითმომსახურების სივრცის გაფართოება და უფრო მეტი სერვისების ხელმისაწვდომობა 2015 წლის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს, რისთვისაც ბანკი ტექნოლოგიურ განვითარებაში ინვესტიციების განხორციელებას განაგრძობს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი