#ინებე ჯანსაღი დიეტა ადგილზე მიტანით - ინოვაციური ქართული კომპანია, რომელიც ჯანსაღ კერძებს ადგილზე მოგართმევთ

#ინებე ჯანსაღი დიეტა ადგილზე მიტანით - ინოვაციური ქართული კომპანია, რომელიც ჯანსაღ კერძებს ადგილზე მოგართმევთ

ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა თანაცხოვრების დაწყების შემდეგ აღმოაჩინა, რომ კულინარია, განსაკუთრებით, ჯანსაღი კვება ორივეს ძალიან აინტერესებდა და მალევე საკუთარი გატაცება ბიზნესად გადააქციეს. ასე შეიქმნა კომპანია inebe.ge, რომელიც მომხმარებლებს სურვილებისა და მოთხოვნებიდან გამომდინარე 7 დღიან დიეტურ ჯანსაღ მენიუს უდგენს და კერძები ადგილზე მიაქვს.

 

კომპანიის დამფუძნებლის მარიტა გენებაშვილის განმარტებით, მომხმარებელს ამ ეტაპზე ოთხ განსხვავებულ რეჟიმს სთავაზობენ.

- რატომ გადაწყვიტეთ, მომხმარებლისთვის 7-დღიანი დიეტური კვების ადგილზე მიტანის სერვისი შეგეთავაზებინათ?

- მსგავსი სერვისი საქართველოში არ არსებობდა. თუმცა საზღვარგარეთ უკვე წლებია ამ ტიპის მოდელი წარმატებით მუშაობს. ამიტომ ჩავთვალეთ, რომ შეიძლებოდა გაგვერისკა. ჩვენ გარშემო ბევრი ადამიანი იყო, ვისაც ჯანსაღად კვება სურდა, მაგრამ არ ქონდა ამისი დრო ან თუნდაც სურვილი, რომ ყოველი საღამო სამზარეულოში გაეტარებინა. აღნიშნულიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ დაკავებული ადამიანებისთვის ეს სერვისი ძალიან საინტერესო იქნებოდა.

- კონკრეტულად რა სახის დიეტას და საკვებს სთავაზობთ მომხმარებელს?

- მომხმარებელს ამ ეტაპზე ოთხ განსხვავებულ რეჟიმს ვთავაზობთ. ინტერესებიდან და გემოვნებიდან გამომდინარე შეუძლიათ საიტზე აირჩიონ შესაბამისი პაკეტი.

ექსპრეს დიეტა - ეს არის ჯანსაღი, დაბალანსებული კვების რეჟიმი, რომელიც ექიმ ნუტრიციოლოგთან ერთად შევიმუშავეთ. ყოველდღიურ რაციონში შედის მრავალფეროვანი ცილები, ბოსტნეული, ბურღულეული, ხილი და ა.შ. ანუ ყველა ის საჭირო ნუტრიენტი, რაც ადამიანს ჯანსაღი ცხოვრებისთვის ესაჭიროება.

ფიტნეს დიეტა - ეს არის ფიტნეს ინსტრუქტორებთან ერთად შედგენილი რაციონი, რომელიც გათვალისწინებულია ადამიანებისთვის, რომლებიც შედარებით აქტიურ ფიზიკურ ცხოვრებას ეწევიან და სტაბილურად ვარჯიშობენ.

დუკანის დიეტა - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ცილოვანი დიეტა. ჩვენ მათ ოფიციალურ წარმომადგენლობასთან ვთანამშრომლობთ, და ზედმიწევნით ვიცავთ ფრანგი ექიმის მიერ შემუშავებულ გაიდლაინებს.

პრემიერ დიეტა - ეს არის პალეო რეჟიმზე დაფუძნებული დიეტა, რომელიც პრემიერ სპასთან ერთად შევიმუშავეთ, და საუკეთესო შედეგებს იძლევა გასახდომ პროცედურებთან ერთად.

- ზოგადად, რა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ კვებას ადამიანისთვის?

- კვება ადამიანის ცხოვრების ხარისხზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ სხეულის ფორმირებისას 80% კვებაზე მოდის და მხოლოდ 20% - ფიზიკურ დატვირთვაზე. ჯანსაღი კვების შედეგადწესრიგდება ნივთიერებათა ცვლა, ყველა ორგანო იწყებს უკეთ ფუნქციონირებას და  ორგანიზმს ახალგაზრდობას უნარჩუნებს. გარდა ამისა, ჯანსაღი კვება დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე.

- რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ჯანსაღად იკვებონ?

- პირველ რიგში, ვურჩევდით, ეცადონ დღეში 4-ჯერ იკვებონ. მთავარი მიზეზი რატომაც ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, სწორედ ეს არის - ჩვენს მომხმარებელს  საათობრივად გაწერილ რაციონს ვუგზავნით და ისინიც "იძულებულები" არიან დაბალანსებულად დღეში 4-5-ჯერ მიირთვან საკვები. ჯანსაღი კვებისას უმჯობესია, შეამცირონ ცხიმიანი საკვების მიღება და, ასევე, შაქრის შემცველი საკვების მიღება.

- ქართულ ბაზარზე ინოვაციურ შეთავაზებას ქმნით და უკვე საკმაოდ პოპულარული კომპანიაც შექმენით. მონაწილეობთ "ბიზნესდაჯილდოება 2017-შიც". რამ განაპირობა ეს წარმატება და როგორ მოხდა თქვენი ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა?

- თავად ჩვენი არსეუბლი მომხმარებლები არიან ჩვენი პოპულარობის გასაღები, რადგან ისინი უზიარებენ კმაყოფილებას მეგობრებსა და ახლობლებს, გვიწევენ რეკომენდაციებს. რაც შეეხება ბიზნესდაჯილდოებას, მის შესახებ სოციალური მედიიდან შევიტყვეთ და ჩავთვალეთ, რომ ეს იქნებოდა დამატებითი პლატფორმა როგორც ინოვაციური სტარტაპისთვის, რომ მომხმარებელს გაეგო ჩვენსშესახებ. წლის ინოვაციური ბიზნესის ნომინაციაზე ვართ წარდგენილი. გამარჯვების შემთხვევაში, კიდევ უფრო ფართო აუდიტორიასთან გვექნება წვდომა, რაც დამწყები ბიზნესისთვის დიდი ფუფუნებაა.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები

- სექტემბრიდან ახალ პროექტს ვუშვებთ. "მოამზადე შენით" - ეს იქნება კიდევ ერთი ინოვაციური სერვისი, რომელიც მომხმარებელს შესთავაზებს კონკრეტული კერძის რეცეპტისა და ყველა საჭირო ინგრედიენტის ადგილზე მიტანის სერვისს. ამავდროულად მუდმივად ვაუმჯობესებთ დიეტურ პაკეტებს და ვცვლით კერძებს.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი