საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრებზე ვირტუალურ-საინფორმაციო აპლიკაცია "არეალი" შეიქმნა

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრებზე ვირტუალურ-საინფორმაციო აპლიკაცია "არეალი" შეიქმნა

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრებზე აპლიკაციის შექმნის ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა თანამშრომლობა დაიწყო ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტარტაპთან"არეალი".

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის 17 წლის სტუდენტების რეზი ფარულავას და მერაბ ლალიაშვილის მიერ შექმნილი აპლიკაცია მობილური ტელეფონის საშუალებით ხელოვნების ნიმუშებთან ვირტუალურ ინტეგრაციას ითვალისწინებს.

"გაფართოებულ რეალობასთან გვაქვს საქმე. აპლიკაცია მოიაზრებს ხელოვნების ექსპონატის გაცოცხლებას. ამაში იგულისხმება ის, რომ ნებისმიერი აუდიო, ტექსტური ჩანაწერი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იქნება დამთვალიერებლებისთვის, რაც მაქსიმალურად ინფორმირებულს გახდის მომხმარებელს", - განაცხადა რეზი ფარულავამ.

"აპლიკაციის შექმნის მთელი არსი მდგომარეობს იმაში, რომ გვინდოდა ინოვაციურად გადმოგვეცა, თუ რაზე არის ეს ნახატები. გვინდოდა უფრო სახალისო ყოფილიყო ნებისმიერი მნახველისთვის. ეს აპლიკაცია არის ძალიან მარტივი და ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია გამოიყენოს. აპლიკაციის შექმნას 1 თვე დასჭირდა", - განაცხადა მერაბ ლალიაშვილმა. "ბიზნესისა და ტექნოლოგიების სტუდენტებმა უნიკალური პროექტი შექმნეს, რომელიც გულისხმობს ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატების გაცოცხლებას. ნებისმიერ მსურველს, მობილური ტელეფონით, შეუძლია გაეცნოს ნახატების ისტორიას. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, როგორც შეიძლება ცოდნა, ტექნოლოგია და ხელოვნება თანამშრომლობდეს და ქმნიდეს მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებს", - განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა.

პროექტის შემდგომ ეტაპზე, აპლიკაცია ეროვნული მუზეუმის სხვადასხვა გამოფენაზე იქნება ხელმისაწვდომი. "ეს არის საშუალება იმისა, რომ მოვახდენოთ სინთეზი კლასიკური მიდგომის და თანამედროვე ტექნოლოგიების. ეს არის ხიდი წარსულზე, დღევანდელობასა და მომავალზე. ვულოცავ ყველას და პირველ რიგში იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც აპლიკაცია შექმნეს. დამთვალიერებელი მიიღებს ერთის მხრივ, ესთეტიურ სიამოვნებას და მეორეს მხრივ, ძალიან მნიშნელოვან ინფორმაციას", - განაცხადა ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ.

აპლიკაციის "არეალი" პრეზენტაცია დღეს საქართველოს ეროვნულ გალერეაში გაიმართა.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი