ყველაზე შთამბეჭდავი ელექტრომობილი - Tesla Model S

ყველაზე შთამბეჭდავი ელექტრომობილი - Tesla Model S

• Tesla ახერხებს იმას, რაც თვით Ferrari-საც კი არ შეუძლია

• ეკოლოგიური, პრესტიჟული და პოლიტკორექტული ელექტრომობილი

• Tesla Model S - მომავალი საზოგადოების ავტომობილი

საკმარისია, ელექტრომობილი ახსენო, რომ დიდს თუ პატარას მაშინვე Tesla ახსენდება. ვინც ქუჩაში უხმო, მდიდრულ მანქანას დაინახავს, ჩერდება და ფიქრობს - Tesla! ამ ყველაფერს, ასე სრულყოფილად თვით ყველაზე ხმაურიანი Ferrari-ც კი ვერ ახერხებს...

თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე ინოვაციურმა და წარმატებულმა ბიზნესმენმა, ილონ მასკმა და მისმა ფირმამ, Tesla Motors-მა, საავტომობილო მსოფლიო თავდაყირა დააყენეს და ამისათვის 10 წელიწადიც კი არ დასჭირდათ. ის, რაც მასკმა და კომპანიამ ამ მცირე დროში შექმნეს, რბილად რომ ვთქვათ, დაუჯერებელი ამბავია. თანაც, მათ ეს ყოველგვარი PR-ფოიერვერკების გარეშე მოახერხეს. რეკლამის გარეშე. პარიზის თუ ჟენევის ავტოშოუების გარეშე. სამაგიეროდ, პროდუქტით.

ის, რაც 2003 წელს, სილიკონ ველის ერთ პატარა ოფისში, ერთი ჭკვიანური სტარტაპით დაიწყო, დღეს უკვე უდიდესი ინდუსტრიაა. იმ დროს, როცა მიულერები (ფოლკსვაგენის კონცერნი), ცეტშეები (მერსედესი, დაიმლერი) და გერმანული ავტოინდუსტრიის სხვა ხელმძღვანელები უმძიმეს კრიზისში აღმოჩნდნენ, Tesla-ს CEO-მ, ილონ მასკმა ივლისის ბოლოს მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილი წარადგინა - მოდელი, რომელშიც ასიათასობით ადამიანმა წინასწარ გადაიხადა 1000 დოლარი ისე, რომ მანქანის ფოტოც კი არ ჰქონდა ნანახი. რომელ პროდუქტს შეუძლია ასეთი რამ? დღეს, კომპანია Tesla უკვე იმდენი ღირს, რამდენიც 109 წლის წინათ დაარსებული ამერიკული საავტომობილო გიგანტი General Motors - მინიმუმ ბირჟაზე.

2003 წელს, როცა კომპანია დაარსდა, Tesla-ს ხელმძღვანელები გვეუბნებოდნენ, რომ მათი მიზანი მასებისთვის ხელმისაწვდომი ელექტრომობილების შექმნა იყო. თუმცა, 2006 წელს წარმოდგენილი პირველი მოდელი Tesla Roadster ასეთი არ გამოვიდა, რადგან 100 000 ევროზე მეტი ღირდა. მიუხედავად ამისა, 2 250 ეგზემპლარი გაიყიდა, რადგან Lotus Elise-ს ბაზაზე შექმნილ ელექტრომობილს ერთი დამუხტვით 500-მდე კილომეტრის გავლა შეეძლო, რაც იმ დროისთვის ფანტასტიკური შედეგი გახლდათ. თანაც, Tesla-ს ელექტრომობილი 100 კმ/სთ-ს სულ რაღაც 3,7 წამში ავითარებდა. Tesla-ს წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო მისი ლითიუმ-იონური ელემენტები იყო, რომლებსაც სხვა შემთხვევაში ლეპტოპებში იყენებდნენ. სწორედ ამიტომ შეამცირა Tesla-მ ელექტრომობილის დამუხტვის დრო დაუჯერებელ 2 საათამდე.

მომდევნო ნაბიჯი იყო ბიზნეს-კლასის სედანი Model S, რომლითაც Tesla-მ 2012 წელს მასობრივობისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. ეს არის ელექტრომობილი ერთი დამუხტვით გარბენის საუკეთესო რესურსით - ეკოლოგიური, პრესტიჟული და პოლიტკორექტული ავტომობილი, რომლის მფლობელი ყველგან და ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცევა. რაც ყველაზე მთავარია, ერთი დამუხტვით Model S-ის რესურსი 250-დან 480 კილომეტრამდეა (გააჩნია ელემენტების ტევადობას).

Tesla-ს დაარსების დღიდან მხოლოდ პროგრესი აქვს - როგორც იმიჯის, ისე გაყიდვების თვალსაზრისით. მაღალი კლასის სედანის, Model S-ის გამოშვების შემდეგ კი, Tesla-მ გაყიდვები არნახულად გაზარდა. ნორვეგიაში Model S გაყიდვების რეიტინგში მეხუთე ადგილზეც კი იყო და, თანაც, არაერთხელ. ალბათ შენიშნავდით, რომ საუბარია ქვეყანაზე, რომელსაც საკუთარი ნავთობი აქვს.

სხვა არცერთი ავტომობილი არ გამოხატავს მობილურობის მომდევნო, მომავალ ეპოქას ისე, როგორც Tesla Model S. ეს არის მომავალი, ციფრული მაღალი საზოგადოების ავტომობილი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ელექტრულად დადის, ნამდვილი ბიზნეს-მონსტრია, რადგან დაუჯერებლად მძლავრიცაა. მიუხედავად ასეთი სიმძლავრისა, ამ მანქანას ვერცერთი თანამედროვე და პოლიტკორექტულობაზე გადარეული ადამიანი ვერ დაძრახავს, რადგან უხმაუროდ და გამონაბოლქვის გარეშე დადის. Tesla Model S ყველაზე შთამბეჭდავი ელექტრომობილია და მომავალი მისია.

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი