ხის მოდური სამკაულები სტარტაპ "ნიკოსგან" - ბავშვობის ჰობიდან ბიზნესამდე

ხის მოდური სამკაულები სტარტაპ "ნიკოსგან" - ბავშვობის ჰობიდან ბიზნესამდე

"ბავშვობიდან მიყვარდა ბუნება, ხეზე მუშაობა. მსიამოვნებდა სხვადასხვა ფიგურების, სათამაშოების, საყოფაცხოვრებო ნივთების კეთება. ორი წლის წინ კი ჩემი ხელნაკეთი ნივთები აღმოჩნდა საახალწლო გამოფენა-გაყიდვაზე, რასაც ხალხის საკმაოდ დიდი ინტერესი მოყვა და რამდენიმე ნივთი გაიყიდა კიდეც. შესაბამისად, სურვილი გამიჩნდა, ჰობი, რომლის კეთებაც მსიამოვნებდა და კარგად გამომდიოდა, გამხდარიყო ჩემი პროფესია და საქმეს უფრო სერიოზულად მივდგომოდი," - იხსენებს ნიკო ავალიშვილი, რომელმაც მოგვიანებით სტარტაპი "ნიკო" შექმნა.

საწყის ეტაპზე ნიკო ავალიშვილი საკუთარი სახლის აივანზე მუშაობდა. მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენა-გაყიდვებში და ცდილობდა, საკუთარი პროდუქცია მაღაზიებში შეეტანა გასაყიდად. საქმიანობის პროცესში მიხვდა, რომ უნდა შეექმნა რაღაც ახალი, უფრო საინტერესო და მოთხოვნადი.

ეს კი ხისგან დამზადებული თანამედროვე მოდური აქსესუარები იყო. ამჟამად სტარტაპერი ამზადებს სხვადასხვა სახის ბეჭდებს, სამაჯურებსა და თმის სარჭებს, რომლებიც კაკლის, ბზის, მაკაგონის, აკაციის, თუთისა თუ სხვა ფერადი ხის მასალისგან იქმნება. პროდუქტის გასაფორმებლად ხშირად იყენებს ვერცხლის, ქვის და ტყავის მასალას.

"მუშაობის დროს ვხვდები, რომ მარტივ გეომეტრიულ ფორმებში უამრავი ახალი იდეა იბადება. ეს პროცესი უსასრულო და საინტერესოა. მრავალფეროვანი ხის ფაქტურა ჩემს ნამუშევრებს ბუნებრივსა და უნიკალურს ხდის. ნივთებს ვუტოვებ ხის მთავარ ხიბლს და ვაძლევ ახალ-ახალ ფორმებს, რომელსაც ხშირად თვითონვე მკარნახობს," - განმარტავს ნიკო ავალიშვილი.

"ვაპირებ პროდუქციის გაუმჯობესებას და შეთავაზებების გამრავალფეროვნებას. სამომავლოდ მომხმარებელს შევთავაზებ საყურეს, ყელსაბამს და სხვა აქსესუარებს. დიდი სურვილი მაქვს, ტანსაცმლის დიზაინერებთან კოლაბორაცია ჩამოვაყალიბო და ერთობლივი კოლექცია შევქმნათ. ძალიან მომწონს ხის სათამაშოებზე მუშაობა. მომავალში ამ მიმართულებითაც მაქვს გეგმები.

მინდა, ბუნებრივი მასალისგან შექმნილმა ხელნაკეთმა სათამაშოებმა კონკურენცია გაუწიოს უცხოეთიდან შემოსულ უხარისხო პროდუქციას," - აღნიშნავს ნიკო ავალიშვილი. სტრატაპერი, ასევე, მუშაობს ხის ხელნაკეთი ნივთებისა და ტექნიკის ერთმანეთთან შეთავსების ორიგინალურ იდეებზე.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ნანა მღებრიშვილი

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი