სურამელი თაღლითი, რომელმაც ლიტვაში 100 000 მანეთი იშოვა (ნამდვილი ამბავი)

სურამელი თაღლითი, რომელმაც ლიტვაში 100 000 მანეთი იშოვა (ნამდვილი ამბავი)

სურამელი ულო მეოცე საუკუნის 40-იან წლებში დაიბადა. როგორც მისი თანამედროვეები ჰყვებიან პატარაობიდანვე ხელმრუდი იყო. გამორიცხული იყო ვინმესთვის რამე მოეპარა, მაგრამ მისთვის სასურველ ნივთს რაიმე თაღლითური გზით პატრონს საკუთარი ხელითვე აჩუქებინებდა ხოლმე. პირველად სკოლის დამთავრებისთანავე დაიჭირეს, თუმცა მალევე გამოუშვეს, რადგან არცთუ ისე მძიმე ბრალდება ჰქონდა.

ულომ მალევე დატოვა საქართველო და მაშინდელი საბჭოეთის უკიდეგანო მიწებს მიაშურა. სადაც ჩავიდა, ყველგან თავის კვალი დატოვა, ხშირად ბრუნდებოდა ხოლმე უკან და ყოველ ჩამოსვლაზე ახალ-ახალი "გამოგონებები" ჩამოჰქონდა.

ერთ-ერთი ჩამოსვლისა ე.წ. "სამი სათითით" თამაში ჩამოიტანა, რომელიც სურამშივე დანერგა და საკმაოდ დიდი ფულიც იშოვა, რადგან "სათითეები" მაშინ ახალი ხილი იყო. დღეს უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი თაღლითური თამაში, მაშინ სრულიად უცხო იყო და ადვილად ტყუვდებოდა ხალხი, როგორც ულო ამბობდა, ეს მისი მოგონილი თამაში იყო და ბალტიისპირეთში დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა. თავს ვერავინ დადებს, მართლა ულოს უნდა "ვუმადლოდეთ" თუ არა "სათითეებს", მაგრამ ფაქტია, საქართველოში სწორედ მან შემოიტანა.

ულო, როგორც წესი წვრილმანი აფერით ირჩენდა თავს, თუმცა იმას, რაც მან ლიტვაში გააკეთა, ნებისმიერი მსოფლიო დონის აფერისტი მოაწერდა ხელს.

ერთ დღეს ულომ გაიგო, რომ ერთ-ერთ ლიტველ საქმოსანს (თანამედროვე გაგებით ბიზნესმენს) ძალიან დიდი ფული ჰქონდა, რომლის გამოჩენასაც ერიდებოდა და მალავდა. ულომ ამ საქმოსნის მეზობელ კორპუსში ბუხრის მწმენდავად დაიწყო მუშაობა, თან პარალელურად ამ პიროვნების მარშრუტის შესწავლა დაიწყო. ლიტვაში მებუხრის შეხვედრა კარგის ნიშანია და ყველას უხარია. ერთხელაც ულო ვითომდა შემთხვევით, ბიზნესმენთან ერთად ტრამვაიში მოხვდა ( ეს ბიზნესმენი იმდენად ასაიდუმლოებდა საკუთარ ქონებას, რომ ტრამვაით მგზავრობდა და ერთ-ერთ ფაბრიკაში მუშად მუშაობდა) ეს განმეორდა მეორე დღესაც, მესამედაც და უკვე მეოთხე შეხვედრისას ერთმანეთს მიესალმნენ, ხოლო გარკვეული პერიოდის მერე მოიკითხეს კიდეც ერთურთი. დაახლოებით 2 თვე იყო გასული პირველი შეხვედრიდან. ულო და ბიზნესმენი ერთმანეთს ტრადიციულად ტრამვაიში შეხვდნენ, ბუხრიდან ახალი ჩამოსული, გამურული ულო ხელში ოქროს მონეტას ათამაშებდა. უცებ ბიზნესმენს მიაწოდა.

- შენ ნასწავლი კაცი ხარ და ერთი ნახე, ეს რა არისო - მონეტა ისტორიულ იშვიათობას წარმოადგენდა და მისი ფასი დაახლოებით 5000 მანეთი იყო, რაც ძალიან კარგად იცოდა საქმოსანმა და ბუნებრივია, ულომაც.

- კი მაგრამ ეს შენ საიდან გაქვს?

- რა ვიცი, ბუხარს რომ ვწმენდავდი ერთი ტომარა ვიპოვე, დაახლოებით 1000 ცალი კი იქნება შიგ. ალბათ ლენინს დაუმალეს - იხუმრა ულომ

- მართლა ერთი ტომარა გაქვს?

- კი. რა იყო, იყიდი?

- რამდენი გინდა ერთი ცალში?

- რადგან 1000 ცალია 1000 მანეთი მომეცი, თუ ბევრია ასი მანეთი იყოს.

- არა, არა იყოს 1000 მანეთი. ხვალვე, აქ მოიტანე ტომარა და მე ჩანთით მოგცემ ფულს.

ულომ მართლაც მიიტანა ტომარა, რომელსაც ზევიდან 10-15 ცალი მონეტა ედო (რომელიც ულომ "ნისიად" გამოართვა ებრაელ იუველირს) და სამაგიეროდ მიიღო კუთვნილი 100 000 მანეთი. ულო დარწმუნებული იყო, რომ საქმოსანი ვერ უჩივლებდა, რადგან თუ საქმეს აღძრავდა იმ მილიონების დაკარგვა მოუწევდა, რომელსაც სახელმწიფოს უმალავდა და რომც აღეძრათ საქმე, ულო ლიტვიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით იყო.

ამის მერე ულომ დამსახურებული დასვენება მოიწყო, როგორც ამბობენ, ის ფული ისე მალე დახარჯა, როგორც იშოვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ოდნავადაც არ უდარდია. ამ ამბიდან 5-6 წლის შემდეგ ულო ერთ-ერთი მორიგი თაღლითობისას ჩავარდა, დააპატიმრეს და ციმბირში უკრეს თავი, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

ლადო გოგოლაძე

როგორ გამოიყურება კერძო სახლი ბათუმში, რომელიც 10 მლნ ლარამდე ღირს - ნახეთ ფოტოები

5 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით "დაბნელებების დერეფანია" - რა უნდა ვიცოდეთ ამ ერთ თვესთან დაკავშირებით

ბადრი ვადაჭკორიას ულამაზესი ფოტოები დენდროლოგიური პარკიდან, რომელიც 15 ივლისიდან იხსნება