რას ყვება თურქეთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შესახებ გაზიანთეფში მცხოვრები ქართველი გოგონა

რას ყვება თურქეთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შესახებ გაზიანთეფში მცხოვრები ქართველი გოგონა

თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში 20 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობამ კი 100-ს მიაღწია. გაზიანთეფში მძლავრი აფეთქება ქორწილის მიმდინარეობისას მოხდა, როდესაც სტუმრები ქალაქის ქუჩებში გამოვიდნენ. ტერაქტი ადგილობრივი დროით 21:30 საათზე განხორციელდა.

AMBEBI.GE დაუკავშირდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გაზიანთეფში, აფეთქების ადგილიდან დაახლოებით ნახევარი საათის სავალზე ცხოვრობს. ლელა მამადაშვილი ნახევარი წელიწადია გაზიანთეფში ცხოვრობს და მუშაობს. ის ერთ-ერთი ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელია. გაზიანთეფი სირიის საზღვართან ახლოს მდებარეობს და როგორც ქართველი გოგონა ამბობს, ამ ქალაქში "მილიონამდე სირიელი ცხოვრობს".

"მშვიდად ვიყავით აქამდე, მაგრამ უკვე ძალიან დასტრესილები ვართ. ხალხმრავალ ადგილებში გასვლა ძალიან საშიშ გახდა და ვერიდებით. აქ კიდევ რამდენიმე ქართველი ცხოვრობს და მუშაობს, როგორც ვიცი ყველა კარგად გრძნობს თავს. ისეთ ადგილებში, სადაც ვიცით რომ უცხოელები იკრიბებიან, ვცდილობთ ნაკლებად წავიდეთ, მაგალითად სავაჭრო ცენტრებში. თუმცა, ქორწილში მომხდარი აფეთქება ნამდვილად ძალიან დიდი შოკი იყო.

ტრადიციული თურქული ქორწილი იყო, ქუჩაში ცეკვებითა და სიმღერით აღნიშნავდნენ. აქ ტრადიცია ასეთია, როცა პატარძალი სახლიდან გამოჰყავთ სტუმრები ქუჩაში იწყებენ ცეკვას, რაც ძალიან საინტერესო სანახაობაა. ჩვენც ხშირად დავსწრებივართ, რადგან საინტერესოა განსხვავებული კულტურის ნახვა. ამჯერადაც, გუშინ საღამოს, ჩემმა თანამშრომელმა დამირეკა, ისიც ქართველია, ტრადიციული ქორწილია ქუჩაში და წავიდეთ, ვნახოთო. დაღლილი ვიყავი და უარი ვუთხარი. დავიძინე და დაახლოებით ღამის 12-ის ნახევარზე დამირეკეს აფეთქება მოხდა და შენებს შეატყობინე საქართველოში, ალბათ ნერვიულობენო. მაშინვე დავურეკე იმ ბიჭს, ვინც მეპატიჟებოდა ტრადიციული ქორწილის სანახავად. კარგა ხანს არ მპასუხობდა და შევშინდი, რამდენიმე ზარის შემდეგ მიპასუხა და გავიგე რომ არც ის წასულა. ფაქტობრივად, გადავრჩით" - ამბობს თურქეთში მცხოვრები ქართველი გოგონა.

მისივე თქმით, აფეთქება პოლიციის შენობასთან მოხდა და თავდაპირველად არსებობდა ვარაუდი, რომ ის ქურთისტანის მუშათა პარტიამ განახორციელა:

"ჩემგან დაახლოებით ნახევარი საათის ფეხის სავალზეა ეს ადგილი. როგორც ვიცი, პოლიციის შენობასთან მოხდა აფეთქება. თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. თავდაპირველად ეჭვი გაჩნდა ქურთისტანის მუშათა პარტიაზე, რადგან ისინი სამთავრობო უწყებებთან აწყობენ აფეთქებებს, განსაკუთრებით ერჩიან პოლიციას და შინაგან ჯარს, თუმცა რადგან მშვიდობიან მოსახლეობას ნაკლებად ერჩიან, მათი პასუხისმგებლობა თითქმის გამოირიცხა. რადგან ძალიან დიდი მსხვერპლია, ვარაუდობენ, რომ "ისლამური სახელმწიფო" დგას აფეთქების უკან" - ამბობს თურქეთში მცხოვრები ქართველი გოგონა AMBEBI.GE-სთან საუბარში.

გაზიანთეფში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არც ერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტერაქტის ორგანიზებაში დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" დაადანაშაულა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს თავი შეიკავონ მასობრივი თავშეყრისა და ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოსა და საქართველოს გენერალურ საკონსულოებს ცხელი ხაზის ნომრებზე: +90 533 690 30 40 (ანკარა), +90 541 326 22 26 (ტრაპიზონი), +90 541 818 44 00 (სტამბოლი).

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50 - სამუშაო დღის განმავლობაში 09:00-დან 18:00 საათამდე, (+995) 577 98 40 20 - 18:00 საათის შემდეგ და დასვენების დღეებში 24 საათის განმავლობაში.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა